კობი ბრაიანტის LoveStory: როგორ იხსნა იგი ვანესამ ციხეში მოხვედრისგან

611

როდესაც კი საშუალება მიეცემოდა, კობი ბრაიანტი სამადლობელო სიტყვებს არ იშურებდა მეუღლის ვანესას მისამართით. ეს არც არის გასაკვირი, თუ ამ წყვილის ურთიერთობის ისტორიას წაიკითხავთ…

საკალათბურთო მოედნიდან მოცლილს და სიმღერის მუზით გამხნევებულ კობი ბრაიანტს მხოლოდ ღიღინი არ ჰყვარებია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა “შავი მამბა” მუსიკას წერდა, მათ ჩასაწერად კი შესაბამის სტუდიას აკითხავდა…

ერთხელ, ლოს ანჯელესის სტუდიაში სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მისულ კობი ბრაიანტს, ცნობილი რეპერის სნუპ დოგის კლიპის მასობრივი სცენებისთვის მოცეკვავე გოგონა ჩაუვარდა გულში. შავგვრემანი მომხიბვლელი გოგო საცეკვაო კომპოზიციაში წამყვან როლს არ ასრულებდა, მაგრამ ბრაიანტმა ის მაინც შენიშნა.

ეს გოგონა მექსიკური წარმოშობის ვანესა ლეინი გახლდათ. ოღონდ, ლეინი მისი ნამდვილი გვარი არ ყოფილა. ადრე მას კორნეხო უბრიტა ერქვა. მშობლების დაშორების შემდეგ, როცა მამამ ცოლ-შვილი მიატოვა და მექსიკაში გადავიდა, ვანესა დედასთან დარჩა და მისი ხელახლა გათხოვების შემდეგ, მამინაცვლის გვარზე გადავიდა.

საყურადღებოა, რომ ვანესას მამინაცვალს ამისი სურვილი არ ჰქონდა, მეტიც წინააღმდეგი იყო, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ დამწყებმა მოცეკვავემ ასე გადაწყვიტა…

ახალგაზრდების სტუდიური ნაცნობობა მაშინ შედგა, როცა კობი 21-ის, ვანესა კი 17 წლისა იყო. ბრაიანტი ერთხანს პერიმეტრზე ახლოს არ ეკარებოდა გოგოს. თავს ცდიდა. მაგრამ შემდეგ გააქტიურდა, სკოლაში თაიგულით მიაკითხა და შავი “მერსედესით” სასეირნოდაც წაიყვანა.

წყვილის ურთიერთობა შეყვარებულების დონეზე ორ წელიწადს გაგრძელდა. 2001 წლის 18 აპრილს მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. ვაჟის ოჯახი სარძლოს დანახვას არ აღუფრთოვანებია. მათი მოსაზრებით, ის ასაკით ძალზედ პატარა, თან არც აფროამერიკელი იყო. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია

შეყვარებულთათვის, ურთიერთობა ქორწინებით გაემყარებინათ. კობიმ და ვანესამ კალიფორნიაში, წმინდა ედუარდის კათოლიკურ ტაძარში დაიწერეს ჯვარი და უხმაურო, ნაკლებად პომპეზური საქორწინო ცერემონია გადაიხადეს.

სტუმრების რაოდენობა მხოლოდ 12 პერსონით შემოიფარგლა. ქორწილში არ ყოფილან კობის არც მშობლები, არც მეგობრები და არც თანაგუნდელები. ის კიდევ ორი წლის განმავლობაში მშობლებს არ ელაპარაკებოდა…

პარალელურად კი “შავ მამბას” საკალათბურთო კარიერის ბრწყინვალე დროება ედგა. “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა”, სადაც კობის დუეტი გიგანტ შაკილ ო”ნილთან მოწინააღმდეგეებს უმოწყალოდ აცამტვერებდა, ზედიზედ სამჯერ (2000, 2001, 2002) მოიპოვა NBA-ის ტიტული.

