ოფიციალური წერილი ევროკავშირის პრეზიდენტისგან – ფეხბურთი და სამშვიდობო პროექტი

419

“ლელომ” უკვე გაცნობათ სოციალური პროექტის შესახებ, რომელიც სოფელ ერგნეთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის, გუნდისა და სკოლის ჩამოყალიბებას გულისხმობს. როგორც პროექტის ორგანიზატორმა გიორგი სამხარაძემ გვითხრა, ამ კუთხით ძალიან საინტერესო სიახლეებია. პროექტი მართლაც უდიდესი მნიშვნელობისაა და ამას მოწმობს ის, რომ მის განხორციელებაში ევროპული ორგანიზაციებიც კი ჩაერთვნენ. ამაზე უკეთ თავად სამხარაძე მოგვიყვება:

“ოფიციალური წერილი მივიღე პრემიერის აპარატის ხელმძღვანელისგან უშუალოდ პრემიერის დავალებით! ეს არის პროექტის მხარდაჭერის დასტური. საქმეში ჩაერთო განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც. პრემიერის აპარატის შუამდგომლობით, შედგა ოფიციალური შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან და სპორტის კურატორ შალვა გოგოლაძესთან. განვიხილეთ, თუ როგორ შეეძლო სამინისტროს ჩართულობა და დახმარება…

გაირკვა რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მთავრობის ხაზით რეგიონში ასრულებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად. ამიტომ ბატონმა შალვა გოგოლაძემ შუამდგომლობა გაუკეთა პროექტს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან, ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან. ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან. იმედი მაქვს, აღნიშნული უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან საქმეში და ბატონი პრემიერისთვისაც ისევ და ისევ  პრიორიტეტული იქნება ერგნეთის სამშვიდობო პროექტი…

დამიკავშირდა ასევე კომპანია “ჯეოტურანის” დამფუძნებელი, ასოცირებული პროფესორი პაატა რუსაძე, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანია “ჯეოტურანი” საწყის ეტაპზე მიიღებს პროექტში მონაწილეობას, როგორც სერვისით ისე 10 000 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდებით, პროექტით გათვალისწინებული მილსადენების მშენებლობაში, წყალის, გაზის, სარწყავი თუ სანარინე გამართულობისთვის. კომპანია უანგაროდ უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიების მონტაჟს. აქვთ სხვა შემოთავაზებაც და ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. სწორედ ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო მათ გვერდით დგომისთვის და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი ადამიანი გამოთქვამს ამის სურვილს, რადგან ეს ის პროექტია, რომელიც თავის სიტყვას იტყვის არა მხოლოდ ახლა, არამედ, მომავალშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

ასევე, ევროკავშირის  ბიზნესასოციაციის მოწვევით მიმიწვიეს საერთაშორისო ფორუმზე სადაც სავაჭრო პალატისა და კომპანიების ხელმძღვანელებთან შედგა პროექტის პრეზენტაცია. ასევე ველოდებით მათგან მეტ ჩართულობას. დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სადაც შედგა ოფიციალური შეხვედრა. დაიგეგმა პროექტის პრეზიდენტთან წარდგენა და სახელმწიფო უწყებათა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია”, – გვითხრა სამხარაძემ.

წყარო: lelo.ge

SHARE