რა დრო გაუცდება კაკაბაძეს

385

ხორვატიასთან ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ოთარ კაკაბაძემ, რომელიც 39-ე წუთზე ლევან შენგელიამ შეცვალა. ახლა საქართველოს ნაკრების უმთავრესი ორიენტირი ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩია, რომელიც 2020 წლის მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს და ამდენად, ეროვნული გუნდის თითოეული წევრის ფორმაში ყოფნას იმაზე გაცილებით დიდი ფასი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში ექნებოდა…

მით უმეტეს, კაკაბაძეს დაცვის მარჯვენა ფლანგზე ამჟამად კონკურენტი არ ჰყავს და მისი ტრავმა ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის…

საბედნიეროდ, ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. კაკაბაძეს რამდენიმე კვირა გაუცდება და იმედია, ბელარუსთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. მან მხარდაჭერისთვის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

 “ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო წლის ბოლო თამაში ვერ დავასრულე. მოედანს რამდენიმე კვირაში დავუბრუნდები ახალი იმედებით და დიდი მოტივაციით! წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია”, – დაწერა კაკაბაძემ სოციალურ ქსელში.

წყარო: lelo.ge

SHARE