ლოთარ მათეუსი: ამ სიტყვების გაზეთში დაბეჭდვა არ შეიძლება!.. დღევანდელ ფეხბურთს უნდა შევეგუოთ

348

გერმანულ პრესაში ლეგენდარული ლოთარ მათეუსის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ის თავისი კარიერის საინტერესო მომენტებს იხსენებს…

– თქვენს კარიერაში დიდი გამარჯვებები მრავლად იყო. მთავარ იმედგაცრუებად კი, ალბათ, 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა მივიჩნიოთ, სადაც „ბავარიამ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წააგო. გაგვიმხილეთ საიდუმლო, რომელიც ინგლისელთა ორ გოლამდე თქვენს შეცვლას უკავშირდება. მწვრთნელის მითითებით შეგცვალეს თუ თქვენივე თხოვნით?

– სადღაც 78-ე წუთზე საშინელი დაღლა ვიგრძენი. საქმე ისაა, რომ ტაქტიკური სქემა შევცვალეთ – მე მოედნის ცენტრში მომიწია გადასვლამ, სადაც ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯე. საბოლოოდ, მწვრთნელს ვანიშნე, რომ ძალა აღარ მქონდა და მე-80 წუთზე შემცვალეს კიდეც.

– რაზე ფიქრობდით მაშინ, როცა „მანჩესტერმა“ ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი წინ გავიდა?

– ეს იყო სრული სიცარიელე! ის, რაც მინდორზე ხდებოდა, ახსნას არ ექვემდებარებოდა.

– იმ ორ გოლს რაიმე კომენტარსაც მოაყოლებდით…

– დიახ.

– იქნებ გაგვიმეოროთ?

– ეს ის სიტყვებია, რომელთა დაბეჭდვაც გაზეთებში არ შეიძლება. სპორტულ პრესას ხომ ბავშვები და ქალებიც კითხულობენ (იცინის).

– გერმანიის ნაკრებზე გადავიდეთ. ალბათ, გსმენიათ გარი ლინეკერის ცნობილი ფრაზა: „ფეხბურთი მარტივი თამაშია. მას 11/11-ზე თამაშობენ, გამარჯვებული კი ყოველთვის გერმანიაა“. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ?

– ის კარგი დრო წარსულს ჩაბარდა… თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, კარგი შედეგს – თუნდაც არც ისე ძლიერი ფეხბურთელებით, გერმანიის ნაკრები განსაკუთრებული განწყობის ხარჯზე აღწევს.

– თქვენ ნაკრებში 20 წელი თამაშობდით. რაშია ასეთი გრძელი და თან წარმატებული კარიერის საიდუმლო? განსაკუთრებული რეჟიმი, ვარჯიშების მეთოდიკა თუ ფიტნეს-პროგრამები?

– უფრო დისციპლინა, პატივმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენა.

– თქვენი ბოლო დიდი ტურნირი 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც გერმანიის ნაკრები სუსტად გამოვიდა. არ ნანობთ იმ ჩემპიონატზე გამგზავრებას? ხომ არ ჯობდა კარიერის უფრო ადრე, მაჟორულ ნოტაზე დასრულება?

– ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთისთვის თავი იმ ჩემპიონატამდე 10 წლით ადრე უნდა დამენებებინა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემს კარიერაში არ იქნებოდა მონაწილეობა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბუნდესლიგის ოთხი ტიტული, უეფას ორი თასი… ანუ, მთელი ათი წელი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, კარიერის გამარჯვებით დასრულება შესანიშნავია. მაგრამ რაიმეს წინასწარ დაგეგმვა უაზრობაა.

– მზად იყავით თუ არა, ნაკრებში ჰონორარის გარეშე გეთამაშათ?

– საერთოდ, ფეხბურთს ფულის გამო არ ვთამაშობდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარიერაში მინიმუმ ათ კლუბს გამოვიცვლიდი. ყოველთვის ერთ აზრზე ვიყავი: „მიაღწიე მაქსიმალურ შედეგს, დანარჩენი თავისთავად მოგვარდება“. სამწუხაროდ, დღეს ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელი არ მისდევს ამ პრინციპს. „ბაიერნთან“ და „ინტერთან“ კონტრაქტები ყოველგვარი აგენტების გარეშე გავაფორმე და მოლაპარაკებები სულ რაღაც 5 წუთს გრძელდებოდა.

დღეს კი, როცა კლუბი 19 წლის ბიჭთან აპირებს კონტრაქტის გაფორმებას, ჯერ არ შემდგარ მოთამაშეს მთელი დელეგაცია ახლავს თან – ადვოკატი, ათამდე დამხმარე, ხუთი მენეჯერი და მშობლები. თანაც, ის ითხოვს, რომ კონტრაქტში გათვალისწინებული იყოს კბილის პასტის შესაძენი თანხაც.

