მილტონ ჰეიგი: გუნდი 25 პროცენტით უკეთაა მომზადებული…

480

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობს. „ბორჯღალოსნები“ მზადების ბოლო ეტაპზე გადავიდნენ, სადაც უფრო მეტი ყურადღება ბურთით თამაშს, ტაქტიკასა და სტრატეგიას, ასევე კომბინაციების დამუშავებას დაეთმობა.

ჩვენი ეროვნული გუნდი იაპონიაში გამგზავრებამდე სამ მტჩს გამართავს. აქედან ორი ტესტია შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან. 27 აგვისტოს კი „ბორჯღალოსნები“ ვაკეში სამხრეთაფრიკულ „საუზერნ კინგზს“ დაუპირისპირდებიან.

თურქეთის შეკრებიდან ჩვენი ნაკრები ათი დღის წინათ დაბრუნდა. მწვრთნელთა შტაბმა მორაგბეები შინ გაუშვა და მზადების მომდევნო ეტაპის გასავლელად გუშინ შეკრიბა.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„მორაგბეებს თავიდანვე ვუთხარით, რომ ასეთი რთული საწვრთნელი შეკრებები მათ არასდროს გაუვლიათ და, რომ ის ბევრად უფრო ძნელი იქნებოდა, ვიდრე ეს 2015 წლის მსოფლიოს თასის წინ იყო. თურქეთიდან რომ დავბრუნდით, ყველამ, მათ შორის მწვრთნელებმაც, აღვნიშნეთ – მსგავსი სირთულის შეკრება არასდროს გაგვივლია.

ფიზიკურად მართლაც ძალიან კარგ ფორმაში ვართ. იქ ძალიან კარგ ბაზაზე ვიყავით. ასეთი დონის ბაზაზე არასდროს ვყოფილვართ. ყველაფერი ჰქონდათ, რაც გვჭირდებოდა. ამან მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების ჩატარების საშუალება მოგვცა.

იმ პირობების გათვალისწინებით, რაც გვქონდა, ამ ეტაპზე გუნდი 25 პროცენტით უფრო უკეთაა მომზადებული, ვიდრე 2015 წლის შესაბამის დროს იყო. ჩვენ დაგვემატა ძალიან კარგი სპეციალისტი ფილ ჰილი, რომელმაც ზე რაგბიში აპრობირებული ტექნიკა და მეთოდები გაგვიზიარა. ეს ძალიან დაგვეხმარა.
მზადების მესამე ეტაპზე ბევრს ვიმუშავებთ ტექნიკასა და ტაქტიკაზე, თუმცა არც ფიზკური მზადების პროცესს შევაჩერებთ. ახლა, მთელი ყურადღება შოტლანდიასთან და „საუზერნ კინგზთან“ მატჩებზე გვექნება კონცენტრირებული.

ნებისმიერი სამხრეთაფრიკული გუნდი ძლიერია. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასე სწრაფად დაგვთანხმდნენ თამაშზე და რუსების ნაცვლად მათ ვეთამაშებით. ძალიან კარგი გუნდია. ის დაკომპლექტებულია ძლიერი მორკინალებითა და სწრაფი უკანახაზელებით. ეს ძალიან კარგი შანსია ჩვენი შესაძლებლობები შევამოწმოთ.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მეტოქე. ჩვენთვის ქომაგების გვერდში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს თასამდე შინ ორი მატჩი გვაქვს. მეტი აღარ გვექნება. ამიტომ, ჩვენ ქომაგების დახმარება გვჭირდება, რათა მოვიდნენ და მეტოქეების დამარცხებაში დაგვეხმარონ.

მთავარია, მსოფლიოს თასისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. შოტლანდია პირველი დონის ქვეყნის ნაკრებია და, თუ მის დამარცხებას შევძლებთ, რაც არასდროს გვიქნია, ძალიან კარგი იქნება. სრულიად გააზრებული გვაქვს, რომ ეს მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი თამაშია. თუმცა, თუ გვინდა, რომ ამ მსოფლიოს თასზე უკეთ ვითამაშოთ ვიდრე 2015 წელს, მოსამზადებელ ეტაპზე უკეთეს გუნდებს უნდა ვეთამაშოთ. შოტლანდიასთან ორი ტესტი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს მატჩები უკეთესს გაგვხდის, ვიდრე იქამდე ვიყავით.

პირველი დონის ქვეყნის ნაკრების სტუმრობა თბილისში ისტორიული მოვლენაა და, დარწმუნებული ვარ, ეროვნული სტადიონი პირთამდე გაივსება.
უელსი, ავსტრალია და ფიჯი ამ ეტაპზე ძალიან კარგად თამაშობენ. მათი თამაშების დეტალური ანალიზი გავაკეთეთ. ჩვენ გრძელვადიანი მზადების გეგმა გვაქვს და მას მივყვებით, რათა მსოფლიოს თასისთვის ფორმის პიკში ვიყოთ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას აკეთებ მსოფლიოს თასამდე, მნიშვნელოვანია, რას იზამ უშუალოდ მსოფლიოს თასზე.

ჩვენ ახლა ისეთ კარგ მდგომარეობაში ვართ, როგორც არასდროს. საქართველოს რაგბის კავშირმა მოგვცა შესაძლებლობა შეკრებაზე მყოფი 36-ივე მორაგბე დღემდე შეგვენარჩუნებინა. მსოფლიოს თასზე წამსვლელ რაზმს კი, სავარაუდოდ, შოტლანდიასთან პირველი ტესტის შემდეგ, 31 აგვისტოს დავასახელებთ.“

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე.
№9: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე
№10: ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე
№12-13: ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე
№11-14: მირიან მოდებაძე, გიორგი აფციაური, ალექსანდრე თოდუა, ზურაბ ძნელაძე
№15. მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.

საწვრთნელი მატჩი

27 აგვსიტო
საქართველო-საუზერნ კინგსი

ტესტები

31 აგვისტო
საქართველო-შოტლანდია

6 სექტემბერი
შოტლანდია-საქართველო
მსოფლიოს თასი

23 სექტემბერი
საქართველო-ულსი

29 სექტემბერი
საქართველო-ურუგვაი

3 ოქტომბერი 
საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი 
საქართველო-ავსტრალია

წყარო: lelo.ge

SHARE