რატომ წავიდა თავის დროზე გვარდიოლა ბარსელონადან და შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება

380

ცოტა ხნის წინ „ბარსელონამ“ იუბილე არ აღნიშნა. აქ არ არის ლაპარაკი კლუბის 120 წლის იუბილეზე, ვგულისხმობთ ერთი ეპოქალური მიღწევის აღნიშვნაზე – 2009 წლის 19 დეკემბერს „ბარსამ“ ითამაშა არგენტინულ „ესტუდიანტესთან“, რომლის ლიდერიც გახლდათ ლეგენდარული ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი…

…თამაში ტარდებოდა აბუ-დაბიში და ეს გახლდათ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი. იმ შეხვედრის დასაწყისში მოვლენები ევროპული გრანდისთვის ვერ იყო სახარბიელო: 37-ე წუთზე კარლეს პუიოლმა და ერიკ აბიდალმა საჰაერო ორთაბრძოლა წააგეს, რის შემდეგაც არგენტინული კლუბი ელთა ფორვარდმა მაურო ბოზელიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან უძლიერესი თავურით კინაღამ გახია ვიქტორ ვალდესის კარის ბადე!..

მატჩი ძალიან დაძაბული იყო. საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა… ძირითადი დროის ბოლო წუთზე „ბარსელონამ“ მაინც გაიტანა – ვერონის შეცდომის შემდეგ მცველები დაიბნენ, რითაც კარგად ისარგებლეს ჟერარდ პიკემ და პედრო როდრიგესმა. ანგარიში გათანაბრდა, თამაში დამატებით დროში გადავიდა, ბოლო სიტყვა კი… ლიონელ მესიმ თქვა. არგენტინელმა გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე შეაგდო.

„ბარსელონამ“ მოიგო ტურნირი და მორიგი ჯილდოც მოინადირა. ეს იყო კალენდარული წლის მეექვსე ჯილდო და ამით გახლდათ ის უნიკალური. არცერთ გუნდს ამის შემდეგ არ გაუმეორებია ეს უნიკალური მიღწევა.

ყველაზე ახლოს ამასთან ისევ „ბარსელონა“ იყო. ეს მოხდა 2015 წელს, როცა კატალონიური გრანდი დააღალატა ესპანეთის სუპერთასზე „ბილბაოსთან“ მარცხმა (0:4!). ბასკებმა მრისხანე მეტოქეს მძიმე დარტყმა მიაყენეს. იმ თამაშში ბილბაოელებს „ბარსას“ დღევანდელი დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე თავკაცობდა.

ის „ბარსელონა“ მართლაც დაუვიწყარი გუნდი იყო. მას შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვნახეთ ფეხბურთში. ვნახეთ იუპ ჰაინკესის „ბაიერნი“, ჯერ კარლო ანჩელოტის, მერე კი ზინედინ ზიდანის „რეალი“, ლუის ენრიკეს „ბარსელონა“. ვნახეთ პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“, მაგრამ, როცა გამოარჩევენ ერთ გუნდს, იდეალურთან ახლოს მყოფს, სხვანაირად რომ ვთქვათ, „დრიმ თიმს“, ყველა ერთხმად ასახელებს გვარდიოლას „ბარსელონას“.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ბევრი მიიჩნევს, რომ თუ ამ ფორმაციის გუნდებს შევადარებთ, სწორედ ის „ბარსელონა“ უფრო ახლოს იყო სრულყოფილებასთან.

ეს დიდი ისტორია დაიწყო მაშინ, როცა გვარდიოლა მივიდა გუნდში. მივიდა მწვრთნელად. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ მას ნათამაშები ჰქონდა ამ კლუბში. მერე ხელმძღვანელობდა მეორე გუნდს… მოკლედ, იცოდა იქაური სამწვრთნელო ფილოსოფია, რომელიც ყველაზე კარგად მოუხდებოდა „ბარსას“ – ეს ფაქტია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ მხოლოდ ამის ცოდნით დიდ გუნდს ვერ გააკეთებ. გვარდიოლა დიდი მწვრთნელი აღმოჩნდა…

ცრემლების ზღვა

„ბარსელონას“ გულშემატკივრები დარწმუნებულები არიან, რომ პეპ გვარდიოლას მდგომარეობა „ბარსაში“ მას შემდეგ გაუარესდა, რაც მას ურთიერთობა დაეძაბა კლუბის ახალ ხელმძღვანელობასთან, რომლის სათავეში იდგა სანდრო როსელი. ეს შემადგენლობა კატალონიური გრანდის სათავეში 2010 წლის ზაფხულში მოვიდა. ბევრის აზრით, სწორედ ამის გამო იუარა გვარდიოლამ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.

