რატომ დაახვედრეს აბურჯანიას წარწერა ARVELADZE

293

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან ფრედ რომ ითამაშა, ამაში ძალიან დიდი იყო გიორგი აბურჯანიას წვლილი. 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მოედნის ცენტრში მართლაც რომ კლდესავით იდგა და ოთარ კიტეიშვილთან ერთად ამ ზონაში უდიდესი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა…

აბურჯანია ჰოლანდიური “ტვენტეს” (ენსხედე) ფეხბურთელია. ამასწინათ, გოლიც გაიტანა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა არ აქვს იმდენი, რამდენსაც ყველა ვისურვებდით.

მას ენსხედეში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ. ჩვენი საუბარი “ფეიენოორდთან” მატჩამდე შედგა. ეს მატჩი “ტვენტემ” 1:5 წააგო. აბურჯანია ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა…

– გიორგი, როგორ შეეწყვეთ ჰოლანდიას, რამდენად კმაყოფილი ხართ იმით, რომ “ტვენტეზე” შეაჩერეთ არჩევანი?

– ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდში ვარ, უფრო სწორად – მის ბოლო ფაზაში. რაც შეეხება არჩევანით კმაყოფილებას, მიმაჩნია, რომ ჩემი კარიერისთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი.

– საინტერესოა, როგორ აფასებთ ჰოლანდიის მთავარ ლიგას, ერედივიზიონს, რა მოგწონთ ამ ჩემპიონატის და რას უყურებთ შედარებით კრიტიკულად?

– ერედივიზიონი ლაღი და, მე ვიტყოდი, ზედმეტად გახსნილი ჩემპიონატია. აქ პატივს სცემენ გემოვნებიან ფეხბურთს და ყველა გუნდი ცდილობს, ამ გზას გაჰყვეს. ერედივიზიონში მაღალი დონის არაერთი ფეხბურთელი თამაშობს. პოზიციურად დაშვებულ შეცდომას ძალიან იშვიათად გპატიობენ.

რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ჩემი აზრით ის არის, რომ 3-4 გუნდს ხელოვნურ საფარზე უწევს თამაში და ეს დიდ გავლენას ახდენს თამაშის ტემპზე. ასევე მაღალია ტრავმის მიღების ალბათობა. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ერედივიზიონში ბუნებრივი საფარი სავალდებულო გახდეს.

– “ტვენტემ” კარგად დაიწყო სეზონი. არადა, ერედივიზიონში ახალდაბრუნებული გუნდისგან ამას ბევრი არ ელოდა. რაშია გუნდის წარმატების გასაღები?

– სეზონის სტარტი ნამდვილად კარგი იყო. “ჰერაკლესთან” თამაშამდე არცერთი წაგება არ გვქონდა. ჩემი აზრით, არც “ჰერაკლესთან” თამაში იყო წასაგები. მე ვფიქრობ, წარმატების გასაღები ის არის, რომ კლუბის სპორტულმა დირექტორმა შეძლო საკმაოდ მაღალი დონის, ამბიციური ფეხბურთელების თავმოყრა.

– რას იტყვით გუნდის მთავარ მწვრთნელზე? რამდენად გრძნობთ მისგან ნდობას და ხართ თუ არა კმაყოფილი იმ სათამაშო დროით, რომელიც გეძლევათ?

– რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ სათამაშო დროით, მაგრამ მწვრთნელისაც მესმის. აქ რომ მოვედი, გუნდი უკვე დაკომპლექტებული იყო. “ტვენტესთან” ერთად შეკრება არ გამივლია. ზოგადად ჩვენ, ფეხბურთელები, სიტუაციას ყოველთვის ჩვენი მხრიდან ვუყურებთ და ზოგჯერ ემოციებს ვერ ვთოკავთ. ეს საბოლოო ჯამში ისევ ჩვენ გვაზარალებს. ვცდილობ, რაც შეიძლება, თავშეკავებული ვიყო, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის (იცინის). მინდა, ჩემი შრომით მოვიპოვო ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

– რა სხვაობას ხედავთ ესპანურ და ჰოლანდიურ ფეხბურთს შორის? გასაგებია, ტექნიკა ორივე ამ ჩემპიონატში მთავარია. განსხვავება რაშია?

– ჩემი აზრით, ორივე მაღალი დონის ჩემპიონატია. სეგუნდაში უფრო ჩაკეტილი ფეხბურთია. ძალიან რთულია გოლის გატანა და ცოტა საგოლე მომენტი იქმნება. ეს ხდება იმიტომ, რომ არცერთი გუნდი არ რისკავს. ჰოლანდიაში კი ეს ყველაფერი პირიქითაა.

