კრეტინი მესი, დაუბანელი ინგლისელი ქალები და იდიოტი კავანის მყიდველი

549

იტალიაში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ისევე როგორც კინო და კინოინდუსტრიაში მოღვაწე მდიდარი ადამიანები არცთუ იშვიათად ცდილობენ საფეხბურთო კლუბის მეპატრონეები გახდნენ. ამით ისინი კინოსთან ერთად იტალიელების გულებთან მისასვლელ მეორე გზასაც ჯიქურ უეტევენ. ნუმერაცია აქ პირობითია, რადგან აპენინელებისთვის ფეხბურთი და კინო ერთანაირად საყვარელია. იტალიაში ფეხბურთი ხისტია, როგორც პიერ პაოლო პაზოლინი; შეუპოვარი, როგორც ლინო ვენტურა; მომხიბვლელი, როგორც მონიკა ბელუჩი; დაუფარავი, როგორ ტინტო ბრასი და სიღრმისეული, როგორც ფედერიკო ფელინი…

საფეხბურთო და კინოინდუსტრიას ხშირად არაორდინალური იტალიელი მამაკაცები მართავენ.
ბევრი იტალიურ კლუბის შეფი და კიდევ მეტი პროდიუსერია თავქარიანი. ისინი არიან და თან ცდილობენ კიდევ უფრო მეტად იყვნენ ასეთები.
მათ ხიბლავთ თავისი იმიჯი და რაც მთავარია ხალხს ხიბლავს ეს.

აურელიო დე ლაურენტისი რომაელია. იმ ქალაქში დაიბადა, სადაც ყველა გზა მიდის, თუმცა მისი გზა 15 წლის წინ ნეაპოლისკენ წავიდა.
იმ ხანად გუნდს, სადაც ერთ დროს ფეხბურთის მეფე აგორებდა ბურთს, მხოლოდ კონტინენტის საფეხბურთო გრანდებს შორის კი არა, საკუთარი ქვეყნის წამყვან გუნდებს შორისაც აღარ ეკავა ადგილი. მეტიც, 2004 წლის 30 ივლისს, სერია ბ-ს ბინადარი ,,ნაპოლი” გაკოტრებულად გამოცხადდა.

ყველაფერი კოლორიტული ნეაპოლური კლუბის გაქრობისკენ მიდიოდა. კლუბს ქონება არც გააჩნდა საკუთრებაში. შესაბამისად, როდესაც იმავე წლის 6 სექტემბერს ლაურენტისმა შეიძინა ,,ნაპოლი”, მის ხელში გადმოვიდა უბრალოდ ფასდაკარგული ბრენდი და საკლუბო მუზეუმი. გუნდში ფეხბურთელებიც კი არ ჰყავდათ, რადგან გაკოტრებისთანავე თავისუფალ აგენტებად იქცნენ და ფრინველებივით აქეთ-იქით გაიფანტენენ, თავს უშველეს.

მისვლისთანავე აურელიო ნეაპოლელებს სერია ა-ში დაბრუნებას შეჰპირდა.
კლუბის გულშემატკივრთა აზრი ორად გაიყო. ლაურენტისის მოსვლას იმედით შეხვდნენ ისინი, რომლებსაც აურელიო ბერლუსკონის აგონებდათ, რადგან ორივე მილიარდერები არიან და სილვიოც ხომ კინოსა და ტელევიზიაში დაგროვილი ფულით გახდა მდიდარი. მაგრამ იყვნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ლაურენტისს ცოტა ხანს სჭირდება ფეხბურთში ყოფნა, მხოლოდ და მხოლოდ მეტი პოპულარობისთვის და ნაპოლი მისი მოკლეხნიანი გასართობი იქნებოდა. დრომ აჩვენა, რომ ამ უკანასკნელებმა სკეპტიკური დასკვნების გამოტანა იჩქარეს.

ახალმა მეპატრონემ ქომაგთა გულის მოგების მისაღები და მიუღებელი ხერხებიც კარგად იცოდა. მან განაცხადა, რომ ვიდრე ქვედა ლიგაში არიან არ შებღალავდა sositea sportiva calcio Napoli  –ს წარმატებულ, პოპულარულ სახელწოდებას და კლუბის სახელს დროებით Napoli Soccer –ად გადაუკეთებდა, ვიდრე სერია ა-ში დაბრუნდებოდნენ. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი გუნდის უამრავი ერთგული ქომაგისთვის უაღესად სასიამოვნო გამოდგა, ისინი უკვე ლეგენდებს ქმნიდნენ აურელიოს სიყვარულზე ნეაპოლისა და ,,ნაპოლისადმი”, თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ ლაურენტისი უბრალოდ ვალდებული გახლდათ იტალიის კანონმდებლობის თანახმადეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან გაკოტრებული ქონების ახალ მფლობელს ვალების სრულად გასტუმრებამდე არ აქვს უფლება ძველი სახელწოდება გამოიყენოს.

დე ლაურენტისი არც თავისი ფინანსური შესაძლებლობების უანგარიშოდ ჩაყრას აპირებდა გაკოტრებულ კლუბში. მას გადაწყვეტილი ჰქნოდა მხოლოდ კლუბის ინვესტირება, ხოლო ფეხზე დადგომას და მაღალი სპორტული მიღწევების ჩვენებას დაბალანსებული და უდეფიციტო ბიუჯეტით აპირებდა.

