საბურთალო ამერიკასაც ეხმარება

282

გუშინ გაცნობეთ ვიტ ჯორჯიას ახალგაზრდული გუნდის (2002-2003 წ.წ.) სკანდინავური ვოიაჟის შესახებ, სადაც ზაზა დიდებაშვილის გაზრდილებმა გიოტებორგის ტურნირის კარი უკვე 23-ედ შეაღეს.

ჩვენები ფაქტობრივად 2 წლით უფროსებში მოხვდნენ, რადგან ტურნირის დებულების მიხედვით, გუნდს სამი ერთი წლით უფროსის დამატება შეუძლია. ასე რომ, 2001 წლიანებში 3 ფეხბურთელი 2000 წლიანი გამოდიოდა და ყველა გუნდმა ისარგებლა, ჩვენები კი 2002-2003 წლიანებით იყვნენ დაკომპლექტებული, ამ ასაკში კი ეს დიდი ფორაა…

პირველ მატჩში ჩვენებმა შვედეთის ყველაზე მრავალრიცხოვან “ფროლუნდასთან” 0-2 წააგეს, შემდეგ კი ლიბანის “სმაისთან” 0-3, ამის მერე ძალა მოიკრიბეს და ლუკა კიკნაძის 35 მეტრიანი გასროლით გერმანული “ჰამბერგე” დაამარცხეს 1-0 და ოცდამეთორმეტედფინალში ამერიკის შეერთებული შტატების “გვინეტს” შეხვდნენ.

აქ თავი გამოიჩინა გიორგი გუზიტაშვილმა, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და გუნდს გამარჯვება მოუტანა, მეკარე ნიკა გიორგაძემ კი სამი მკვდარი ბურთი მოიგერია. მეთექვსმეტედფინალში ჩვენები საკმაოდ ძლიერ ინგლისურ “რიანს” შეხვდნენ და 0-3 წააგეს. ასე, რომ ტურნირზე ამ ასაკის 140 გუნდში 32 საუკეთესოში მოხვდნენ.

ახლა ახალგაზრდა ჯორჯიელები დანიაში გადაინაცვლებენ და იქაურ პატარა ქალაქ ჰიორინგში, 1000 გუნდიანი, მსოფლიოში სიდიდით რიგით მესამე ტურნირში ჩაებმებიან.

ამ ტურნირზე ამერიკიდან ჩამოვიდა ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, რომელიც ოდესელმა ემიგრანტებმა ნიუ იორკში დააარსეს “ჩერნომორეცის” სახელით, ახლა კი “ბრიჯვიუ” ჰქვია და რომელსაც ქართველი მეკარე ნიკა კევლიშვილი (1991) წვრთნის.

ნიკა “ვიტ ჯორჯიის” მწვრთნელის, ზაზა დიდებაშვილის აღზრდილია და ტურნირიც კი აქვს მოგებული ფეხბურთელობისას 2007 წელს, მაშინ ნიკამ სამჯერ (!) გაიყვანა გუნდი პლეი ოფებში მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში თან ისე, რომ გადამწყვეტ პენალტს თვითონ ურტყამდა და იტანდა ხოლმე!

ნიკა ამერიკაში გადავიდა, მწვრთნელის “ბ” კატეგორიის დიპლომი აიღო და აი უკვე თავად ჩამოდის ტურნირებზე. იგი ამერიკული აკადემია “რედ ბულის” ბავშვთა მწვრთნელი იყო, ახლა კი “ბრიჯვიუს” 2006 წლიანების მთავარი მწვრთნელია. (სხვათაშორის, ნიკამ მითხრა, რომ, “ვიტ ჯორჯიას” კიდევ ერთი აღზრდილი, “სამტრედიაში” მოთამაშე გიორგი დათუნაიშვილის ძმა, პავლე ამერიკაში დაარსებულ ასევე ნიუ იორკში “ვიტ ჯორჯიას” აკადემიას ხელმძღვანელობს).

ნიკას გუნდში ამ ტურნირზე ორი ქართველია – ამერიკაში დაბადებული ნიკა კახიანი, რომლის მამა გეგიც 18 წლის წინ წამოსულა მესტიიდან ამერიკაში, ნიუ იორკში დაფუძნებულა და ახლა სამშენებლო კომპანიაში მუშაობს. “ბრიჯვიუში” ითამაშა ასევე საბურთალოელმა სანდრო ცეცხლაძემ, რომელიც შარშან “საბურთალოს” ახლდა ამ ტურნირზე, იგი წელს მამასთან ერთად იმყოფებოდა შვედეთში და რაკიღა ასაკები დაემთხვა, “ბრიჯვიუს” დაემატა. ასე, რომ “საბურთალო” უეფას ევროტურნირებზეც ყოჩაღობს და ამერიკასაც კი ეხმარება!

წყარო: lelo.ge

SHARE