რეკორდი საქართველოს ეროვნულ ლიგაში

420

35 წლის გორელმა ფეხბურთელმა ლუკა რაზმაძემ გასულ ტურში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 446 –ე მატჩი ჩაატარა რაც სარეკორდოა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. ლუკამ ერთი ტურის წინ ამ თვალსაზრისით ალექსანდრე კოშკაძის შედეგი გაიმეორა, ახლა კი ერთპიროვნულად გახდა რეკორდსმენი. სულ კარიერაში მას 566 მატჩი აქვს ჩატარებული (პირველი ლიგის გათვალისწინებით).
ლუკა რაზმაძემ საფეხბურთო კარიერა გორის ,,დილაში” დაიწყო, თამაშობდა ,,ვიტ ჯორჯიაში”, ,,მეტალურგსა” და ,,სიონში”. ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი (2009, 2015), გახლდათ ქვეყნის პრიზიორი, საქართველოს თასის და სუპერთასის მფლობელი. 11 მატჩი უთამაშია საქართველოს ნაკრებში.
ლუკა სადაც მიდის ყველა გუნდში მნიშვნელოვანი როლს თამაშობს. განსაკუთრებით სტაბილურობით გამოირჩევა, თავს არასოდეს ზოგავს და თანაგუნდელთათვის საიმედოა.
რაზმაძეს მშობლიური ქალაქის სპორტულ წრეებში ძალიან დიდი პატივს სცემენ, ფეხბურთის აქაურ ქომაგებთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. საგულისხმოა, რომ ის ჯერაც არ ფიქრობს კარიერის დასრულებას და სამომავლოდაც გვპირდება ეროვნულ ჩემპიონატში თამაშს.

– როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა?
– ფეხბურთი მიყვარდა და მამამ მიმიყვანა გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელები დავით მეტრეველილადო ელიაური და ვაჟა ხაჩირაშვილი იყვნენ. მონდომება და ფეხბურთის სიყვარული არასოდეს მაკლდა და საბედნიეროდ მალევე მომაქციეს ყურადღება – ჯერ ახალგაზრდულ გუნდში და 2002 წლიდან უკვე ,,დილაში” გადამიყვანეს.
– ვინ დაგაწინაურათ ,,დილას” უფროსთა გუნდში?
– მაშინ ,,დილას” უმაღლესი ლიგა დატოვებული ჰქონდა და პირველ ლიგაში თამაშობდა. მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე იყო, რომელმაც 4–5 ფეხბურთელი დაგვაწინაურა დიდების გუნდში. ჩემი დებიუტი თბილისის ,,ლოკომოტივთან” შედგა.
– ,,დილა” მართალია მერე დაბრუნდა ისევ უმაღლესში, მაგრამ შენ მალევე დატოვე გორი.
– დიახ, გორში სამი წელიწადი ვითამაშე. მერე ინტერესი გამოიჩინა თბილისის ,,ვიტ ჯორჯიამ” და იქ გადავედი. ძალიან მიყვარს ეს გუნდი და კარგად მახსენდება წლები, რომელიც ამ კლუბში გავატარე. ,,ვიტ ჯორჯია” იყო მოწესრიგებული, კარგად დაკომპლექტებული და წარმატებული კლუბი. ამ წლებში მომიწია საქართველოს ნაკრებში თამაში და სეზონის საუკეთესო ნახევარმცველის პრიზიც იქ თამაშისას მომცეს.
– გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ შენი მშობლიური გუნდის მაისურით სწორედ ,,ვიტ ჯორჯიასთან” მატჩში გახდი რეკორდის ავტორი.
– დიახ, ამას მეც მივაქციე ყურადღება და საინტერესოდ მენიშნა. ნამდვილად სასიამოვნო იყო.

