ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, ეტო’ოც დამთავრდა… – კამერუნელის ბრწყინვალე კარიერა და უნიკალური მიღწევები

370

ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და 38 წლის სამუელ ეტო’ოს ფეხბურთიც დამთავრდა.

კამერუნელმა ლეგენდამ თან გაიყოლა გულშემატკივართა დიდი სიყვარული და არაერთი დაუვიწყარი გოლი, რომელიც ისტორიას დარჩება.

ტიტულები, რომლებიც ათწლეულების შემდეგ გაახსენებენ კაცობრიობას, რომ იყო ასეთი დიდებული ფეხბურთელი, რომლის დარი ფორვარდიც ბევრი ა რ ყოფილა მსოფლიოში…

ბარსელონაში“ გატარებული 5 სეზონის განმავლობაში სამუელ ეტო’ომ 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. ის არის ლა ლიგის რეკორდსმენი, როგორც აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ესპანეთის ჩემპიონატში.

ეტო’ო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეგრეთ წოდებული „თრებლის“ (ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა) მოგება ზედიზედ ორ სეზონში შეძლო (2009 წელს „ბარსელონაში“ და 2010 წელს „ინტერში“). ის გახდა ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში შეძლო გოლის გატანა.

ასევე, ის არის იმ ოთხ ფეხბურთელს (ჟერარდ პიკეს, პაულო სოუზასა და მარსელ დესაისთან ერთად) შორის, რომელთაც ზედიზედ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის მოგება სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში.

სამუელ ეტო’ომ ყველგან დიდებულად ითამაშა. საინტერესოა, რომ „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირზე თავდაპირველად უარი თქვა… „რეალმა“.
1996 წელს ეტო’ო „რეალში“ მოხვდა, თუმცა მხოლოდ მეორე გუნდთან ერთად უწევდა ვარჯიში. ეს გუნდი ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატში დაქვეითდა, სადაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს არ ჰქონდათ თამაშის უფლება.

ამის გამო ეტო’ო 1997 წელს არენდით გადავიდა „ლეგანესში“, სადაც 30 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა. 1999 წელს, ასევე არენდით, კამერუნელი კატალონიურ „ესპანიოლში“ ჩაირიცხა, თუმცა ამ გუნდში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

2000 წელს ეტო’ო კიდევ ერთხელ გაუშვეს იჯარით, ამჯერად – „მალიორკაში“ გადავიდა, სადაც 19 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ ბალეარულმა კლუბმა კამერუნელი 4.4 მილიონ ფუნტ სტერლინგად გამოისყიდა. ეტო’ომ გუნდში 2004 წლამდე ითამაშა, ჩაატარა 120 მატჩი და გაიტანა 48 გოლი.

ასევე, გახდა ესპანეთის სამეფო თასის გამარჯვებული 2003 წელს, რომლის ფინალშიც „რეკრეატივოს“ წინააღმდეგ დუბლის შესრულება მოახერხა. ის კლუბის ისტორიაში დღემდე ყველაზე მეტი გოლის ავტორია.

2004 წლის ზაფხულში ეტო’ო „ბარსელონაში“ გადავიდა. კატალონიურმა გრანდმა მის სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაიხადა. დებიუტი ჰქონდა 29 აგვისტოს ლა ლიგის პირველ ტურში, „რასინგის“ წინააღმდეგ. პირველივე სეზონში ეტო’ომ „ბარსასთან“ ერთად ლა ლიგის მოგება მოახერხა.

2005/06 წლების სეზონი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა. კამერუნელი გახდა ესპანეთის პირველობის, ქვეყნის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ასევე მოიპოვა ლა ლიგის ბომბარდირის ტიტული. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეტო’ომ „არსენალს“ გაუტანა გოლი, გაათანაბრა ანგარიში და ამით დიდი როლი ითამაშა „ბარსას“ საბოლოო ტრიუმფში – 2:1.

მომდევნო წელი კამერუნელისთვის საკმაოდ წარუმატებლად დაიწყო – სექტემბერში, „ვერდერთან“ მატჩის დროს, მიიღო ტრავმა, რომელმაც თითქმის 5 თვე ჩამოაცილა ფეხბურთს. ის სეზონი (2006/07) წარუმატებელი გამოდგა გუნდისთვისაც – „ბარსელონამ“ ვერაფერი მოიგო, ისევე, როგორც მომდევნო 2007/08 წლების სეზონში.

