ოთარ გაბელია: ცოტა მეტი გამბედაობა და შეიძლებოდა, მოგვეგო… რესურსი? როგორ არ არის?!

429

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასება ვთხოვეთ ქართული ფეხბურთის ლეგენდას, დიდი “დინამოს” მეკარე ოთარ გაბელიას, ვინც ტრადიციულად საინტერესოდ ილაპარაკა:

– ჩემი აზრით, ამ ორ თამაშში ვლადიმირ ვაისის მთავარი საფიქრალი იყო შემადგენლობის სტაბილიზაცია. მარტში გადამწყვეტი შეხვედრები გველის ერთა ლიგაზე, როცა ჯერ დიდი ალბათობით ბელარუსს დავუპირისპირდებით, მისი ძლევის შემთხვევაში კი ფინალში ვითამაშებთ… ამას რომ ვამბობ, სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ დანიასთან მატჩის შედეგი მეორე პლანზე იყო გადასული. ჩემი აზრით, დანიასთან საშინაო ფრე მისაღები შედეგია. როგორი ფეხბურთელებიც ჰყავს ამ გუნდს, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. არ არის იოლი მათ წინააღმდეგ თამაში. თანაც, საქართველოს ნაკრებს არაერთი საკადრო პრობლემა ჰქონდა…

– საინტერესოა, რა დაგანახათ ამ თამაშმა?

– კარგად გიწერიათ: სწორად და გუნდურად ვითამაშეთ, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი წამითაც არ დაგვიკარგავს კონცენტრაცია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ცოტა მეტი გამბედაობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, მოგვეგო კიდეც…

– ჩვენი გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევთ?

– მოდით, არავის გამოვარჩევ და ვიტყვი ასე: ეს გუნდური თამაშის შედეგად მოპოვებული შედეგი იყო. ზოგს პირველ ტაიმში გამოუვიდა თამაში უკეთესად, ზოგს – მეორეში… მოკლედ, მთლიანობაში გუნდმა ითამაშა კარგად.

– რას იტყვით დანიელთა მთავარი ვარსკვლავის, კრისტიან ერიქსენის თამაშზე?

– უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, თუმცა მესმის თქვენი კითხვის ქვეტექსტი – კი ბატონო, ამჯერად ბოლომდე ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და პირდაპირ ვთქვათ – ეს ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა. ერიქსენის შეჩერება არ არის იოლი საქმე.

– იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებმაც დანიასთან ითამაშეს, კიდევ თუ ხედავთ სანაკრებო რესურსს?

– რა თქმა უნდა, ვხედავ. არ უთამაშია ძალიან ნიჭიერ ზურიკო დავითაშვილს, არც ხვიჩა კვარაცხელია გასულა მინდორზე. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ზარანდია… არის რესურსი, როგორ არ არის?!

წყარო: lelo.ge

SHARE