2003 წელს “ლეიკერსი” ჩემპიონი ვეღარ გახდა, სამაგიეროდ, ბრაიანტი გახდა… მამა. პირველი შვილის, ნატალიას დაბადებამ არა მხოლოდ მშობლები გაახარა. შვილიშვილის შეძენამ კალათბურთელის მშობლებთანაც ამოწურა კონფლიქტი. “ლეიკერსის” ვარსკვლავმა მამობის ბედნიერება მეორედ სამი წლის შემდეგ განიცადა, როცა სამყაროს ჟანა-მარია მოევლინა…

იმავე წელს კობის ტრავმა გაუმიზეზდა და საავადმყოფოს მიაკითხა. ოპერაციის შემდეგ კი სარეაბილიტაციოდ კოლორადოს ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდა. სწორედ აქ შეემთხვა ინციდენტი, რომელმაც მალევე გადაფარა არა მხოლოდ მისი პოსტტრავმული პერიოდი, არამედ მთლიანად სპორტული კარიერა.

თუმცა “ინციდენტი” მომხდარს მოგვიანებით ეწოდა, მაშინ კი ამ ყველაფერს “სასტუმროს მოახლესთან სექსი” ერქვა. კობის ოთახის დასალაგებლად (როგორც დაზარალებული ჰყვება) შესული სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონი, ვინმე ქეთლინ ფეიბერი და NBA-ის ვარსკვლავი “უნებლიედ” საწოლში აღმოჩნდნენ…

მოგვიანებით ფეიბერი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ბრაიანტმა ის გააუპატიურა. თავის მხრივ, კობი არ უარყოფდა ამ ქალთან კავშირს, მაგრამ მასსა და ქეთლინს შორის მომხდარს ორივე მხარის შეთანმხებას უწოდებდა.

“ჩემ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში მე უდანაშაულო ვარ. ამ გოგონას თავს არ დავსხმივარ. დიახ, დავუშვი შეცდომა, როცა მასთან მქონდა ურთიერთობა,  მაგრამ ეს ჩვენ ორს შორის შეთანხმებით მოხდა. ასეთ შემთხვევაში კი მხოლოდ ჩემი ცოლისა და ღმერთის წინაშე ვარ დამნაშავე. იმედია, ვანესა მაპატიებს ჩადენილს”, – თქვა კობიმ.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა მოკრივე მაიკ ტაისონის ცნობილ სკანდალურ ისტორიას, როდესაც დეზირე ვაშინგტონმა მას გაუპატიურება დააბრალა. კობის სასამართლო პროცესისას, ლეგენდარული მოკრივე კალათბურთელს სრულად უჭერდა მხარს.

“მე გამოვლილი მაქვს ეს და ვიცი, ამჟამად რა მდგომარეობაშიცაა ბრაიანტი. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამერიკის გმირად ყოფნა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში, სასამართლოს შედეგად, ფაქტობრივად უმიზეზოდ, არარაობად გადაიქცევა ხოლმე”, – ამბობდა ტაისონი

საბედნიეროდ, ამჯერად, სპორტსმენი საპყრობილეში არ ჩაუსვამთ. კობის დიდად დაეხმარა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც მან და ვანესამ გამართეს. ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ მას მეუღლის სჯერა და ბრაიანტი უდანაშაულოა.

2004 წელს, კობის მოუხსნეს ბრალდება. თუმცა კალათბურთელმა სასტუმროს მოსამსახურეს კომპენსაციის სახით 5 მილიონი დოლარი გადაუხადა…

მორალური კომპენსაციის მიზნით კი კობიმ ცოლიც დაასაჩუქრა 5 მილიონი დოლარისავე ღირებულების ბრილიანტისთვლიანი ბეჭდით, რასაც “ლამბორგინის” ბოლო მოდელის ავტომობილიც დაუმატა.

წყარო: lelo.ge

SHARE