(ფოტოები) ლევან მჭედლიძემ თბილისის დინამოსთან კონტრაქტი გააფორმა

339

თბილისის “დინამომ” ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით ეროვნული გუნდის ფორვარდი ლევან მჭედლიძე დაიცავს. ხელშეკრულება 1+1 სისტემით დაიდო.

2008 წლიდან ის იტალიური “ემპოლის” ფეხბურთელი იყო. 2008-10 წლებში “პალერმოში” გახლდათ განათხოვრებული, “ემპოლი” კი ამ ზაფხულს დატოვა და “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მეტსაც შეძლებდა, რომ არა გამუდმებული ტრავმები.

ბოლო დროს “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას ბევრს საყვედურობდნენ იმის თაობაზე, რომ გუნდი ხმაურიან ტრანსფერებს ვერ აკეთებდა, პირიქით, წამყვან ფეხბურთელებს ელეოდა. ეს ტრანსფერი “დინამოს” განვითარების ახალ ეტაპად უნდა მივიჩნიოთ.

იტალიაში თამაშის დროს 29 წლის მჭედლიძემ დიდი გამოცდილება დააგროვა. ჩვენი პირველობისათვის დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელის გამოჩენა, რომელსაც თავის დროზე “იუვენტუსისთვისაც” გაუტანია გოლი.

თავის მხრივ, სტაბილურად თამაში ჭირდება მჭედლიძესაც. მას სჭირდება ისეთი კლუბი, სადაც ნდობას მიიღებს და ეს კლუბი იქნება თბილისის “დინამო”. ვფიქრობთ, მჭედლიძე ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია, სტადიონზე მიიყვანოს მაყურებელი. დანარჩენს ერთად ვნახავთ…

წყარო: lelo.ge

SHARE