თუ მოვლენებს კარგად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ეს მართალია, მაგრამ ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ არ დაეძაბა ვითარება. საინტერესოა, რა ამოძრავებდა როსელს და მის გუნდს. ამ გადასახედიდან კითხვაზე პასუხი ერთადერთია – მათი სურვილი გახლდათ, კლუბში რაც შეიძლებოდა, შემცირებულიყო გვარდიოლას გავლენა და, სიმართლე უნდა ითქვას, მათ ამას მიაღწიეს კიდეც.

ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ როგორ გამოემშვიდობა პეპს „კამპ ნოუ“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტადიონზე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ უნახავს, ცრემლების ზღვა დაიღვარა…

მართლაც, „ბარსელონას“ გულშემატკივრები თითქოს წინასწარ ხვდებოდნენ იმას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ცრემლი ცრემლად და, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ „ბარსელონა“ ვეღარ არის ისეთი, როგორიც იყო ხოლმე.

კი, კატალონიური გრანდი ისევ იგებს თამაშების უმრავლესობას, მაგრამ ეს აღარ არის ისეთი მოგება, რომელიც კვირების განმავლობაში დაგამახსოვრდებოდა კაცს. თითქოს, ჩვეულებრივ, რუტინულ გამარჯვებებამდე დავიდა გუნდი, რომელიც ლამის ყველა შეხვედრაში, რაოდენ მაღალიც უნდა ყოფილიყო „დუღილის ტემპერატურა“, დაუვიწყარ სპექტაკლებს დგამდა.

ყველა მიხვდა, რომ „ბარსელონა“ და გვარდიოლა ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები. მით უმეტეს, ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც „ბარსა“ ერნესტო ვალვერდემ ჩაიბარა. „ბარსელონას“ აღარ სცხელა იუბილეებისთვის. გუნდში ვითარება დაიძაბა, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა წნეხის ქვეშაც უწევს მუშაობა ვალვერდეს.

მისი „ბარსაც“ ხშირად იგებს, მაგრამ ამ მოგებებს ცეცხლი და ხიბლი აკლია. „ბარსელონა“ თავის თავს აღარ ჰგავს. აგერ, ბოლო „კლასიკო“ რომ ავიღოთ, კატალონიური გუნდი დაცვაში იჯდა და ფონს გასვლას მხოლოდ კონტრშეტევებით ცდილობდა…

ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება! ეს „ბარსელონაა“ და ვინც უნდა იყოს გუნდის მთავარი მწვრთნელი, გუნდმა უნდა შეუტიოს და შოუ დადგას. ეს გარდაუვალია. მაგრამ ვალვერდე არ არის შოუების კაცი. ის უფრო სხვა კაცია. პრაგმატიკოსი.

რამდენად შესაძლებელია ბარსაში დაბრუნება?

რამდენიმე წლის წინ ეს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის საქმე. ცოტა ხნის წინ ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ისევ იბრძოლებს „ბარსელონას“ პრეზიდენტობისთვის. ცნობილია, რომ გვარდიოლა ლაპორტას რჩეულია.

მეორე საკითხია ის, რომ „სიტიში“ გვარდიოლას საქმეები მაინცდამაინც კარგად ვერ მიდის. ორიოდე დღის წინ მან თავად აღიარა, რომ პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლამ აზრი დაკარგა და რომ „სიტი“ ტიტულს „ლივერპულს“ გადაულოცავს. ეს ძალიან მტკივნეული თემაა „ქალაქელთა“ არაბი მეპატრონეებისთვის.

გვარდიოლას ბოლოდროინდელ კომენტარებში აშკარაა ნოსტალგია. გარდა ამისა, დაკვირვებული კაცი ამოიკითხავდა იმ აზრსაც, რომ ის დიდხანს აღარ აპირებს ინგლისურ ფეხბურთში დარჩენას. ამ განშორებას დააჩქარებს ერთი ფაქტი – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „სიტის“ მეტოქედ „რეალი“ ერგო და თუ ეს ჯილდოც ვერ მოიგო, არ გაგვიკვირდეს, პეპი პოსტიდანაც კი დაითხოვონ და მომდევნო სეზონიდან… ისევ „ბარსაში“ ვიხილოთ…

წყარო: lelo.ge

SHARE