თბილისის “დინამოში” მორიგი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა. ესპანურმა სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც რეალურად ჩისკო მუნიოსი მეთაურობდა, ფორმალურად კი – ფელის ვისენტე, გუნდი დატოვა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სეფე-სიტყვა კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თქვა…
ქართულ ფეხბურთში ფიფიას განსაკუთრებული ნიშა უჭირავს. ის კარგა ხანია, გამორჩეულია თავისებური მიდგომით და მისთვის არაფერს წარმოადგენს ამა თუ იმ მწვრთნელისთვის კარისკენ მითითება. აქედან გამომდინარე, მისგან ბევრი რამ აღარ გვიკვირს, მაგრამ ამ ბოლო გადაწყვეტილებამ მაინც ბევრი გააკვირვა...
გულშემატკივრები არ სჯერდებოდნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და პირადად ჩემი ტელეფონიც არაერთხელ აწკრიალდა. იყო კითხვები – ხომ არაფერი ვიცით ახალი “დინამოში” მიმდინარე პროცესებზე…
ამაში გასაკვირი არაფერია: ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მიმართ ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდია ქართულ ფეხბურთში. მაშინაც კი, როცა თბილისის “დინამო” ვერ არის იმ სიმაღლეზე, როგორც მის სახელს და ისტორიას ეკადრება, როგორც მისი ქომაგები ითხოვენ…
მით უმეტეს, 3-წლიანი პაუზის შემდეგ დედაქალაქურმა გრანდმა დაიბრუნა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მომავალ სეზონში ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს…
რატომ წავიდა (თუ გაუშვეს) ჩისკო?
პირდაპირ ვთქვათ – ჩისკო მუნიოსი “დინამოდან” საკუთარი სურვილით არ წასულა. ანუ, მოხდა რაღაც ისეთი, რის გამოც ჩემპიონ მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს. რა თქმა უნდა, მას ჩემპიონთა ლიგაში საკუთარი ძალების გამოცდა; მეორეც – დიახ, ჩემპიონები ასე იოლად არ მიდიან; და მესამე – რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში “დინამოს” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელი იმედიანად იყო და გუნდიდან წამსვლელის არაფერი ეტყობოდა, უფრო პირიქით – გუნდის გაძლიერებასა და პერსპექტივაზე ლაპარაკობდა…
ორი აზრი არ არის – ჩისკომ თანამდებობა დატოვა კლუბის ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო. იყო გარემოებები, რის გამოც ესპანელს გუნდიდან წასვლა მოუხდა…
სანამ უშუალოდ მიზეზებზე გადავიდოდეთ, ვთქვათ, რომ “დინამოში” მისი ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო. თბილისური კლუბისთვის მას ძალიან ბევრი ჰქონდა გაკეთებული. ისე ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა, ცოტა არ იყოს, ხისტი იყო ესპანელი სპეციალისტის მიმართ, მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზები.
ამ მიზეზებზე აუცილებლად დავწერთ. ისინი საქმეში კარგად ჩახედულ რამდენიმე ადამიანს გამოვიკითხეთ და თითქმის ყველამ ერთი და იგივე გვითხრა, მცირეოდენი სხვაობით.
მაშ ასე, პირველი მიზეზი იყო სამწვრთნელო ლიცენზიის საკითხი, რაზეც “ლელომ” (lelo.ge) უკვე დაწერა. დიახ, ჩისკოს არ აქვს პრო-ლიცენზია. ეს გასულ სეზონში გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა. ფელის ვისენტე მთავარ მწვრთნელად ითვლებოდა, ჩისკო კი გუნდი ფაქტობრივი დამრიგებელი გახლდათ – მას მიჰყავდა სამწვრთნელო და სათამაშო პროცესი.
მხოლოდ ეს მიზეზი რომ ყოფილიყო, საქმეს კიდევ რაღაც ეშველებოდა, მაგრამ მიზეზები კიდევ დაგროვდა. როგორც გავიგეთ, ახალი კონტრაქტის გაფორმების წინ ჩისკოს სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნები ფინანსური კუთხით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გარდა ამისა, ესპანელებს უჭირდათ სამშობლოსა და საქართველოს შორის მგზავრობა. ახლა კი ბოლო და მეტად “მსხვილმან” მიზეზზე გადავიდეთ – ირკვევა, რომ საჩემპიონო სეზონის მიუხედავად, “დინამოს” ხელმძღვანელობა მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო გუნდის თამაშით. ამ შემთხვევაში არ გამართლდა ძველი სენტენცია, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.
რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩისკო ვერაფრით იქნება კმაყოფილი იმით, თუ როგორ მოექცა მას კლუბის ხელმძღვანელობა. გულშემატკივრებშიც არ იქნება ერთიანი აზრი – თუ ვინმეს შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე “დინამოს” ლეგენდა, ეს უდავოდ ჩისკოა…
ვინ წავა და ვინ მოვა?
რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბის შეცვლა ანალოგიურ პროცესს გამოიწვევს შემადგენლობაშიც. უკვე ვწერდით, რომ “დინამოში” შეიძლება აღმოჩდნენ არამარტო “ტორპედოს” მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, არამედ, გუნდის ლიდერებიც – როინ კვახსვაძე და თორნიკე კაპანაძე. გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ “დინამოს” დატოვებენ უკრაინელი მიხაილო შიშკა, ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი და გუჯა რუხაია.
რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალიდან ყველაზე დიდი დანაკლისი პერალესია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში. ჩვენი ინფორმაციით, გუნდიდან წამსვლელთა სია ამ რამდენიმე ფეხბურთელით არ ამოიწურება.
“დინამოდან” შეიძლება წავიდეს კიდევ ერთი მეკარე – უკრაინელი სერგეი ლიტოვჩენკო, ასევე, ფორვარდი კვამე კარიკარი და ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი. ამ სამეულიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მონხილია. პერალესის არ იყოს, ამ ესპანელი ცენტრალური მცველის საიმედო თამაშმაც დიდად განაპირობა “დინამოს” ტრიუმფი.
მომსვლელებზე ნაწილობრივ ვიცით და კულუარებში ისიც გვითხრეს, რომ “დინამო” ეცდება უკრაინელი მცველის, ოლექსანდრ აზაცკის გადაბირებას, რომელიც ჩხეტიანისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელია ქუთაისის “ტორპედოდან”.
გარდა ამისა, არ გამორიცხავენ, “დინამომ” დაიმატოს “საბურთალოდან” წასული ზოგიერთი ფეხბურთელებიც. საუბარია ქართველ კადრებზე. მოგეხსენებათ, “საბურთალოს” რიგებს არაერთი მოთამაშე დატოვებს…
წყარო: lelo.ge