პელეს მე-1000 გოლი – ბრბო მინდორზე გადავიდა, ბედნიერებისგან ატირებული „მეფე“ მხრებზე შეისვა

506

1969 წლის 19 ნოემბერს, რიო-დე-ჟანეიროში „მარაკანას“ სტადიონზე „ვასკო და გამასა“ და „სანტოსის“ შეხვედრაში პელემ მე-1000 გოლი გაიტანა თავის პროფესიულ კარიერაში.

თავდაპირველად, ამ მატჩში იყო მეტოქის გოლი, რომელმაც ისარგებლა იმით, რომ „სანტოსის“ ფეხბურთელები მხოლოდ პელეზე თამაშს ცდილობდნენ და დაცვა მიივიწყეს. თითქმის იქვე „სანტოსმა“ პირველი სახიფათო შეტევა მოაწყო, რომელიც პელეს დარტყმითა და ძელით დასრულდა. სტადიონმა და „სანტოსის“ სათადარიგოთა სკამმა ერთდროულად ამოიოხრა…

როგორც შემდეგ გაზეთები წერდნენ, ტაიმებს შორის შესვენებისას, „სანტოსის“ მწვრთნელი ანტონინიო ფერნანდესი ცდილობდა დაეწყნარებინა პელე, რომელსაც მეტისმეტი მეურვეობის გამო, ბევრი არაფერი გამოსდიოდა მოედანზე. შემდეგ კი მწვრთნელმა ვიღაცას შესჩივლა სათადარიგოთა სკამზე – ჩვენი „კრიოოულუ“ („მოშავო“ -პელეს მოფერებითი მეტსახელი) ძალიან ნერვიულობს და ასეთ მდგომარეობაში ვერ გაიტანს ამ წყეულ გოლსო.

მაგრამ, „კრიოოულუმ“ მაინც გაიტანა, თუმცა, პენალტით, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც „ვასკოს“ მცველმა რენემ პელე საჯარიმოში წააქცია.
მსაჯის სასტვენი, რომელმაც წესის დარღვევა დააფიქსირა, გადაჭედილი „მარაკანას“ ტრიბუნების ღრიალში ჩაიკარგა. პელემ ჯერ დააწყნარა მეკარე, რომელმაც ჩათვალა, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, შემდეგ კი უარი თქვა 11-მეტრიანის შესრულებაზე, რადგან „სანტოსს“ ოფიციალური  პენალტისტი ჰყავდა კარლოს ალბერტოს სახით. მაგრამ, ამ უკანასკნელს იმ დღეს ამის უფლებას არავინ მისცემდა! მთელი სტადიონი ერთხმად სკანდირებდა:

„პე-ლე! პე-ლე!“ და „მეფეც“ იძულებული გახდა დამორჩილებოდა. „ვასკოს“ მეკარე ანდრადამ გამოიცნო დარტყმის მიმართულება და თითქმის მოიგერია ბურთი, რომელიც მარცხენა დაბალ კუთხეში წავიდა, მაგრამ დაჭერა ვერ შეძლო…

სტადიონის ხმაურმა თითქოს გააჩერა წვიმა, რომელიც მთელი მატჩი არ შეწყვეტილა! მიდიოდა 77-ე წუთი, მაგრამ თამაში უკვე აღარავის აინტერესებდა… ბრბო მინდორზე გადავიდა, ბედნიერებისგან ატირებული „მეფე“ მხრებზე შეისვა და ცენტრისკენ წაიყვანა. პელე მიკროფონებისკენ დაიხარა და თითქმის ხმაჩახლეჩილმა წარმოთქვა აშკარად წინასწარ მომზადებული ტექსტი:

„დღეს, როცა მთელი ქვეყანა მისმენს და მიყურებს, მინდა გთხოვოთ მეგობრებო, ერთად გავიხსენოთ ჩვენი ღარიბები და ბავშვები ფაველებიდან! მოდით, ერთად დავეხმაროთ მათ, რადგან შობა ახლოვდება! რამდენი ადამიანი შეხვდება ამ დღესასწაულს მშიერი?! მე თავად ვიყავ მშიერი ბიჭი და ვიცი, რას ნიშნავს ეს. მოდით, ჩემო მეგობრებო, დავეხმაროთ ღარიბ ბაშვებს მთელ ბრაზილიაში! სწორედ მათ ვუძღვნი მე-1000 გოლს!“

რა თქმა უნდა, პელეს სურდა, ეს გოლი პენალტით არ გაეტანა, მაგრამ, მაშინ, საკუთარი აღიარებით, ის გონებაში ძალიან სწრაფად დათანხმდა ამგვარ ვარიანტს.

მომდევნო დილას, ბრაზილიური გაზეთების პირველ გვერდებზე ორი მთავარი მოვლენა განიხილებოდა: პელეს მე-1000 გოლი და ამერიკელი ასტრონავტების მეორედ დაშვება მთვარეზე…

წყარო: lelo.ge

SHARE