სასიამოვნო მოულოდნელობის მოლოდინი

527

ევროტურნირების დებიუტანტმა “საბურთალომ” ერთხელ უკვე გაგვახარა, როცა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში, აჯობა ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპალიგაზე ასპარეზობის უდიდესი გამოცდილების მქონე მოლდოვურ “შერიფს”…

ჰოდა, ვისურვოთ, რომ საქართველოს მართლაც ღირსეულმა ჩემპიონმა ამჯერადაც გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და წინა მეტოქეზე ბევრად უფრო ძლიერ და ტიტულოვან მოწინააღმდეგეს, ევროტურნირებზე წარმატებებით განებივრებულ და დიდი ისტორიის მქონე ზაგრების “დინამოსაც” ღირსეულად ეპაექროს…

უმდიდრესი  წარსული და აწმყო

…არადა, ხორვატების ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ურთულესი მატჩები რომ ელოდება “საბურთალოს”, ეს ყველას კარგად გვესმის: სამწუხარო რეალობაა, რომ ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში კი არა, დღეს გასამართავ პირველივე მატჩში ზაგრების “დინამო” გამოკვეთილი კი არა, აშკარაზე აშკარა ფავორიტია.

თუმცა რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა ევროტურნირების ნებისმიერ ეტაპზე, ერთიმეორეზე ხმაურიანი სენსაციები მომხდარა და მოდი, ვისურვოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე “საბურთალო” გამხდარიყოს მიმდინარე ევროტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი.

ზაგრების “დინამოს” უმდიდრეს ისტორიასა და ამ გუნდის ყველა დროის გამორჩეულ ვარსკვლავებზე “ლელოს” დღევანდელი ნომრის სხვა მასალაში წაიკითხავთ, ისე, როგორც ამ კლუბისთვის ლამის საფირმო ნიშნად ქცეულ ტენდენციას, როცა ზაგრების “დინამოს” მართლაც ვარსკვლავების სამჭედლოდ აღიარებულ აკადემიაში აღზრდილი ესა თუ ის ახალგაზრდა და ნიჭიერი ხორვატი ფეხბურთელი, სულ მოკლე პერიოდში ხდებოდა ძირითადი გუნდის ლიდერი და მერე უკვე აღიარებულ ევროპულ გრანდებში გადადიოდა…

ასე იყო ზვომიმირ ბობანისა თუ რობერტ პროსინეჩკისმარიო მანჯუკიჩისა თუ მატეო კოვაჩიჩის შემთხვევებში და ასე იყო 2018 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის, ლუკა მოდრიჩის შემთვევაში…

…და, სხვათა შორის, ასე მოხდა მას შემდეგაც, როცა რამდენიმე წლის წინ ზაგრების “დინამო” პირველად დაუპირისპირდა ევროტურნირებზე ქართულ გუნდს – 2016 წელს, ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე, როცა ხორვატული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდის, ზლატკო კრანჩარის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ორივე მატჩი მოუგო თბილისის “დინამოს” და მერე ამას მასზე გაცილებით მდიდარი “ზალცბურგის” ძლევა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოჰყვა…

იმ პერიოდში გუნდიდან ყველა ახალგაზრდა ვარსკვლავი წავიდა! ახლა, გუნდებს აღარ იკითხავთ? მარკო როგი “ნაპოლიში” გადავიდა, ანტე ჩორიჩი – “რომაში”, ფილიპ ბენკოვიჩი – “ლესტერში”, იოსიპ პავარიჩი – კიევის “დინამოში”, ხოლო იმ ფორმაციის ზაგრების “დინამოს” ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და იმხანად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად მიჩნეული მარკო პიაცა, ზედ თბილისის “დინამოსთან” მატჩის წინ გადავიდა “იუვენტუსში”.

3 წლის წინანდელ ზაგრებისა და თბილისის “დინამოების” ორრაუნდიან დაპირისპირებაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი ის გვინდა ვთქვათ, რომ გამორჩეული ფეხბურთელების ნაკლებობას არც დღევანდელი ფორმაციის ზაგრების “დინამო” განიცდის: ხორვატიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გუნდის დღევანდელი მთავარი მწვრთნელის, ნენად ბიელიცასგანკარგულებაშიც ერთიმეორეზე ცნობადი და კვალიფიციური ფეხბურთელები არიან – მარიო გავრანოვიჩი (შვეიცარია), დანი ოლმო (ესპანეთი), პეტარ სტოიანოვიჩი (სლოვენია), არიან ადემი (მაკედონია), იზატ ხაიროვიჩი (ბოსნია), დამიან კაძიორი (პოლონეთი), მარიან ლეოვაცი, დომენიკ ლივაკოვიჩი, ბრუნო პეტკოვიჩი (სამივე – ხორვატია) – ყველა მათგანი საკუთარი ქვეყნის ნაკრების წევრია.

ეს მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო…

ქართული და ხორვატული გუნდები ევროტურნირებზე პირველად 2013 წელს დაუპირისპირდნენ და ბევრისთვის მოულოდნელად, მომდევნო ეტაპზე სწორედ ჩვენი გუნდი გავიდა.

