რაგბის ნაკრების მნიშვნელოვანი ტესტები და კონკრეტული დავალება ახალ მთავარ მწვრთნელ

411

ახალხან, საქართველოს რაგბის კავშირმა სამხრეთ აფრკის რაგბის კავშირთან თერთმეტწლიანი ხელშეკრულება გააფრომა, რომელშიც ჩვენი რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია შეტანილი. ცხადია, ყოველივე იმის განხორციელების შედეგად, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ქართულმა რაგბიმ ძალიან დიდი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ. ჩვენი რაგბისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს ვესაუბრეთ.

– სამხრეთაფრიკელებთან მოლაპარაკებები წლეულს ან შარშან არ დაწყებულა. ის დიდი ხანია მიმდინარეობს. იდეა და მისი განხორციელების პროცესი, რათა შეიქმნას გუნდი, რომელიც ითამაშებს ძლიერ ტურნირში, მინიმუმ ათეულ წელს ითვლის. თავის დროზე სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან მოლაპარაკებები გიორგი ნიჟარაძემ დაიწყო და მერე ჩემი პრეზიდენტობისასაც გაგრძელდა. ჩვენ ძალისხმევა არ გაგვინელებია. უბრალოდ, საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობდით.

ორი წლის წინათ, მათ წერილობით მივმართეთ. რაღაც წინააღმდეგობებს, თვითონ შიგნით, სამხრეთ აფრიკის ფედერციაში  წავაწყდით და გვითხრეს, რომ მის გადაწყვეტას დრო სჭირდება. როცა პროცესი დაწყებულია, რაც უნდა ცნობისმოყვარეობა გამოიჩინო, მას ვერ დააჩქარებ. ამ ამბის შესახებ იცოდა მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობამ. ცნობილი იყო მათი დადებითი დამოკიდებულებაც.

მსოფლიოს თასის მსვლელობისას კი, გვითხრეს, რომ პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია და ახალ წლამდე დადებით შედეგს მივიღებდით. ამიტომ მქონდა ოპტიმისტური განწყობა, რომ საახალწლოდ გავახარებდით რაგბის ქომაგებს. ხელშეკრულება ორივე მხრიდან ხელმოწერილია და, ცხადია, უკვე თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, როგორც შემდგარ ფაქტზე.

– ამ ხელშეკრულებაში ყველა პუნქტი ერთნაიარად მნიშვნელოვანია. თუმცა, განსაკუთრებულ ინტერესს მაინც ქართული ფრანჩაიზის ჩართვა იწვევს ქარი კაპის გათამაშებაში. ეს ტურნირი რამდენიმე დივიზიონისგან შედგება და საინტერესოა, ჩვენ რომელში ვითამაშებთ?

– ეს ჯერ გადაწყვეტლი არ არის. გვინდოდა 2021 წლიდან დაგვეწყო ქარი კაპზე თამაში და ერთი წელი მოსამზადებელი პერიოდი გვქონოდა, რადგან ფინანსური და სხვა თანამდევი საორგანიზაციო საკითხებია მოსაგვარებელი. თუმცა,  სამხრეთაფრიკელებმა გვთხოვეს იქნებ 2020 წლიდან დავიწყოთო. ცხადია, დავთანხმდით და გაზაფხულისთვის უკვე ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

– საფუძველი ჩაეყარა ახალ საკლუბო ტურნირს რაგბის კონტინენტურ ლიგას, რომლის ინიციატორიც რუსეთის რაგბის კავშირია. ჩვენი გუნდების იქ სავარაუდოდ ჩართვას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქომაგებში. ითამაშებენ თუ არა ქართული კლუბები ამ ლიგაში?

– ეს არ არის რუსების ინიცირებული ტურნირი. მას რატომღაც ბევრი ეძახის რუსულ პროექტს. სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ მე თითქოს რუსულ პროექტს ვუჭერ მხარს. მოდი, პოპულიზმს თავი დავანებოთ და პოლიტიკაში საერთოდ ნუ შევალთ.  ეს ტურნირი ჩატარდება ევროპის რაგბის ან მსოფლიოს რაგბის ეგიდით. ცხადია, თუ იმ ტურნირზეა საუბარი, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ჩვენც ვიყავით. ეს არ იქნება სანაკრებო ტურნირი. იქ არ ითამაშებენ სხვადასხვა ქვეყნის ფრანჩაიზები, არამედ მხოლოდ კლუბები.

