პაპუნაშვილი ტოპ კლუბების ინტერესის სფეროში – პერსპექტივა და სიმართლე ტრავმაზე…

287

გიორგი პაპუნაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელი რომაა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ეს ნათლად დაადასტურა ხორვატიის უპირველეს გუნდთან შეხვედრამაც, სადაც გიორგიმ გოლი შეაგდო.

ჩანს, მან დაიბრუნა ოპტიმალური ფორმა და ეს ძალიან კარგია. ცუდი ის არის, რომ ცოტას თამაშობს “სარაგოსაში” მას შემდეგ, რაც ტრავმა მოიშუშა. არადა, იყო დრო, გუნდის ლიდერი გახლდათ და ერთ მატჩში ჰეთ-თრიკიც შეასრულა, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის მოლოდინშია.

იმედი გაგვიჩნდა, რომ ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრების ფეხბურთელების გარშემო შექმნილი ვითარება, ამიტომაც გუშინ “ლელო” გიორგი პაპუნაშვილი მენეჯერს, “სმარტბოლის” ერთ-ერთ დამფუძნებელ ლევან ზუხბაიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა…

– თავდაპირველად, შევაფასოთ გიორგი პაპუნაშვილის თამაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

– კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არის. კარგია, როცა ფეხბურთელს გოლი გააქვს ისეთი ნაკრების კარში, როგორიც არის ხორვატია. ამასთან, მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს. ნაკრებს ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ და ეს შანსი უსათუოდ გამოვიყენოთ.

– საიდუმლო არავისთვისაა, რომ გიორგი ბოლო დროს ტრავმებმა გააწამა. შეიძლება ითქვას, მან ბოლომდე აღიდგინა ოპტიმალური ფორმა?

– კი, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. ეგ არის, მას “სარაგოსაში” მცირე სათამაშო დრო ეძლევა. გიორგის დონის ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში უნდა ითამაშოს. ასე ვფიქრობთ ჩვენ და ასე ფიქრობს თავად გიორგიც.

– არადა, ის “სარაგოსას” ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ

– ეს სიტყვები ნამდვილად არ არის გადაჭარბებული. მაგალითისთვის მოვიყვანდი ორი წლის წინანდელ სეზონს, როცა “სარაგოსამ” ითამაშა პლეი ოფში და პრიმერას საგზურის მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა. გავიხსენოთ, რა საოცარ ფორმაში იყო ის მაშინ, როცა “ალბასეტესთან” ჰეთ თრიკი შეასრულა… არადა, “პაპუ” არსად წასულა, ის ისევ იქაა და მას შეუძლია, დიდი დახმარება გაუწიოს გუნდს, მაგრამ… თუ ზამთრამდე ვითარება არ შეიცვალა, “სარაგოსას” ხელმძღვანელობასთან აუცილებლად დავილაპარაკებთ გიორგის მომავალთან დაკავშირებით. აქამდე, ის ბედნიერი იყო “სარაგოსაში”, მას უყვარს ეს კლუბი და უნდა, რომ შეიტანოს წვლილი მის წარმატებაში…

ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ მეორეა ის, რომ მას სჭირდება სისტემატური პრაქტიკა, ვერ იქნება მეორეხარისხოვან პოზიციაზე და ამას არც ის და არც მე, როგორც მისი აგენტი, არ შევეგუებით – მან უნდა ითამაშოს! გიორგი ისეთი ფეხბურთელია, მას ძალიან სჭირდება მწვრთნელის ნდობა და ფრთაშესხმულია, როცა ამ ნდობას გრძნობს.

წინა მწვრთნელის, ნაჩო გონსალესის ხელში მას ჰქონდა ეს ნდობა, დღეს კი ასეთი ნდობა აღარ არის, ამჟამინდელ მწვრთნელ ვიქტორ ფერნანდესს ალბათ თავისი ხედვები აქვს, რაშიც მას ვერავინ შეედავება – დღეს ის არის მწვრთნელი და მისი კომპეტენციაა, ვინ ითამაშებს და ვინ არა. ზემოთ თქვენ ტრავმა ახსენეთ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით – პაპუნაშვილს ტრავმა მისი მიზეზით არ გართულებულა და ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს არაფერს ვიტყვი.

– თუ არის ინტერესი მის მიმართ?

– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დრომდე კონკრეტულად არავისთან გვილაპარაკია და ეს “პაპუს” კატეგორიული მოთხოვნა იყო, რადგან სურდა 100 პროცენტით ყოფილიყო კონცენტრირებული “სარაგოსაზე”, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ არ არის ინტერესი, ინტერესი ნამდვილად არის და თან ძალიან დიდიც, ამიტომ, როგორც ავღნიშნე, ჩვენ აუცილებლად დავილაპარაკებთ “სარაგოსასთან” თუ სიტუაცია არ შეიცვალა…

თუმცა ერთიც უნდა ვთქვა – მესმის კლუბის ინტერესიც, მაგრამ ფეხბურთელი ჩვენთვის პრიორიტეტია. ახლა კონკრეტულ კლუბებს ვერ დავასახელებ, მაგრამ გიორგისთან თანამშრომლობით დაინტერესეულია პრიმერა დივიზიონის ორი კლუბი, ასევე უმაღლესი ლიგის ტოპკლუბები ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და პაპუნაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

წყარო: lelo.ge

SHARE