კოლოსალური შერმადინი – მესამედ ტურის MVP!

475

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დაასახელეს. ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ტურის MVP შერმადინი უკვე მე-3-ედ გახდა, სულ კი, გასული 14 ტურიდან 4-ში საუკეთესოები ქართველები იყვნენ. პირველივე ტურის საუკეთესოდ თორნიკე შენგელია დასახელდა.გასული, მე-14 ტური გამორჩეული იყო შერმადინისთვის. მან პირადი რეკორდები დაამყარა როგორც მოგროვებულ ქულებში, ასევე მარგი ქმედების კოეფიციენტში. 2016 წელს ანდორაში თამაშისას მოგროვებული 29 ქულა შერმადინმა გასულ ტურში გრან კანარიასთან 100:79 მოგებულ მატჩში გადაფარა. ქართველმა ცენტრმა 32 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის ინდექსი 42-ამდე აიყვანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ შერმადინმა ტრადიციულად აკურატულად ისროლა.

გიორგიმ 12-დან 9 ორქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა და 11 გამომუშავებული ფოლიც ჰქონდა. შერმადინი პირველი კალათბურთელია, ვინც ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო კალათბურთელად მესამედ დაასახელეს და დიდი შანსია, თვის MVP-ს ტიტულიც ერგოს, რადგანაც 2 აღიარება სწორედ დეკემბერში ჩატარებულ მე-12 და მე-14 ტურებში ერგო.

ესპანური ლიგის Twitter-ზე გამოაქვეყნეს “გრან კანარიასთან” გიორგის თამაშის საუკეთესო მომენტების კრებული და მიაწერეს: კოლოსალური შერმადინი – მესამედ ტურის MVP!

წყარო: lelo.ge

SHARE