რევაზ ძოძუაშვილი: ამიტომაც მგონია, რომ ვაისის ეს არჩევანი იყო სწორი!..

505

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩის ანალიზი ვთხოვეთ ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, რევაზ ძოძუაშვილს. როგორც ყოველთვის, მან ამჯერადაც საინტერესოდ გაარჩია ჩვენთვის ეს მეტად საინტერესო და ახლა უკვე კარგად ჩავლილი მატჩი…

– იცით, ველოდი, რომ ასეთი თამაში გამოვიდოდა, – გვითხრა რევაზ ძოძუაშვილმა საუბრის დასაწყისში, – მე ვიტყოდი, რომ მკაცრი თამაში იყო ორივე მხრიდან და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ერთ მატჩში წყდებოდა ყველაფერი და არავინ ელოდა, რომ იოლი შეხვედრა გამოვიდოდა. მახსოვს, მაკედონიასთან თბილისური მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისი ბევრმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ არაერთი მონახაზი მოსინჯა. როგორც აღმოჩნდა, სლოვაკი სპეციალისტი ემზადებოდა ბელარუსთან სათამაშოდ და მან მაკედონიასთან მატჩი სწორედ იმისთვის გამოიყენა, რომ ბელარუსთან შეხვედრისთვის უკეთესად მომზადებულიყო. ასე მაგალითად, ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ვაისმა გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე თამაში მოსინჯა მაკედონიელებთან და ბელარუსთანაც ასე დაიწყო. ჩემი აზრით, ვაისმა აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. თუ ჩვენ ასე დავსვამთ კითხვას – მაინც, რის ხარჯზე მოვიგეთ? მაშინ მე ასე გაგცემთ პასუხს: მოვიგეთ იმიტომ, რომ კარგად შევუხამეთ ერთმანეთს ტაქტიკური ფეხბურთი და ინდივიდუალიზმი. ეს იყო ის, რითაც ვჯობდით მეტოქეს და ცხადია, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამან ჩვენს გამარჯვებაში. ვაისმა ძალიან სწორად ივარაუდა ისიც, რომ ბელარუსის ნაკრები თავიდანვე დაცვაში ჩაჯდებოდა და სწრაფ გოლზე გააკეთა აქცენტი. ასეთ თამაშებში მთელი 90 წუთის განმავლობაში ვერ შეუტევ. უნდა გამოიყენო შენი ბასრი იარაღი და მერე უნდა აკონტროლო თამაში. მთლიანობაში ჩვენ ეს შევძელით. ბელარუსთა სამწვრთნელო შტაბი კი ერთ რამეში შეცდა…

– მაინც რაში შეცდა მარხელი?

– იმაში, რომ ასე დაცვიდან არ უნდა დაეწყოთ თამაში. ძალიან უკნიდან ითამაშეს თავიდანვე და ამის გამო დაისაჯნენ. ჩვენ კი ჩვენი საქმე ადრევე გავაკეთეთ და ეს კარგი იყო.

– ინდივიდუალური მოქმედების შედეგი იყო ჩვენი ერთადერთი გოლიც, მიუხედავად იმისა, რომ პენალტით გავიტანეთ. პენალტსაც ხომ მოპოვება უნდა?!.

– კი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე სხვა რამეს გამოვყოფდი. რა თქმა უნდა, იმ მომენტში ძალიან მაგრად ითამაშა კვარაცხელიამ, შესანიშნავი პასი რომ მისცა ოქრიაშვილს, მაგრამ თორნიკემაც მაგრად ითამაშა. საეჭვო დარტყმას წაქცევა არჩია. როცა ისეთი კვალიფიციური არბიტრი ემსახურება თამაშს, როგორიც ჩაქირია, ის ამას, დიდი ალბათობით, დაინახავდა და დაინახა კიდეც… სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი რამ აქვს ნაკრებში გაკეთებული გიორგი ჩაკვეტაძეს და ეს ფეხბურთელის დიდ სათამაშო ინტელექტზე მეტყველებს.

– და მაინც, ბევრი უკმაყოფილო დარჩა, მეორე ტაიმში “მეორე ნომრად” რომ ვითამაშეთ

– იცით, როცა ერთ მატჩში წყდება ყველაფერი, ძალიან რთულია მუდმივად “პირველ ნომრად” თამაში. შენ შენი საქმე გაკეთებული გაქვს და მეტოქეს აღარაფერი აქვს დასაკარგავი. ვაისმა სწორად განსაჯა – როცა შენ იგებ და კონტრშეტევებზე აწყობ თამაშს, შეგიძლია, დადგე უკან. მით უმეტეს, როცა ასეთი სწრაფი ფეხბურთელები გყავს წინ. შეიძლება, აქეთ დაიჭირო კონტრშეტევაზე და 2-3 გოლი გაუტანო, რისი შანსიც ნამდვილად იყო… გეხსომებათ, ჩვენ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ვთქვით და შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ნაკრები მოიგებდა, თუ გოლს არ გაუშვებდა. ასეც მოხდა. კი, კარგია შეტევა, მაგრამ თამაშის მოგებაში არანაკლები წვლილი მიუძღვის დაცვასაც. აქ მხოლოდ ბელარუსთან მატჩი არ მაქვს მხედველობაში. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს ჩვენი კარის ჩარჩოში ერთხელაც არ დაურტყამს. ვაისი კიდევ ერთხელ უნდა შევაქო – მან კარგად ამოიცნო ბელარუსების ჩანაფიქრი. კარგად გაშიფრა თამაშის სცენარი და მოვიგეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, რომელმაც გაგვიყვანა ფინალში და ახლა ის ფინალი მოსაგებია.

– საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვინმეს თუ გამოარჩევდით?

– არა, არ მინდა, ვინმე გამოვარჩიო. გუნდმა იბრძოლა და გუნდმა მოიგო!..

– მაშინ, გვითხარით, რა ხარვეზები დაინახეთ ჩვენს თამაშში?

– რა თქმა უნდა, ხარვეზები არის. ან კი, როგორ შეიძლება, არ იყოს? თუ ჩვენ იდეალურ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, მეც ვისურვებდი, რომ არ გვეთამაშა ასე უკნიდან მეორე ტაიმში, გვეთამაშა მეტი პრესინგი, რასაც მეტოქე ვერანაირად ვერ უმკლავდებოდა და მეტი აკურატულობით გამოგვეყენებინა მომენტები… ჩემი აზრით, ჩვენი მარცხენა ფლანგი შედარებით ნაკლებად იყო დატვირთული, ვიდრე – მარჯვენა, თუმცა ვაისმა მერელევან შენგელიაც დატვირთა და ამით გვითხრა, რომ მასაც აძლევს შანსს. ძალიან კარგი იყო ჩვენი მარჯვენა ფლანგი. დაცვაზე და მეკარეზე კარგის მეტი რა უნდა ვთქვათ? წინახაზელებმაც მაგრად იბრძოლეს…

წყარო: lelo.ge

SHARE