2008 წლის ზაფხულში „ბარსას“ მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა მოვიდა. მან სრულიად ახალი „ბარსელონა“ ჩამოაყალიბა, რომლის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სამუელ ეტო’ო. ლიონელ მესისა და ტიერი ანრისთან ერთად, კამერუნელმა შეკრა თავდასხმის ტრიო, რომელმაც ჯამში ზუსტად 100 გოლის გატანა მოახერხა.

25 ოქტომბერს ეტო’ომ კლუბის ისტორიაში უსწრაფესი ჰეთ თრიკი შეასრულა – 23 წუთში 3 გოლი გაუტანა „ალმერიას“. მალევე, 8 ნოემბერს, მან „ვალიადოლიდს“ პირველივე ტაიმში გაუტანა… 4 გოლი.

ჯამში, მისმა მონაგარმა იმ ჩემპიონატში 30 გოლს უწია და მხოლოდ დიეგო ფორლანს ჩამორჩა „პიჩიჩისთვის“ (ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი) ბრძოლაში. ეტო’ოს უკანასკნელი მატჩი „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო – 2009 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. ამ მატჩში კამერუნელ გოლეადორს ანგარიშის გახსნა შეეძლო…

საბოლოოდ მატჩი 2:0 დასრულდა და ესპანური გრანდი „თრებლის“ მფლობელი გახდა. ეს იყო მართლაც უნიკალური მიღწევა!..

2009 წლის ზაფხულში „ბარსელონამ“ „ინტერს“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ 46 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ თანხას კამერუნელი ფეხბურთელიც დაუმატა და ეს უკანასკნელი იტალიურ გრანდში ჩაირიცხა.

პირველივე სეზონი ეტო’ოსთვის წარმატებული გამოდგა – წინას მსგავსად, ყველა ტურნირის მოგება მოახერხა. 2010 წლის ზაფხულში „ინტერი“ დატოვა ტრიუმფატორმა ჟოზე მოურინიომ, რის შემდეგაც „ნერაძურიში“ რეგრესი დაიწყო.

რაფაელ ბენიტესმა ვერ შეძლო წინამორბედის მსგავსი შედეგების ჩვენება, რის გამოც თანამდებობა ახალ წლამდეც კი ვერ შეინარჩუნა. თუმცა კონკრეტულად ეტო’ოსთვის 2010/11 წლების სეზონი გაცილებით უკეთესი გამოდგა წინასთან შედარებით – 21 გოლით მეტი გაიტანა (სულ 37) და 8 საგოლე პასით მეტი შეასრულა (სულ 15).

2011 წლის 23 აგვისტოს სამუელ ეტო’ო მახაჩყალის „ანჟიში“ გადავიდა, რომელიც მილიარდერმა სულეიმან ქერიმოვმა შეიძინა. ამის შემდეგ დაღესტნურ კლუბში სენსაციური ტრანსფერები განხორციელდა – ეტო’ოს გარდა, მოვიდნენ რობერტო კარლოსი, ლასანა დიარა…

ასევე, „ანჟი“ მზად იყო, „ბარსელონასთვის“ მესის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გადაეხადა და თავად არგენტინელისთვის წარმოუდგენლად მაღალი ხელფასი დაენიშნა…

თუმცა, მესიმ მშობლიურ კლუბში დარჩენა ამჯობინა. ეტო’ო კი ორჯერ გახდა „ანჟის“ ბომბარდირი, რის შემდეგაც 2013 წელს გუნდი დატოვა.

ამის შემდეგ იყო „ჩელსი“, „ევერტონი“, „სამპდორია“. ბოლოს კი კამერუნელი თურქულ „ანთალიასპორში“ თამაშობდა.

2015 წლის 7 დეკემბრიდან 2016 წლის 6 იანვრამდე ამ გუნდში მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქცია ჰქონდა, სანამ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მორაეში დაინიშნებოდა…

წყარო: lelo.ge

SHARE