ნაკრების ახალ მწვრთნელს პირდაპირ მივცემთ დავალებას, რომ ეროვნული ჩემპიონატის ყველა ტურის ყველა მატჩი უნდა ნახოს, ნაწილი ცოცხლად, ნაწილი ჩანაწერებით. უნდა ნახოს ყველა ლეგიონერის თამაში, მოითხოვოს ჩანაწერები. მან ნაკრები არ უნდა შეადგინოს იმ სიით, რომელსაც გადასცემენ და ეტყვიან – აი, აქედან აირჩიეო, არამედ საკუთარი შეხედულებით უნდა აარჩიოს მოთამაშეები

ამ შემთხვევაში, არ ვიცი რაზეა საუბარი. ვისი ეგიდით ტარდება. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, რათა ორ ან სამ ქართულ კლუბს საშუალება ჰქონოდა ეთამაშა საერთაშორისო დონეზე. ფაქტია, რომ რუსული და რუმინული კლუბები არაფრით ჩამოუვარდებიან ჩვენს კლუბებს თუ არ აღემატებიან. ჩვენი გუნდებისთვის ეს დამატებითი სტიმულია ეთამაშათ მათთან თუ ეს რაიმე დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევდა. პირიქით, ამ ტურნირს კლუბებისთვის ფინანსური სარგებელი უნდა მოეტანა. პროექტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოამზადა ითვალისწინებდა საპრიზო ფონდის არსებობას და კლუბებისთვის კომერციულად მომგებიანი იქნებოდა.

თუ საუბარია რუსეთის რაღაც გაფართოებულ ლიგაზე, არ მგონია ეს პოლიტიკურად სწორი იყოს. რუსებს სჩვევიათ სასურველის რეალობად გამოცხადება. ისინი ნააზრევსაც შემდგარ ფაქტად ასახელებენ. საფრანგეთში, ევროპის რაგბის ასამბლეაზე მკითხეს – რას იზამთ, ითამაშებთ იმ ტურნირში? ვკითხე, რომელ ტურნირში. მიპასუხეს – აი, იმაზე, ჩვენ რომ ვლაპარაკობდითო. ასე, როგორ შეიძლება. რას ჰქვია ჩვენ რომ ვლაპარაკობდით. ყველაფერს თავისი წესი აქვს. ტურნირმა უნდა გაიაროს აკრედიტაცია საერთაშორისო ფედერაციაში და ასე შემდეგ.

ნებისმერ შემთხვევაში, თუ რამე ოფიციალურად არის ადგილიდან დაძრული, ვნახავთ და გადავწყვეტთ. ჩვენ მოწადინებული ვართ ხელი შევუწყოთ კლუბებს. თუ კლუბებს სურთ მონაწილეობა, ჩვენ ხელს შევუწყობთ. თუ, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არ იქნება მათთვის სასარგებლო, მაშინ ამ პროექტს მხარს არ დავუჭერთ.

– ხელშეკრულების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი სხვადასხვა ასაკის ნაკრებისა და სარაგბო აკადემიების თანამშრომლობას ეხება…

– ეს თანამშრომლობა უკვე დაწყებულია. ბოლო ორი წელიწადია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გადის საწვრთნელ შეკრებას და იქვე ძალზე მნიშვნელოვან მატჩებს მართავს. ახალხან, სამხრეთაფრიკელები თბილისში იყვნენ და ორი მატჩი გამართეს. ჩვენი 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ საწვრთნელ შეკრებას სწორედ სამხრეთ აფრიკაში გაივლის და იქ ითამაშებს ტურნირზე, რომელიც ხარისხით მნიშვნელოვნად აღემატება იმ ევროპის ჩემპიონატს, რომლისთვისაც ვემზადებით.

