როდემდე რჩებიან კანკავა და კვეკვესკირი „ტობოლში“

335

ყაზახური “ტობოლი” უმწვრთნელოდ დარჩა მას მერე, რაც გუნდი ევროპალიგას ლუქსემბურგულ “ჟენესთან” ბრძოლაში გამოეთიშა. ამასობაში, კლუბმა ვლადიმირ გაზაევის შემცვლელი იპოვა – “ტობოლი” “ქაისართან” საშინაო მატჩზე ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ნურბოლ ჟუმასკალიევმა გაიყვანა.

ის ჩვენი ძველი ნაცნობია – თავის დროზე, “ტობოლის” შემადგენლობაში “ინტერტოტოს თასზე” დაუპირისპირდა “ზესტაფონს” და საშინაო შეხვედრაში შესანიშნავადაც ითამაშა. ამ ეტაპზე სწორედ ის შეასრულებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას.

“ტობოლის” ბედი კი ჩვენთვის ვერ იქნება სულერთი, რადგან ამ კლუბის ღირსებას საქართველოს ეროვნული გუნდის ორი მთავარი ფეხბურთელი იცავს – გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და საყრდენი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.

ამასობაში, გაზაევმა ყაზახ ჟურნალისტებთან ილაპარაკა და განაცხადა, რომ ის პოსტიდან გაუშვეს მას მერე, რაც კლუბის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ გეგმას არ დაეთანხმა.

“ქაირათთან” მატჩის წინა დღეს გვითხრეს, რომ ხარჯები უნდა შემცირდეს, რადგან კლუბზე ისედაც ბევრი იხარჯებაო. მე არ დავეთანხმე საკითხის ასე დაყენებას და გუნდის დატოვება მომიხდა. არადა, საწყენია… მზად ვიყავით, ბოლომდე გვებრძოლა ყაზახეთის ჩემპიონობისთვის, მაგრამ… კლუბის ხელმძღვანელობას ვთხოვდი, რომ ახალი ფეხბურთელები მოეყვანათ, გუნდი გაეძლიერებინათ… სამწუხაროდ, მათ ეს თხოვნა არ შეისმინეს”, – თქვა გაზაევმა.

“ლელო” დაუკავშირდა ჩვენს ძველ მეგობარს, ყაზახ ჟურნალისტ ალექსანდრ სტრელნიკოვს, ვისაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, “ტობოლის” ქართველი ფეხბურთელების – კანკავასა და კვეკვესკირის მომავალზე ვკითხეთ. სტრელნიკოვმა ძალიან საინტერესო ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა:

“ვფიქრობ, 2019 წლის ბოლომდე კანკავა და კვეკვესკირი აუცილებლად დარჩებიან “ტობოლში”. როგორც მე კონფიდენციალური ინფორმაციით ვიცი, “ტობოლის” ყველა ფეხბურთელი დათანხმდა ხელფასის 10 პროცენტით შემცირებას. წინააღმდეგი წავიდა მხოლოდ გორდეიჩუკი”, – გვითხრა სტრელნიკოვმა.

წყარო: lelo.ge

SHARE