რევაზ დავითაძის ორი მედალი მსოფლიოზე: ოქრო და ბრინჯაო

366

ტაილანდურ პატაიაში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ 89 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საპრიზო ადგილებისთვის 31 სპორტსმენი იბრძოდა. 21 წლის რევაზ დავითაძემ საქართველოს დელეგაციას ორი მედალი მოუტანა.

დავითაძე 20-წლამდელებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და ამ ასაკში მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენია. შარშან ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა უფროსებში. აშხაბადში მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში 168 კილოგრამით მე-4 ადგილზე გავიდა, აკვრაში 203 კილოთი მეხუთე ადგილი დაიკავა. ორჭიდში 371 კილოს მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალი ერგო. არადა, ბელარუს პაველ ხადასევიჩსაც ამდენივე ჰქონდა მოგროვებული, მაგრამ ეს პირველმა შეძლო და ვერცხლიც მას ერგო.

წლეულს ბათუმში რეზო ახლოს იყო ევროპის ჩემპიონობის შენარჩუნებასთან, მით უმეტეს, რომ ატაცში 170 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში მას კილოგრამით (371) სომეხმა ჰაკობ მკრტიჩიანმა აჯობა. თავად კი აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ქართველმა ძალოსანმა პატაიაში ჯერ 166, შემდეგ კი 169 და 172-კილოიანი შტანგები შემართა თავს ზემოთ და, ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, მსოფლიოზეც ამ მოძრაობაში უკონკურენციოდ მოიპოვა ოქროს მედალი. ჩვენებურს 3-3 კილოგრამით ჩამორჩნენ ალექსანდრ ბერსანაუ (ბელარუსი) და ჯოვანი ვალენილა სანჩესი (ვენესუელა), რომლებიც, შესაბამისად, ვერცხლსა და ბრინჯაოს დაყაბულდნენ.

სამწუხაროდ, დავითაძეს აკვრაში არ გაუმართლა. პირველ ცდაზე 199 კილო დაიმორჩილა, მეორე (203 კგ) და მესამე (204 კგ) ცდები გაუცუდდა და საბოოლოოდ ამ მოძრაობაში მერვე იყო. 208-208 კილოგრამით ოქრო-ვერცხლი იაპონელმა ტოშიკი იამამოტომ და მკრტიჩიანმა (მას ბოლო ცდა არც გამოუყენებია) გაინაწილეს. 207 კილოთი ბრინჯაო ირანელ ალი მირის ხვდა. ორჭიდში დავითაძემ, როგორც შარშან, 371 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა.

89 კგ
1.ჰაკობ მკრტიჩიანი (სომხეთი) – 375 (167+208)
2.ალი მირი (ირანი) – 374 (167+207)
3.რევაზ დავითაძე (საქართველო) – 371 (172+199)
დღეს ტაილანტდურ ფიცარნაგზე 96 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები მოსინჯავენ ძალებს. A ჯგუფში (14:55 სთ) საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის იბრძოლებს წარმოშობით უკრაინელი ანტონ პლესნოი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა 2017 წელს მიიღო.

წყარო: lelo.ge

SHARE