კლოპი: „მსგავსი ისტორია მხოლოდ ფეხბურთში თუ მოხდებოდა“

381

„ლივერპულის“ მწვრთნელმა თავისი გუნდის ბელგიელ თავდამსხმელზე ისაუბრა.

დივოკ ორიგიმ მერსისაიდულ კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ნამდვილად მგონია, რომ ამ სიტუაციაში ორივე მხარე გამარჯვებული დარჩა. ასეთი ისტორიები მხოლოდ ფეხბურთში თუ მოხდება. 2016 წელს დივოკმა სერიოზული ტრავმა მიიღო, არადა იმ მომენტში ცხოვრებაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა.

სამწუხარო სანახავი იყო ის, თუ როგორ აისახა ეს მის კარიერაზე, რადგან ის ძალიან იტანჯებოდა, ხოლო როდესაც დაბრუნდა, გუნდი უკვე დაფრინავდა. შესაბამისად, თანაგუნდელებთან შეწყობა ვერ შეძლო და თავდაჯერებაც დააკლდა.

გასული სეზონის სტარტზე ის წასვლაზე ფიქრობდა. ეს ყველაფერი კარგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამავდროულად მისი შთამბეჭდავი ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

ორიგი ზრდას აგრძელებდა და გარკვეულ მომენტში ვარჯიშზე ნათელი გახდა, რომ ის კვლავ მზადაა თავდასხმის ცენტრში სათამაშოდ. ის ამ როლს კარგად ერგებოდა და უმნიშვნელოვანესი გოლების გატანაში დაგვეხმარა. მისი კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურდა და კარგია, რომ ჩვენი სურვილები დაემთხვა. მესმის, რომ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია, მაგრამ მასზე უარი არასდროს გვითქვამს.“ – ციტირებს კლოპის სიტყვებს „ლივერპულის“ პრესსამსახური.

წყარო: goal.ge

SHARE