„მილანის“ საფეხბურთო აკადემია საქართველოში იქნება ფანჯარა ევროპის ტოპკლუბში

556

მსოფლიო ფეხბურთის გრანდი „მილანი” საქართველოში საფეხბურთო აკადემიას ხსნის, – ეს ინფორმაცია კემპის ორგანიზატორმა ანა წერეთელმა დაგვიდასტურა. ამავე დროს, ის საქართველოში „როსონერის” წარმომადგენელი გახლავთ.

ქალბატონი ფეხბურთში – ნუ გაიკვირვებთ, რადგან ანა წერეთელი ამ სფეროში შემთხვევითი ადამიანი არ არის. ის თბილისის „დინამოს” ყოფილი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ზურაბ წერეთლის შვილია. ის წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა…

ჩვენი ინტერვიუ ბათუმში „მილანის” საფეხბურთო ბანაკის პრეზენტაციაზე საუბრით დაიწყო…

– იტალიური გრანდის საფეხბურთო ბანაკის პრეზენტაცია ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში” შედგა. „მილანის” კემპი ანგისას საფეხბურთო ბაზაზე 10-15 სექტემბერს გაიმართება და 6 დღე გაგრძელდება. სასწავლო-საწვრთნელ პროცესს „მილანის” ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები – დავიდე ჯუბილინი და მასიმილიანო ფერარი გაუძღვებიან. „მილანის” საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერები აჭარის მთავრობა და ბათუმის „დინამოს” გენერალური სპონსორი, „H გრუპის” დამფუძნებელი არჩილ ბერიძე არიან.

– ეს თანამშრომლობა საიდან დაიწყო? 

– გასული წლის შემოდგომიდან, როცა იტალიელებს საფეხბურთო აკადემიის გახსნა შევთავაზეთ.

– აკადემიის თუ საზაფხულო კემპის?

– სწორედ საფეხბურთო აკადემიის!..

– მსგავს წინადადებებზე ევროპელები უარს ამბობენ…

– საბედნიეროდ, ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი კარგად წარიმართა და იტალიელები შეთავაზებაზე წამოვიდნენ. „მილანის” წარმომადგენლები – რეგიონული აკადემიების მენეჯერი ალესანდრო ჯანი და კლუბის ბავშვთა ფეხბურთის განვითარების დირექტორი ელიზაბეტ სპინა – საქართველოში შემოდგომაზე იმყოფებოდნენ და ხელშეკრულება გამზადებულია.

მათ საქართველოში სამი დღე გაატარეს, შეხვდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს, მერე კი პრემიერ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძეს. მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი ჩანაფიქრი, რომელიც დეტალურად გავაცანი. საკითხიც საბოლოოდ გადაწყდა. ძალიან მიხარია, რომ იტალიური ბრენდი საქართველოში შემოვიყვანე.

– აკადემია როდის გაიხსნება?

– 2020 წლის შემოდგომისკენ ვგეგმავთ. აკადემიის გახსნა წელსაც გვსურდა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოგვარებას დრო სჭირდება და ამიტომ ვერ მოესწრო. მანამდე, ბათუმში „მილანის” ერთკვირიანი კემპის მოწყობა ამიტომაც გადავწყვიტეთ. ამ საქმეში აჭარის მთავარობამ, ბათუმის „დინამომ” და ამ კლუბის გუნდის გენერალურმა სპონსორმა, „H გრუპის” დამფუძნებელმა არჩილ ბერიძემ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს.

საერთოდ, კემპები მთელ მსოფლიოში ფასიანია, ბერიძის დახმარებით კი ეს თანხა განახევრდა, რაც ბავშვების ოჯახებისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება.

– ასეთი კლუბის საფეხბურთო კომპლექსს ერთი მოედანი არ ეყოფა. როგორი ინფრასტრუქტურა ექნება „მილანის” აკადემიას?

– „მილანის” საფეხბურთო აკადემია დიღომში, „ოლიმპიკის” სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა. პროექტის განხორციელებისთვის სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე „ნიუ ვიჟენის” უნივერსიტეტის რექტორი დავით კერესელიძე სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს. მისი დახმარებით, საქართველოში გამორჩეული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

– სულ რამდენი მოედანი იქნება?