გუნდების უმრავლესობა სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. ამიტომაა, ერედივიზიონის ფეხბურთელების მიმართ ტოპკლუბები დიდ ინტერესს რომ იჩენენ. ჰოლანდიის ჩემპიონატი შესანიშნავადაა შეფუთული. მაყურებელიც მრავლადაა. “ტვენტეს” მაგალითი რომ ავიღოთ, მიმდინარე სეზონში 25 ათასი აბონემენტია გაყიდული. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საშინაო შეხვედრებზე 25 ათასი მაყურებელი გარანტირებულია.

– რამდენად რეალურია ამ სეზონში “ტვენტეს” გასვლა ევროტურნირებზე?

– ჩემი აზრით, შეცდომაა ფეხბურთში წინასწარ რამის დაგეგმვა, რადგან სატურნირო ცხრილში ვითარება ყოველ კვირას იცვლება. სწორი მიდგომაა ის, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გახვიდე და იფიქრო ყოველ მომდევნო მატჩზე.

– კლუბში თუ იციან საქართველოს ან ქართველი ფეხბურთელების შესახებ?

– რა თქმა უნდა, იციან. აქ თამაშობდა გოგა გახოკიძე და მას ყველა კარგად იხსენებს. ასევე, “ტვენტეს” სპორტული დირექტორი მერაბ ჟორდანიას დროს “ვიტესშიც” იყო დირექტორი და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ქართველებთან. ასევე კარგად იხსენებენ ვაკო ყაზაიშვილსა და გურამ კაშიას…

სხვათა შორის, ამ ერთი კვირის წინ სახალისო ისტორია შემემთხვა – საუზმის დროს აჩვენებდნენ “აიაქსის” ძველი გოლების კოლაჟს. იქ შოთას გოლიც იყო. მეც, ბუნებრივია, დავიწყე ტრაბახი იმით, რომ შოთა ქართველია, რომ მისი დონის ფორვარდი “აიაქსში” თითზე ჩამოსათვლელი იყო და ასე შემდეგ.

“ტვენტეს” ესპანელებისგან ამაზე სკეპტიკური პასუხი მივიღე – ჩვენს ჰოლანდიელებსაც არ ეცოდინებათ, ვინ იყო არველაძეო. თეორიის ოთახში საგანგებოდ მოვაწყვეთ გამოკითხვა და, რა თქმა უნდა, მე გავიმარჯვე. ამის მერე ვარჯიშზე გავედით და რომ დავბრუნდით, ჩემს გამოსაცვლელ კუთხეში დამხვდა წარწერა – ARVELADZE.

– ქალაქზე რას იტყვით? მოგწონთ ენსხედე?

– ტიპური ევროპული, პატარა და წყნარი ქალაქია გერმანიისა და ჰოლანდიის საზღვარზე. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

– შეაფასეთ დანიასთან მატჩი, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყავით. არადა, ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა თქვენი და ოთარ კიტეიშვილის წყვილს საყრდენ ზონაში. კიტეიშვილი ამპლუით საყრდენი არ არის, აბურჯანიას კი ასეთ შეხვედრებში თამაშის გამოცდილება აკლიაო, ამბობდნენ…

– დანიასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ყველასთვის უნდა დაგვემტკიცებინა – ამ დონის ნაკრებებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია! უნდა დაგვემტკიცებინა ისიც, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს… თამაშს რაც შეეხება, რთული გამოვიდა იმდენად, რამდენადაც დანია გვეთამაშებოდა “მაღალ” პრესინგს და არ გვაძლევდა თავისუფლად “ამოსვლის” საშუალებას. ეს განსაკუთრებულ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. შეამჩნევდით, ასეთი ტაქტიკის გამო დანიელებს მეორე ნახევარში დაღლა დაეტყოთ და ზონები, რომელიც სწორედ დაღლილობისა თუ სხვა რამეების გამო თავისუფალი რჩებოდათ, ვეცადეთ მაქსიმალურად აგვეთვისებინა.

– დაბოლოს, საქართველოს ნაკრების მომავალზე. ჯერ ეს შესარჩევი უნდა ჩავამთავროთ, მერე ერთა ლიგის პლეი ოფების დრო მოდის. რა პერსპექტივა გვაქვს?

– ალბათ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება. ისე კი, ნაკრების მაისურით გამართული ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და, ჩემი აზრით, უმჯობესია, ჯერ აქცენტი ოქტომბრის მატჩებზე გავაკეთოთ. ვიფიქროთ თამაშიდან თამაშამდე პროგრესზე და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს.

წყარო: lelo.ge

SHARE