მოფარიკავეებმა სეზონი ოქროთი დაიწყეს

361

ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ დაშნით მოფარიკავეთა სატელიტურ საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქმა უმასპინძლა.

ტაშკენტში მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში თავი გამოიჩინა 27 წლის თბილისელმა მაია გუჩმაზოვამ, რომელმაც ცხრა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

მაიამ ჯგუფში ზედიზედ სძლია მასპინძლებს – სევარა რახიმოვას (5:1), ჟასმინა სუვონოვას (5:2), შახზოდა ეგამბერდიევას (5:1), ყაზახებს – ალექსანდრა ტამბოვცევას (5:3), შანთალ ჟანსუგუროვას (5:4), ყირგიზ კამილა აბდილ-ხამიტოვას და ექვსი მოგებით პლეი ოფში პირველ ნომრად გავიდა, ამიტომ სტარტზე ისვენებდა.

მეორე წრეში უზბეკი რადა კასიმოვა დაჯაბნა იოლად – 15:6, ნახეფარფინალში მის თანამემამულე ვერონიკა როიკოვას დაძაბულ ორთაბრძოლაში ერთი ჩხვლეტით აჯობა – 15:14. გადამწყვეტ პაექრობაში რუსი მარინა კესაევა დაამარცხა – 15:9 და ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე ადგილზე კესაევა გავიდა. ბრინჯაოს მედლები მასპინძლებს – ვერონიკა როიკოვასა და მალიკა ხაკიმოვას ერგოთ.

-სასიამოვნოა, რომ ახალი სეზონი ოქროს მედლით გავხსენით, – გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ. – მაია გუჩმაზოვა ის მოფარიკავეა, რომელსაც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ბრძოლა შეუძლია. მან საქართველოს ნაკრებთან ერთად სრულფასოვანი წვრთნა გაიარა.

ჯერ 10-დღიანი შეკრება გვქონდა ურეკში, შემდეგ კი თბილისში განვაგრძეთ ვარჯიში. საერთო ფიზიკური მომზადებისთვის სპეციალურად უცხოელი სპეციალისტი მოვიწვიეთ, პაშა კულაევი. საგულისხმოა, რომ ჩვენი გუნდის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ამ პერიოდში შვიდი კილოგრამი დაიკლო. ათიოდე დღეში მას და ლიკა ჯიჯეიშვილსაც პირველი შეჯიბრება ელით – 20-22 სექტემბერს ბულგარულ პლოვდივში სატელიტი მსოფლიოს თასი გათამაშდება. ეს ტურნირი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება მსოფლიოს თასის პირად-გუნდური რაუნდისთვის, რომელსაც 15 ნოემბერს ეგვიპტე უმასპინძლებს.

აფრიკულ ბატალიებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური მე-7 ადგილი დავიკავეთ, უპირველეს კონკურენტებს – საფრანგეთსა და რუმინეთს ვაჯობეთ. ამ სამეულთან ერთად რუსეთის ნაკრები იბრძვის ევროპულ ოთხეულში მოსახვედრად. საქმე ის არის, რომ ბებერი კონტინენტიდან იტალიას, უნგრეთსა და გერმანიას ტოკიოს თამაშების საგზურები დაბევებული აქვთ. მეოთხე ვაკანტური ადგილისთვის სწორედ ზემოთ დასახელებული ოთხეული ეცილება ერთმანეთს და ყველა სარეიტინგო ტურნირში რაც შეიძლება მეტი ქულის მოსახვეჭად მთელი მობილიზებით უნდა ვიასპარეზოთ.

წყარო: lelo.ge

SHARE