ნინო სალუქვაძე: მედლით მოვდივართ, კმაყოფილი ვარ

558

მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელთა ნაკრების გამოსვლას ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე აფასებს:

– მინსკში სულ ოთხი სტარტი გვქონდა. აქედან ორში კარგად გამოვედით, ორში – კი სუსტად.

პნევმატურში შერეულ წყვილებში მე და ცოტნე პირველად შევედით ფინალში და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავედით, ამ ფინალის გამოცდილება კი შემდეგ გამოგვადგა 50-მეტრიანზე ასევე შერეულ წყვილებში ფინალისთვის, სადაც უკვე სხვანაირად ვიყავით განწყობილი და ბრინჯაოც მოვიპოვეთ.

პირადად ჩემი გამოსვლით არა ვარ კმაყოფილი. მომზადებული კი კარგად ვიყავი, მაგრამ იყო სხვა რაღაც ხელის შემშლელი პირობები, მაგრამ, ბუნებრივია, ჩემს თავს ვაბრალებ, რადგან ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გამეთვალისწინებინა.

მაჭავარიანს რაც შეეხება, ლიცენზიისთვის ვემზადებით და ეს შეჯიბრებაც ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი იყო. ამ მედალმაც უფრო მეტი სტიმული მისცა – ახალგაზრდაა, სხვანაირი შეხედულებები აქვს, როგორც ზოგადად – ახალ თაობას. მათ ამის მიხედვით და ამის გათვალისწინებით უნდა დაუგეგმო მთელი წლის გეგმა როგორც სავარჯიშო, ასევე – საშეჯიბრო. ძირითადად მოვემზადებით თებერვლის ევროპის ჩემპიონატისთვის, სადაც ბოლო ლიცენზიები გათამაშდება. მერე კიდევ არის დამატებით ერთი სტარტი, სადაც ერთი საგზური გაიცემა, მაგრამ მთლად ბოლოსთვის არ გვინდა საქმის მიყვანა, მანამდე უნდა მოვიპოვოთ. მთავარია, შედეგი აჩვენოს და ლიცენზია იქნება, შედეგისთვის კი სერიოზული მზადება და სერიოზული შეკრებებია საჭირო. შეკრებები აუცილებელია, თორემ მარტო სახლში ვარჯიში არ ეყოფა. მას სჭირდება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მომზადება.

ნინო ხუციბერიძემ წლეულს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა ახალგაზრდებში, მაგრამ ეს უფროსებში არაა საკმარისი. მან კიდევ უნდა მოუმატოს, თორემ უფროსებში ეს არაა საკმარისი.

მთლიანობაში ჩვენი გამოსვლით უკმაყოფილო არა ვარ, რადგან მედლით ვბრუნდებით. თან ის ისეთ სახეობაში მოვიპოვეთ, რომელშიც მე 30 წელიწადია, არ მისვრია.

ადრე ვისროდი, ახლა კი – არა. ეს ვაჟების ვარჯიშია, მაგრამ იმათაც მოუხსნეს. თუმცა რადგან ცოტნე ისროდა ამ დისტანციაზე და ოლიმპიადაზე მე-14 ადგილზეც გავიდა, რაც 18 წლის ბავშვისთვის დიდი შედეგია, მეც ოდესღაც ვისროდი, გადავწყვიტე, გამოვსულიყავით. თუმცა სპორტულში არცი შერეული წყვილი, მაგრამ რადგან ცოტნე არ ისროდა ამ დისტანციაზე, არ გამოვდივართ. ისე, 50-მეტრიანზეც სხვისი იარაღით ვისროდი, რომელიც არ ისროდა, ძლივს შევაკეთეთ და ასე, რის ვაი-ვაგლახით ჩავატარეთ. ჩვენი მონდომება, თავდადება შეისმინა უფალმა და მედალი მოვიპოვეთ. თუმცა ისევ მინდა აღვნიშნო, რომ მოაგვარონ ჩვენი კანონი და მოაწესრიგონ, რათა ხელი არ შეგვეშალოს ვარჯიშში.

 

წყარო: lelo.ge

SHARE