– ახლაც ბევრი მოედანია, მაგრამ დეტალები შესაცვლელი იყო. განახლების შემდეგ კი ხუთი მოედანი იქნება, აქედან ორი – სტანდარტული, ბუნებრივსაფრიანი და ხელოვნური ხალიჩით, ხოლო სამიც – არასტანდარტული, ოღონდ, არა – მინიმოედნები. ამავე დროს, დაგეგმილია პლაჟის ფეხბურთისა და ფუტსალის სტადიონების მოწყობა. ესაა საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო კომპლექს, რომელიც კარლო მჭედლიძემ ქართული ფეხბურთისთვის გადაარჩინა. ახლა მას განახლება ესაჭიროება. საამისოდ კი „ნიუ ვიჟენის” უნივერსიტეტის რექტორი დავით კერესელიძე სოლიდურ თანხებს დებს.

– „ოლიმპიკზე” განახლება მალე დაიწყება?

– სამშენებლო საქმიანობის დაწყებისთვის ოფიციალური ნებართვებია საჭირო, რასაც დრო სჭირდება და ველოდებით. ელოდება „მილანიც”, სადაც გამზადებულია ხელშეკრულება. ჩვენს ბრენდს საქართველოში და კიდევ 20 ქვეყანაში წარმოვადგენთ.

– „მილანის” საფეხბურთო აკადემიას ვინ უხელმძღვანელებს?

– ცხადია, „მილანის” აკადემიიდან ჩამოსული სპეციალისტი და თავიდან ბავშვებსაც ასევე იტალიელები ავარჯიშებენ. მაგრამ ისე არ იფიქროთ, რომ ქართველები არ იქნებიან – „მილანის” აკადემიის მწვრთნელებს ქართველი სპეციალისტები დაეხმარებიან. სხვათა შორის, საინტერესო დეტალსაც გაგიმხელთ – აქ 4 ხარისხის მენეჯერი იმუშავებს.

– დაგვიკონკრეტეთ თუ შეიძლება…

– იტალიელები აკადემიის მუშაობასა და ინფრასტრუქტურას მუდმივად გააკონტროლებენ და ხარისხის მენეჯერები ამ მიმართულებით იმუშავებენ, ვარჯიშები უმაღლეს დონეზე რომ იყოს, ხოლო ინფრასტრუქტურა – მუდამ გამართული. „მილანი” ბრენდია და ზერელე ვარჯიშები ან მოუწესრიგებელი გასახდელები და მოედნები არ შეეფერება მის იმიჯს.

– ევროპული გრანდები სხვა ქვეყნებში აკადემიებს ახალი ტალანტების აღმოსაჩენად იყენებენ. საქართველოს ბაზარი რამდენად საინტერესო იქნება მათთვის?

– აქ ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთაც ევროპაში გასასვლელი არ აქვთ, „მილანის” საფეხბურთო აკადემია კი იქნება „ფანჯარა” ევროპის ტოპლიგის ტოპკლუბში. ამ აკადემიის დაფუძნებით საქართველოში „მილანი” და ევროპული ფეხბურთი ჩამოგვყავს, რაც ყველაზე მეტად მახარებს.

ჩვენთან ბევრი მსოფლიო დონის ტალანტი დაბადებულა, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის დონეს ვერ გასცდნენ. იტალიელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით კი „მილანში” ქართველების გადასვლის შანსი გაჩნდება.

ეს პროექტი მხოლოდ ჩვენი ფეხბურთისთვის არ არის მნიშვნელოვანი, „მილანი” ბრენდია და მისი საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებას საქართველოსთვის საიმიჯო დატვირთვაც ექნება.

დარწმუნებული ვარ, აკადემიის კეთილმოწყობაზე მერიიდან ნებართვას მალე მივიღებთ. მით უფრო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე „მილანის” ყოფილი ვიცე-კაპიტანია, რომელიც პროექტმა ძალიან გაახარა და ყველანაირ თანადგომას დაგვპირდა.

წყარო: lelo.ge

SHARE