რატომ მოდიოდა მალის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში 2500 დოლარად და რა ვერ შეძლეს ქართულმა კლუბებმა „საბურთალოს“ და „ზესტაფონის“ მსგავსად…

432

“ლელომ” ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ ექსკლუზიური წერილი, რომელიც ჩვენი პოლონელი კოლეგის მონათხრობს ეფუძნებოდა. ამ ინფორმაციის თანახმად, პოზნანის “ლეხი” საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ორი ფეხბურთელის, ნიკოლოზ მალისა და გიორგი კოხრეიძის გადაბირებითაა დაინტერესებული. მანვე გვაცნობა ისიც, რომ არის ინტერესი გუგა ფალავანდიშვილის მიმართ, ვინც ამჟამად ლატვიური “ვენტსპილსის” ღირსებას იცავს.

ფალავანდიშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ბუნდოვანი იყო. მის გადამოწმებაში დახმარება ირაკლი ხვედელიანს ვთხოვეთ, ვინც პოლონურ საფეხბურთო წრეებთან დაახლოებულია და ქართულ საფეხბურთო სამყაროში კარგად არის ცნობილი. ის ბოლო დროს “ვიტ ჯორჯიას” მენეჯერი გახლდათ. არაერთ ფეხბურთელს დახმარებია კარიერის აწყობაში. მას ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ველაპარაკეთ

– ჩვენმა პოლონელმა კოლეგამ და მეგობარმა დაზუსტებით გვითხრა, რომ არის ინტერესი ნიკოლოზ მალისა და გიორგი კოხრეიძის მიმართ. ასევე გვითხრა გუგა ფალავანდიშვილზე, ოღონდ ცოტა ბუნდოვნად. თქვენ კარგად იცნობთ პოლონურ საფეხბურთო წრეებს და რას იტყვით ამაზე?

– დავიწყოთ იმით, რომ პოლონური საკლუბო ფეხბურთი ჩემში უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. როცა გუნდში ვმუშაობდი და იგეგმებოდა მოსამზადებელი პერიოდი, ვცდილობდი, პოლონურ გუნდებთან ხშირად გვქონოდა სპარინგები. მათი დონის გათვალისწინებით, ჩვენ გვეძლეოდა დიდი მასალა განსჯისთვის. “ვიტ ჯორჯია” ბოლოს შეკრებაზე რომ იყო, ვითამაშეთ პოლონურ “რაკოვთან”, რომელიც უმაღლეს ლიგაში აღზევდა, და ასევე “პოდბესკიძიეს”, რომელშიც მაშინ გუგა ფალავანდიშვილი თამაშობდა. სხვათა შორის, “თელავი” თურქულ შეკრებაზე რომ გაემგზავრა მოგვიანებით, მე დავეხმარე “პოდბესკიძიესთან” თამაშის ორგანიზებაში და იმედია, კლუბს წაადგა ეს სპარინგი. აქვე, მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მწუხარება გამოვთქვა გია ამისულაშვილის გარდაცვალების გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს და მთელ თელავს… რაც შეეხება ინფორმაციას, შევეხმიანე “პოდბესკიძიეს” ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ მენეჯერ მარჩინ ჰაკმანს, სადაც გუგა ადრე თამაშობდა და მისგან დაზუსტებით გავიგე, რომ პოლონეთიდან ფალავანდიშვილის მიმართ არის ინტერესი, ოღონდ, იქვე დასძინეს, რომ ეს გუნდი არ არის “პოდბესკიძიე”, სადაც გუგა ადრე თამაშობდა.

– როგორც მენეჯერს, ისე უნდა შეგეკითხოთ – რა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ქართული კლუბებისთვის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში?

