რუსებმა უარი შემოგვითვალეს – მოსალოდნელია პროვოკაციებიო

757

რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ „თიბისი“ რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა:

„სამწუხაროდ, რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ. მიზეზად დაასახელეს თბილისში მიმდინარე მოვლენები და მოსალოდნელი პროვოკაციების რისკი.

ეს უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი და ჩვენ უკვე ვეძებთ საქართველოს ნაკრებისთვის სანაცვლო მეტოქეს იმისათვის, რომ 27 აგვისტოს შედგეს თამაში. საქართველოში ამ დონის მატჩები ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება უსაფრთხო, სპორტულ და საზეიმო ვითარებაში.

ამის გარანტი საქართველოს მთავრობაა, რაშიც საქართველოს რაგბის კავშირი ყოველთვის გვერდით უდგას მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გულშემატკივრებს, ვინც უკვე შეიძინა საქართველო რუსეთის მატჩის ბილეთები, შეუძლია მათი სურვილის მიხედვით ან დაესწრონ სანაცვლო მატჩს, ან თუ ამის სურვილი არ ექნებათ მათ დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური“.

შეგახენებთ, რომ 31 აგვისტოს „ბორჯღალოსნები“ ეროვნულ სტადიონზე შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ. საპასუხო შეხვედრა კი, 7 სექტემბერს, ედინბურგის „მერიფილდზე“ გაიმართება.

წყარო: lelo.ge

SHARE