მაგალითი „საბურთალოს“ – ხორვატიული „ჰაიდუკი“ მალტურმა გუნდმა გამოაგდო

503
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალომ” “შერიფის” ბარიერი დაძლია, შემდეგ წრეში ზაგრების “დინამოს” შეხვდება და ზოგიერთს უკვე დაეუფლა პესიმისტური განწყობა – აქაოდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქვეყნის წარმომადგენელთან უშანსოდ ვართო.
ჯერ ერთი, ერთია ნაკრები და მეორე კლუბი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ხორვატი ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. თანაც, რასისტული გამოხდომების გამო ზაგრების “დინამო” დასჯილია და საქართველოს ჩემპიონს ცარიელ სტადიონზე უმასპინძლებს.
და კიდევ: გუშინ ხორვატიის ცნობილი გუნდი “ჰაიდუკი” ევროპა ლიგიდან მალტის “გზირა იუნაიტედმა” გამოაგდო. თანაც, როგორ გამოაგდო!

გასვლაზე პირველი შეხვედრა სპლიტელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული, სახლში საპასუხო მატჩშიც დაწინაურდნენ და ამის მერე სასწაული მოხდა, მალტელებმა 3 უპასუხო გოლი გაუტანეს (ბოლო 90+7-ე წუთზე), 3:1 გაიმარჯვეს და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

“საბურთალოსა” და ზაგრების “დინამოს” პირველი მატჩი 23 ივლისს თბილისში ჩატარდება, განმეორებითი კი – 30 ივლისს ზაგრებში.
წყარო: sportall.ge
SHARE