– განსხვავება აქ არის: ზოგი კლუბი ცდილობს შედარებით დაბალი ბიუჯეტით ააშენოს გუნდი, ზოგსაც მეტი ფინანსური საშუალება აქვს, თუმცა ორივე შემთხვევაში წერტილოვანი სელექციის პრინციპით უნდა იმოქმედონ. ქართული კლუბებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება იაფად ჩაიგდოს ხელში ნიჭიერი ფეხბურთელი, შეიტანოს წვლილი მის განვითარებაში და ამის შემდეგ გაყიდოს ის გაცილებით ძვირად. რაც შეეხება საქმისადმი მიდგომას, აქ მთავარ მომენტად მიმაჩნია გუნდის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდი ხნით. შეიძლება გაყიდო ესა თუ ის გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ ბირთვი არ უნდა დაშალო. ეს შეძლო “საბურთალომ” და მიაღწია კიდეც დასახულ შედეგს. თავის დროზე გუნდი შეინარჩუნა “ზესტაფონმა” და ამ პატარა ქალაქის გუნდმა ყველა ქართული ტიტული მოიგო. დღეს ეს პრობლემა მძაფრად დგას ქართულ ფეხბურთში.

– ქართულ კლუბებს, ჩვენი აზრით, ერთი არჩევანი აქვთ – გადაიბირონ ნაკლებად ცნობილი ნიჭიერი ახალგაზრდა უცხოელები, მაგალითად, აფრიკიდან. კი, იქ პირველი არჩევანი ტოპკლუბებისაა, მაგრამ ამ ბაზარზე მუშაობა მაინც შეიძლება. ბევრს ალბათ გონია, რომ ეს დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული

– უნდა დაგეთანხმოთ. რაც შეეხება დანახარჯებს, როცა საუბარი ეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების ხელფასს, ეს არ არის დიდი თანხა. ამ ფეხბურთელებისთვის საქართველო არის ტრამპლინი – ევროთასებზე ითამაშებს, სხვადასხვა კლუბები დაინტერესდებიან… მაგალითად, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, მალის ნაკრების (მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში წააგო იტალიასთან) ერთ-ერთი ლიდერი მზად იყო, ჩამოსულიყო ერთ-ერთ ქართულ გუნდში, ოღონ, არ დავასახელებ ახლა გუნდს… მერე თვითონ ქართულ მხარეს გაუჩნდა პრობლემები.

– მაინც რა თანხად წამოვა ახალგაზრდა, ნიჭიერი აფრიკელი ლეგიონერი ქართულ კლუბში? ვთქვათ, 2000 დოლარად?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად აღმოაჩენ ამ ფეხბურთელს. უნდა დაასწრო სხვას, თორემ პირობითად რომ ვთქვათ, თუ ბრძოლაში უკრაინული, პოლონური და სხვა ქვეყნების კლუბები ჩაერთვნენ, მაშინ ქართულ კლუბს მათთან ფინანსურ ჭიდილში ძალიან გაუჭირდება.

– საინტერესოა. მაშინ ასე დავსვათ კითხვა – ის მალელი რა თანხად მოდიოდა საქართველოში?

– 2500 დოლარად! ამ თანხაში არ შედიოდა საცხოვრებლისა და კვების ხარჯები. ალბათ, დამეთანხმებით, თანამედროვე პირობებში ეს არ არის დიდი თანხა…

– რამდენად რეალურია ქართულ კლუბებში უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების გამოჩენა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ?

– თავადაც ხედავთ, რა კარგად თამაშობს გიორგი წიტაიშვილი. მან საგოლე პასი გააკეთა ევროპალიგის ბოლო მატჩში, შვეიცარიულ “ლუგანოსთან”, თუმცა კიევის “დინამო”, სამწუხაროდ, მაინც გავარდა. ძალიან საინტერესო მცველია დენის პოპოვი და ის ახლა “დინამოში” თამაშობს. საინტერესო ფეხბურთელია დანილო ბესკოროვაინი. ის “დუნაისკა სტრედაში” თამაშობს და სლოვაკეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი სერგეი ბულეცა “დინამოს” “დნიპროში” ჰყავს განათხოვრებული. შეიძლებოდა მის იჯარაზე დალაპარაკებაც. ასევე “დნიპროში” იყო განათხოვრებული და საბოლოოდ გამოისყიდეს კიდეც ფორვარდი ვლადისლავ სუპრიაგა…

– დაბოლოს, ხომ არ გთავაზობთ სამსახურს რომელიმე ქართული კლუბი?

– იყო ერთი-ორი შეთავაზება, მაგრამ კონკრეტული არაფერია ჯერ. არადა, ფეხბურთი ძალიან მომენატრა…

წყარო: lelo.ge

SHARE