,,ნაპოლი” სერია С-დან ერთი ლიგით ზემოთ პირველი წელიწადს არა, მაგრამ 2006 წელს აღზევდა. კიდევ ერთ საფეხბურთო სეზონში კლუბი სერია ა-ში დაბრუნდა. ლაურენტისმა ,,ნაპოლი” – ნეაპოლიდან 35 კმ-ის მოშორებით ახალ ბაზაზე გადაიყვანა, გაისტუმრა ყველა ვალი და დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება SSC Napoli.

აურელიოს სამუშაო პრინციპია არ დახარჯო იმაზე მეტი, რასაც გამოიმუშავებ. უაღრესად რთული კონკურენციის პირობებში მან შეძლო ,,ნაპოლი” ხელახლა ექცია იტალიაში ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად და მეტიც, ისევ დაებრუნებინა იგი საუკეთესო აპენინურ კლუბებს შორის.

მისი გუნდი უკანასკნელ 7 წელიწადში 4 გახდა სერია A-ს ვიცე-ჩემპიონი. ჩემპიონი კი რვა წელიწადია იუვენტუსი არ თმობს. მე ვამაყობ ჩემი კლუბით! მომეცით კიდევ 150 მილიონი ევრო, რომელიც ,,იუვენტუსს” აქვს და ,,ნაპოლი” გახდება სკუდეტოს მფლობელი ზედიზედ 10 წლის განმავლობაში – იქადნება აურელიო. ბებერი ქალბატონის მიმართ გაღიზიანებას ის არასოდეს მალავს. იუვენტუსი ძლიერი გუნდია, მაგრამ როდესაც ტურინელებს მსაჯები ეხმარებიან – ისინი დაუმარცხებელნი ხდებიან – თქვა მან.

,,იუვენტუსის”, ანუ ,,ბებერი ქალბატონის” გარდა ჩანს მას ინგლისელი ქალბატონებიც არ ხიბლავს. ძალიან ღიზიანდება, როდესაც იგებს მისი ფეხბურთელების სამომავლო კარიერის ,,ნისლიან ალბიონზე” გაგრძელების შესახებ. რადგან მათ ნამდვილად უნდათ ინგლისში გადასვლა, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ ინგლისში ცუდად ცხოვრობენ, საშინლად იკვებებიან, ქალები არ იბანენ ინტიმურ ადგილებს. ბიდე მათთვის საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა – ასე დაულოცა გზა ერთხელ ინგლისისკენ გეზაღებულ თავის ფეხბურთელებს ჩვენი წერილის გმირმა.

თუმცა აურელიო მხოლოდ იმათ მიმართაც არაა ცუდად განწყობილი, რომლებიც ინგლისში აპირებენ კარიერის გაგრძელებას. მას ზოგადად თავისი ფეხბურთელების ხელიდან გაცლა აღიზიანებს და მერე მზადაა მრავალფეროვანი შეურაცხმყოფელი ტექსტებით გამოვიდეს. ნამდვილად არ მინდოდა კავანის გაყიდვა და ფასი 70 მილიონამდე მხოლოდ იმიტომ ავწიე, რომ მაინტერესებდა, თუ გამოჩნდებოდა იდიოტი, რომელიც ედინსონში ამ თანხას გადაიხდიდა – თქვა მან პსჟ-ში კავანის წასვლის შემდეგ.

აურელიო მხოლოდ თავისი ფეხბურთელების მისმართით არ ისვრის მარგალიტებს. 2015 წელს კოპა ამერიკაზე წასულ ლეო მესის მან კრეტინი უწოდა. მესი კრეტინია! რატომ დათანხმდა კოპა ამერიკაზე მიწვევას? მის ადგილზე არგენტინაში შევუთვლიდი, რომ არ ჩავალ იდიოტებთან, რომლებმაც არ იციან ჩემთან გუნდური თამაში – დააწია შეფასება ლათინურ ამერიაკში მიმავალ ლეოს ლაურენტისმა.

თუმცა ამ ყველაფერს ფეხბურთის ნეაპოლელი გულშემატკივარი მხოლოდ ხალისით ადევნებს თვალს. მათთვის მთავარი ცხადია ისაა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის დამსახურებით ,,ნაპოლი” უკვე ხშირად იბრძვის სკუდეტოს მოსაპოვებად, წარმატებით ასპარეზობს ევროპის თასებზე, პერიოდულად ახერხებს სხვადასხვა ტიტულების მოგებას და უკანასკნელი რამდენიმე წელიწადია ევროპის ყველაზე შემოსავლიანი კლუბების საუკეთესო ოცეულიდანაც ფეხს არ იცვლის. თავის მხრივ ლაურენტისს ეამაყება, რომ ფლობს რომში კინოთეატრების ქსელს, კინოკომპანიას ,,ფილმაურო” და ფლობს ლეგენდარულ ,,ნაპოლის”!

აურელიო ბიზნესის ერთი ჩვეულებრივი ვეშაპია, ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელი პლუსებით და მინუსებით, ისაა მკაცრი ხელმძღვანელი, დაუნდობელი კადრების მიმართ, ამასთან მეტისმეტად მწარე ენით და მიდრეკილებებით სკანდალებისადმი.

წყარო: lelo.ge

SHARE