შეიძლება საკითხის უტრირებას ვახდენ, მაგრამ საერთო ჯამში, სწორედ ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მახსოვს, კონტრაქტი „ზალცბურგთან“ ტელეფონით 30 წამში დავდე.

– როცა ამერიკაში თამაშს დათანხმდით, მოგვიანებით კი ერთ-ერთი ბრაზილიური კლუბი ჩაიბარეთ, მაშინაც ასე ცოტა ხანი იფიქრეთ?

– თქვენ არასწორად გამიგეთ: ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ, როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებდი, თავად მოლაპარაკებების პროცესი ძალიან ხანმოკლე იყო. სხვათა შორის, ბრაზილიაში მუშაობას რაც შეეხება, ეს მეტად საინტერესო გამოცდილება იყო.

– აღმოსავლეთ ევროპაში დიდხანს მოგიწიათ მუშაობამ. რა უნდა შეცვალონ იქაურმა ფეხბურთელებმა, რათა დასავლელი კოლეგების მსგავს წარმატებებს მიაღწიონ?

– უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ძალების უნდა ირწმუნონ. და არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით. სერბეთში ამბობენ: „შენ შეგიძლია კმაყოფილი იყო, თუ ჯიბე სავსე გაქვს“. გერმანიაში კი, ჩვეულებრივ, სურთ არა ერთი, არამედ ყველა ჯიბე ჰქონდეთ სავსე.

– თქვენ ასე თუ ისე ახლო ურთიერთობა გაქვთ დიეგო მარადონასთან. ის თქვენს გამოსათხოვარ მატჩსაც ესწრებოდა. აგრძელებთ თუ არა მასთან ურთიერთობას და საერთოდ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ უდიადეს და ამასთან ერთად, წინააღმდეგობრივ ფეხბურთელთან?

– მარადონა ჩვენი დროის უდიდესი ფეხბურთელი იყო! სხვადასხვა ღონისძიებაზე გვაქვს ხოლმე ურთიერთობა. ბოლოს, რიოს კარნავალზე შევხვდით ერთმანეთს.

– რა აზრის ხართ მის მიერ ხელით გატანილ გოლზე ინგლისელთა კარში?

– დღეს, ეს ფეხბურთის ისტორიის ნაწილია.

– თქვენ რომ ასეთი გოლი გაგეტანათ, აღიარებდით, რომ ხელით ითამაშეთ?

– ვერ ვაღიარებდი – ფეხბურთელებს, როგორც წესი, არ გვეკითხებიან ხოლმე (იცინის).

– არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ყველა დიდი ფეხბურთელი ვერ ყალიბდება მაღალი დონის მწვრთნელად, რადგან ვერ ერევა საკუთარ თავში მოთამაშის ფსიქოლოგიას. თქვენ რამდენად მოახერხეთ ეს?

– ასეთი პრობლემა მართლაც არსებობს და მე თანდათანობით ვცდილობ მის მოგვარებას. თუმცა, რაღაც დოზით მოთამაშედ დარჩენა მაინც ღირს – მხოლოდ ასე თუ გაუგებ შენს შეგირდებს.

– ძველი, უფრო სანახაობრივი ფეხბურთის მიმართ ნოსტალგიას გრძნობთ?

– ფეხბურთი მართლაც ძალიან შეიცვალა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დროის უკან დაბრუნება. ამიტომაც უნდა შევეგუოთ დღევანდელ სიტუაციას.

– გყავდათ თუ არა კარიერის დასაწყისში მისაბაძი მაგალითი?

– პერსონალური კერპი არასოდეს მყოლია. ჩემთვის მაგალითი მიონხენგლადბახის „ბორუსია“ იყო – ჩემი პირველი გუნდი.

– ვინ იყო ან არის ის მოთამაშე, რომელიც მათეუსს გაგონებდათ?

– ოუენ ჰარგრივზი, რომელსაც „ბაიერნშიც“ უთამაშია. კარგი გრძელი პასის მქონე, ძალიან სწრაფი და ჭკვიანი ფეხბურთელი. უბრალოდ, ბევრი გოლი ვერ გაჰქონდა.

– ვის გულშემატკივრობთ, როცა ერთმანეთს მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და „ბაიერნი“ეთამაშებიან?

– ორივე გუნდის დიდი მადლიერი ვარ, ამიტომაც, ასეთ შემთხვევებში ვცდილობ, ნეიტრალური ვიყო.

წყარო: lelo.ge

SHARE