მილტონ ჰეიგი: მამუკა გორგოძეს აქვს ის, რითაც ქართველები გამორჩეულები არიან

388

საქართველოს ნაკრები ნაგოიაში დაბანაკდა, სადაც მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს. “ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს ნაგოიასთან ახლოს, ტოიოტა სითიში, 23 სექტემბერს უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ნაგოიაში ჩასვლისთანავე ჩვენმა გუნდმა პრესკონფერენცია გამართა.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი:

“წლეულს ჩვენ მიერ დასახული მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს წინა მსოფლიოს თასზე იყო. 2015 წელს ჩვენ ვერავინ გვამჩნევდა. არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს. ტონგელმა მორაგბეებმა, მათთან მოგების შემდეგ, ეს პირადად მითხრეს. მაშინ მოვახერხეთ იაპონიის მსოფლიოს თასის საგზურის ავტომატურად მოპოვება. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაშიც კარგი შედეგები გვქონდა. ასე რომ, ამჯერად “რადარებს” ვერ დავემალებით…

მიუხედავად გარკვეული პაუზისა, ისეთივე მამუკა გორგოძეს იხილავთ, როგორსაც აქამდე ხედავდით. მას არ დაუკარგავს ის ძლიერი მხარეები, რაც ჰქონდა. გამოცდილებისა და ლიდერისთვის საჭირო თვისებების გარდა, ის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, რითაც ქართველები გამორჩეულები არიან. მისი თამაშისგან ზუსტად იმას მივიღებთ, რისი მოლოდინიც გვაქვს…

ეს მსოფლიოს თასის გათამაშებაა და უელსთან თამაში ორი წლის წინანდელზე განსხვავებული იქნება. რიგ კომპონენტებში ჩვენც გვექნება გარკვეული უპირატესობა. რა თქმა უნდა, შერკინება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება. უელსის ნაკრების მორაგბეების ტრავმებიც გასათვალისწინებელია. თუმცა, ის ექვსი ერის გამარჯვებული გუნდია. ასეთი შედეგის მიღწევა კი სათანადო გრძელი სკამის გარეშე შეუძლებელია…

მერაბ კვირიკაშვილი, რომლისთვისაც ეს მსოფლიოს თასი მეხუთე უნდა ყოფილიყო, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ტრავმას ებრძოდა. სამწუხაროდ, მან ბოლო შეკრებაზე კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ახლა ის კარგადაა და თამაშობს. ჩვენ მის ფორმას დავაკვირდებით და თუ ვინმე დაშავდება, მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება”.

მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

“სირბილი ახლახან დავიწყე და თავს ნორმალურად ვგრძნობ. ტრავმა ძალიან ცუდ დროს მივიღე. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს თასის მსვლელობისას ფორმაში შესვლას მოვახერხებ. ჩვენგან ბევრს ელიან და ყოველ დღე, ყოველ საათს მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ…

მამუკა გორგოძე გუნდში აღარ იყო და კაპიტნის როლის შესრულება საკუთარ თავზე ამის გამო ავიღე. ახლა, როდესაც მსოფლიოს თასზე ვიმყოფებით, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა”.

თედო აბჟანდაძე, საქართველოს ნაკრების მგეზავი:

“ვფიქრობ, იაპონიაში უკეთესი უკანა ხაზი გვეყოლება, ვიდრე წინა მსოფლიო თასზე გვყავდა. ეს საკლუბო დონეზეც ჩანს. ახლა, უფრო მეტი ქართველი უკანახაზელი თამაშობს საფრანგეთში, ვიდრე წინა წლებში. ჩვენ ვცდილობთ, ხაზის თამაში იმდენად გავაძლიეროთ, რომ ის მორკინალებისას გავუტოლოთ…

ამ მსოფლიოს თასზე ჩემი მიზანია, რომ ტაქტიკურად გამართული რაგბი ვითამაშო, ვარეგულირო ტემპი, ავაჩქარო თამაში და წნეხში ვამყოფო მოწინააღმდეგე გუნდი. ინდივიდუალურად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმუმი გამოვავლინო, ყველას ვაჩვენო რა შემიძლია და რისი გაკეთება შემეძლება მომავალში.”

წყარო: lelo.ge

SHARE