ფამაგუსტის “ანორთოსისმა” კვიპროსის მთავარი დივიზიონის მე-17 ტურში უშუალო კონკურენტ ნიქოზიის “ომონიასთან” გასვლაზე 0:1 წააგო. ამით საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. “ომონიამ” ერთპიროვნულ ლიდერ “ანორთოსისთან” სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. თუმცა 17 ტურის შემდეგ 36 ქულის მქონე თემურ ქეცბაიას გუნდს კონკურენტზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა “ომონიასთან” შეუცვლელად ითამაშეს. 59-ე წუთზე მოედანზე ნიკა კაჭარავა გამოჩნდა, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე კი განაცხადშიც არ ყოფილან. კვიპროსული მედიის ცნობით, ოქრიაშვილი ტრავმირებულია. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, მაგრამ რეაბილიტაციის პატარა კურსი აუცილებელი იყო და საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარცველი სამატჩო განაცხადში ამიტომაც ვერ მოხვდა.
ოქრიაშვილისა და ანანიძის არყოფნის მიზეზებზე ფამაგუსტელთა პრესსამსახურის უფროსმა სავას პილაკუტასმა ილაპარაკა: “ანანიძეს მოსამზადებლად დრო კიდევ სჭირდება. ერთ კვირაში გაირკვევა, ითამაშებს თუ არა შემდეგ ტურში. ოქრიაშვილს პრობლემა გასულ კვირას შეექმნა და, შესაძლოა, შემდეგ ტურში “დოხასთან” მატჩიც გამოტოვოს. ვარჯიშებზე გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ის ორი ტურის შემდეგ “ოლიმპიაკოსთან” თამაშს”.
ანანიძეზე ქეცბაიამაც ილაპარაკა: “ველოდებით, რომ ჯანო მალე აჩვენებს, რაც შეუძლია და იცის. ჯერ კი სათამაშოდ მზად არ არის. იმედი მაქვს, როგორც კი ფორმას აღიდგენს, მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება”.
ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე “ომონიასთან” მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა: “ბევრად უკეთ უნდა გვეთამაშა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა ის, რაც მოსაგებად გვჭირდებოდა. კვიპროსის ჩემპიონატში ძალიან საინტერესო ვითარებაა. ბრძოლა ბოლომდე იქნება. ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ის ბრძოლისუნარიანობა, რაც შინ გვახასიათებს ხოლმე. ეს პირველად არ ხდება და ჩვენი პრობლემაა”.
წყარო: lelo.ge