ლევან მაისაშვილი: შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით…

718

“ბორჯღალოსნებმა” 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, პარიზში “სტად ჟან ბუენზე” პორტუგალია 39:24 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეთორმეტედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 7 ლელო გაუტანა, თავად 3 გაუშვა და ბონუსქულაც ჩაიწერა. მიუხედავად საბოლოო შედეგისა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წელს დაბრუნებულმა პორტუგალიამ ჩვენს გუნდს მედგარი ბრძოლა გაუმართა და 62-ე წუთამდე 3-ჯერ მოახერხა დაწინაურება, თუმცა დასკვნით წუთებში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

ნამატჩევს ბორჯღალოსანთა თავკაცმა ლევან მაისაშვილმა გამარჯვება ასე შეაფასა: “პორტუგალია არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი მებრძოლები არიან, გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით.

მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს და კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, რაც ანგარიშშიც აისახა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა”.

წყარო: lelo.ge

SHARE