ჰო, მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობად შეფასდა ის ფაქტი, როცა გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გორის “დილამ”, ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორივე(!) მატჩი მოუგო ხორვატული საკლუბო ფეხბურთის კიდევ ერთ გრანდს, სპლიტის “ჰაიდუკს” და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.
ისე, იმ ზაფხულს, “დილამ” მართლაც რომ ერთიმეორეზე სასიამოვნო სიურპრიზებით გაგვანებივრა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული თამაშით: გორელთა გუნდმა ჯერ დანიურ “ოლბორგს” აჯობა ორრაუნდიან დაპირისპირებაში (3:0, 0:0), შემდეგ კი, როგორც აღვნიშნეთ, “ჰაიდუკის” ბარიერიც დაძლია და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ ოთხ მატჩში… გოლიც არ გაუშვია…

2013 წელი. დილა-ჰაიდუკი. გრიგოლ დოლიძეს გააქვს გამარჯვების გოლი

…ანდა, როგორ უნდა გაეშვა გოლი, როცა “დილას” კარში ნუკრი რევიშვილი იდგა?! ჰო, მართლაც ზღაპრული 4 მატჩი ჩაატარა იმ ზაფხულს სამშობლოში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა რევიშვილმა. “ოლბორგისა” თუ”ჰაიდუკის” შემტევები, ცოტა არ იყოს, გაოგნებულნიც იყვნენ, თუ რა ბურთებს იგერიებდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი მეკარე!..

და, საერთოდ, მთელმა გუნდმა ჩინებულად ჩაატარა “ჰაიდუკთან” ორივე მატჩი: სტუმრად, პირველ შეხვედრაში, ის ერთადერთი გოლი ჩვენების სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა, როცა თემურ ღონღაძის ზუსტ პასს არანაკლები სიზუსტით მოუძებნა გაგრძელება გიორგი ილურიძემ.

აი, საპასუხო მატჩში, თითქმის გადავსებულ “მიხეილ მესხზე” რომ გაიმართა, რევიშვილმა კვლავაც ზღაპრული რეაქცია გამოავლინა სტუმართა ყველა შეტევაზე, მერე კი, ჩვენების ასევე სწრაფი კონტრშეტევისას, შეცვლაზე შემოსულმა “დილას” ახალწვეულმა გრიგოლ დოლიძემ, მეტოქის საჯარიმოს კუთხესთან მყოფმა მარჯვენა ფლანგიდან, მარჯვენა ფეხით ისეთი “მოჭრილი” დარტყმით გაგზავნა ბურთი მეტოქის კარის შორეულ “ცხრიანში”, “ჰაიდუკის” მეკარე და ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე, ლოვრე კალინიჩი, ვერაფრით უშველიდა თავის გუნდს.

…და როგორ გგონიათ, მხოლოდ კალინიჩი იყო იმდროინდელ “ჰაიდუკში” ცნობადი სახე? ფრანკო ანდრიაშევიჩს, ტინო-სვენ სუშიჩსა თუ ფილიპ ბრდარიჩს ნამდვილად არ დაეწუნებოდათ ოსტატობა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დროისთვის 18 წლის მარიო პაშალიჩზე – “ჰაიდუკის” შემდეგ, “მონაკოში”, “მილანში”, მოსკოვის “სპარტაკში” რომ თამაშობდა, დღესდღეობით კი იტალიური “ატალანტას” ერთ-ერთი ლიდერია.

დაბოლოს, იმდროინდელი “ჰაიდუკის” უმთავრეს ვარსკვლავზეც – “დილას” მეტოქის მთავარი მწვრთნელი ხომ იგორ ტუდორი გახლდათ, ხორვატიის ნაკრების იმ “ოქროს თაობის” კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი…

წინასწარ შეგუებულნი

აი, რაც შეეხება ევროტურნირებზე ქართულ-ხორვატული გუნდების მეორე დაპირისპირებას, გულახდილად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, წინასწარ ვიყავით მარცხისთვის განწირულნი!..

2016 წლის ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წარმოადგენდა და საწყის ეტაპზე სომხური “ალაშკერტის” ძლევა (2:0, 1:1) არც არავის გაგვკვირვებია…

სამაგიეროდ, მომდევნო ეტაპზე რომ წილისყრამ ზაგრების “დინამო” გვარგუნა, აი, ამ შემთხვევაში ილუზია არავის ჰქონია! თანაც, არა სმხოლოდ მეტოქის სიძლიერე იყო გადამწყვეტი ფაქტორი – 2015/16 წლების სეზონის შემდეგ, თბილისის “დინამოში” სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა და ახალმოსული ლეგიონერების კვალიფიკაცია ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა.

2016 წელი. დინამო (თბ)-დინამო (ზ). უტევს ლადო დვალიშვილი


სამწუხაროდ, ეს ეჭვი გამართლდა: სლოვაკი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის “დინამო” ვერაფრით გააძლიერეს ანტონი სკრიბემ, მატს კურიემ თუ მატია შპიჩიჩმა.

არადა, რატომღაც გვჯერა, რომ თბილისის “დინამო” მეტ-ნაკლებად კი არა, მართლაც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა ზაგრების “დინამოს”, 2015/16 წლების საჩემპიონო შემადგენლობა რომ შეენარჩუნებინა.

თავად განსაჯეთ: იმ სეზონის დასრულების შემდეგ სხვადასხვა უცხოურ კლუბში გადავიდნენ ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული; და, რაც მთავარია, სწორედ ამ სეზონის დასრულებისთანავე დაუსვა წერტილი ხანგრძლივ და მართლაც რომ შთამბეჭდავ კარიერას ალექსანდრე იაშვილმა

…სამი წლის წინანდელი ქართულ-ხორვატული კლუბების იმ დაპირისპირებაზე სათქმელი ბევრიც არაფერია: ზაგრების “დინამომ” ორივე მატჩი მოუგო (2:0, 1:0) თბილისის “დინამოს” და მერე, როგორც აღვნიშნეთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა.

წყარო: lelo.ge

SHARE