ლაპარაკია აკადემიებს შორის თანამშრომლობაზე. უფრო დაბალი ასაკის ბავშვებში ერთობლივი სარაგბო ფესტივალის ჩატარებაზე. უკვე მივიღეთ შეთავაზება ერთ-ერთი სამხრეთაფრიკული კლუბიდან, რომელიც მზადაა ბავშვები ჩამოიყვანოს და სარაგბო ფესტივალი მოვაწყოთ. ამასთან ერთად, ჩვენს ფრანჩაიზს სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას მოემსახურება სარაგბო ბაზა. რაც არა მარტო ტექნიკური თვალსაზრისით თანამშრომლობას გულისხმობს, არამედ, ჩვენს გუნდთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ სამხრეთაფრიკელი რაგბის სპეციალისტები.

– მოდი, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ. ცნობილია, რომ ივლისის ტესტებზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ვეთამაშებით. ნოემბერში კი, საფრანგეთს. კიდევ ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები?

– ივლისში მინიმუმ სამ მატჩს გავმართავთ. სავარაუდოდ, ჯერ ზე რაგბიში მოთამაშე ერთ-ერთ სამხრეთაფრიკულ ფრანჩაიზთან ვითამაშებთ. ეს ან „ბლუ ბულზი“ იქნება, ან „სტორმერზი“. მომდევნო მატჩს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან გავმართავთ. მესამე კი, უკვე მსოფლიოს თასის მფლობელებთან გვექნება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, ალბათ, იანვრის ბოლოს დაზუსტებულად გვეცოდინება.

ნოემბერში ფრანგებს რომ ვეთამაშებით გადაწყვეტილია. დარჩენილი ორი თამაშისთვის კი, უნდა ველოდოთ კუნძულელების (ფიჯი, ტონგა, სამოა) ან ოკეანისგაღმელების (აშშ, კანადა) ჩამოსვლას. ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

– მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება ვინმე სპეციალისტთან ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე?

– მოლაპარაკების გარკვეულ ეტაპზე უკვე გასული ვართ. როცა გამოცხადდება ყრილობის თარიღი, დავასახელებ ნაკრების მწვრთნელობის იმ კანდიდატს, რომელსაც ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში წარვუდგენ გამგეობას დასამტკიცებლად. ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს გარკვეულ მოთხოვნებს წავუყენებთ.

დიდი 10-ის მორაგბეებს სჭირდებათ მეტი მოტივაცია. იმისთვის, რომ ქარი კაპზე მოთამაშე ქართულ ფრანჩაიზში, საქართველოს A ნაკრებში და ეროვნულ ნაკრებში მოხვდნენ. ეს პროცესი უნდა იყოს გაცილებით გამჭვირვალე, ვიდრე ეს ნაკრების წინა ხელმძღვანელობისას ხდებოდა. ფაქტობრივად, თუ მორაგბე თავს ვერ გამოიჩენდა ასაკობრივ ნაკრებში, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში თამაშით ნაკრებში ვერ ხვდებოდა.

ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა, ისინი ვინც გადაწყვეტილებებს იღებდნენ არ კადრულობდნენ და არ ესწრებოდნენ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს. რა ხდებოდა იქ, არ იცოდნენ. ცხადია, ეს ლევან მაისაშვილს არ ეხება. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი სტიმული იქნებოდა თითოეული მოთამაშისთვის, როცა ეცოდინებოდა, რომ თამაშს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ესწრება. რაოდენ დიდ შინაგან ძალას, ენერგიას გამონახავდა, რათა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოეჩინა.

ამიტომ, ნაკრების ახალ მწვრთნელს პირდაპირ მივცემთ დავალებას, რომ ეროვნული ჩემპიონატის ყველა ტურის ყველა მატჩი უნდა ნახოს, ნაწილი ცოცხლად, ნაწილი ჩანაწერებით. უნდა ნახოს ყველა ლეგიონერის თამაში, მოითხოვოს ჩანაწერები. მან ნაკრები არ უნდა შეადგინოს იმ სიით, რომელსაც გადასცემენ და ეტყვიან – აი, აქედან აირჩიეო, არამედ საკუთარი შეხედულებით უნდა აარჩიოს მოთამაშეები. ეს სია არ იქნება. ამით მინდა თითოეულ მორაგბეს ვუთხრა, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღია იქნება. ამას ჩვენ ვუზრუველყოფთ. როგორ გამოიჩენენ თავს, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.

SHARE