– საქართველოს ნაკრებში ექტორ კუპერმა მიგიწვია. ეროვნულ გუნდში დაძახება ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია.
– რასაკვირველია ყველა ფეხბურთელის მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს და იქ მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი. კუპერის გამოძახება სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩემთვის. ნაკფრების მაისურით პირველივე მატჩი კვიპროსთან ჩემთვის განსაკუთრებული ემოციის მომტანი გახლდათ.
– თითქმის მთელი კარიერა საყრდენ ნახევარმცველად, კერძოდ ჩაშლელად გაატარე, მიუხედავად ამისა შენთვის უხეში თამაში დამახასიათებელი არაა და განვლილ 17 სეზონში წითელი ბარათიც უიშვიათესი იყო.
– პირდაპირ წითელი რომ ეჩვენებინოთ არც მახსოვს ასეთი შემთხვევა. შარშან იყო ,,დინამოსთან” ორი ყვითლის გამო რომ გამაძევეს, სხვა არც მე მახსენდება.
– სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ნემსაძემ დაცვაში დაგწია. ამ პოზიციაზე უფრო ნაყოფიერად ეგონე რომ ითამაშებდი, თუ უბრალოდ დაცვაში უჭირდა და ამის გამო დაგაყენა?
– უბრალოდ მან ჩათვალა რომ გუნდს ამ მომენტში დაცვაში ვჭირდებოდი და მეც რასაკვირველია ეს დავალება შევასრულე.
– შენს კარიერაში ,,დილას” და ,,ვიტ ჯორჯიას” გარდა იყო ,,სიონი” და ,,მეტალურგი” რუსთავი.
– ,,მეტალურგშიც” შედეგიანად ვითამაშეთ. სუპერთასი მოვიგე ამ გუნდის მაისურით და ქვეყნის ვიცე–ჩემპიონიც გავხდი. სხვათაშორის მაშინ რუსთავში ბევრი ,,ვიტ ჯორჯიელი” გადავიდა და არ გაგვჭირვებია ახალ გუნდთან შეგუება. თბილად და კარგად მახსენდება ბოლნისში გატარებული პერიოდიც.
– შენმა მშობლიურმა გორის ,,დილამ” ერთადერთხელ შეძლო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და იმაშიცაა შენი წვლილი.
– გორის გუნდი ჩემი ოჯახივით არის. ახლაც სტადიონზე შესვლისას განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. მიხარია, რომ მშობლიურ გუნდს ჩემპიონობაში დავეხმარე. გორელმა გულშემატკივარმა მაშინ დიდი ხნის ნატვრა აისრულა. დიდი როლი ითამაშა წარმატებაში ახალგაზრდა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა. ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით ისტორია.
– ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი შენს კარიერაში.
– ,,ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობაში თამაშისას საჩემპიონო წელს თბილისის ,,დინამოს” გავუტანე სტუმრად მეტად მნიშვნელოვანი გოლი – ირაკლი კლიმიაშვილმა ჩამოაწოდა მახსოვს და მე ერთი შეხებით გადავგზავნე კარში. ფრე გვაწყობდა და ამით დიდი წვლილი შევიტანე ჩემპიონობაში.
– ყველაზე სასიამოვნოდ რომელი მატჩი გახსენდება კლუბში?
– ასეთი რამდენიმეა, გამოვარჩევდი თუნდაც სამტრედიაში მოგებული შეხვედრას გორის ,,დილას” საჩემპიონო სეზოში 2015 წელს, როდესაც ლექსო კვახაძემ გაიტანა გამარჯვების გოლი.
– უცხოეთში თამაში არ მოგიწია და არც გიცდია?
– იყო წინადადებები და უარსაც არ ვამბობდი, მაგრამ ვერცერთხელ მოხერხდა საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელება.
– კარიერის მანძილზე ბევრი ფეხბურთელთან გითამაშია თუმცა შენ და ლექსო კვახაძეს ყველაზე ბევრი წელიწადი გაქვთ გატარებული ერთ გუნდში.
– დიახ, მე და ლექსო დიდ ხანს ვთამაშობდით ერთად – ,,ვიტ ჯორჯიაში”, ,,მეტალურგში”, ,,დილაში”. ის ჩემი შვილის ნათლიაცაა და ოჯახებით ახლოსაც ვართ. კვახაძის გარდა გამოვარჩევდი ლაშა ჯაფარიძეს და გრიგოლ ბედიაშვილს, დიდ ხანს ვითამაშეთ ჩვენც გვერდი–გვერდ.

– მიმდინარე სეზონი მთავრდება. აპირებ გაისად ფეხბურთში დარჩენას?
– ვგრძნობ რომ კიდევ შემიძლია თამაში. თუ კლუბიდან შემოთავაზება ისევ იქნება, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
– როდესაც შენ ფეხბურთის თამაში დაიწყე დიდების გუნდში მაშინ ,,დილა” ძირითადად ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული. ახლა პირიქითაა, უმეტესწილად მოწვეული ფეხბურთელები არიან ,,დილაში”.
– მაშინ მართლაც მთელი გუნდი გორელები ვიყავით. ახლა ასე არაა, ოღონდ თუ გუნდის გასაძლიერებლად საჭიროა ფეხბურთელის მოწვევა ცხადია ამ გზით გაძლიერებაც არაა ურიგო. სასურველია, რომ ადგილობრივი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ ისე, რომ ახერხებდნენ მშობლიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას. გორის ,,დილაში” უმოჯბესია თუ 7–8 ფეხბურთელი იქნება ადგილობრივი და არა 1 ან 2, მაგრამ მხოლოდ იმის გამო რომ რომელიმე ახალგაზრდა გორელია, ცხადია ვერ მოხვდება გუნდის შემადგენლობაში.
– ,,დილას” ამჟამინდელ მდგომარეობაზე რას ფიქრობ ლუკა? გუნდს უჭირს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.
– არადა, სეზონის დასაწყისში სხვა მიზნები გვქონდა, მაგრამ ახლა რთულ მდგომარეობაში ვართ. მე მჯერა, რომ ლიგაში დარჩენის ამოცანას გადავჭრით და გაისად უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. საამისოდ ყველაფერს აკეთებს კლუბის თავკაცობა, ყველაფერს აკეთებს მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე და ფეხბურთელებიც მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ მას.
– და ბოლოს, როგორ წარმოგიდგენია ფეხბურთის გარეშე თავი?
– სიმართლე გითხრათ მართლა არ წარმომიდგენია თავი ფეხბურთის გარეშე და არც მინდა ჯერ ამაზე ვიფიქრო. ჯერ შემიძლია თამაში და დიდი სურვილი მაქვს ახალი გამარჯვებებისთვის ფიქრს დავუთმო დრო.

წყარო: lelo.ge

SHARE