საქართველოს რაგბის კავშირსა და სპორტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

441

საქართველოს რაგბის კავშირსა და სპორტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ბავშვთა რაგბიში დასაქმებული სპეციალისტები სპორტის უნივერსიტეტში მათთვის შექმნილი პროგრამით გადამზადებას გაივლიან. მათ ლექციებს სხვადასხვა დარგის პროფესორები ჩაუტარებენ და საწყის ეტაპზე სწავლებები წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

შეთანხმებას ხელი სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მოაწერეს.
გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

„მინდა მადლობა გადავუხადო სპორტის უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელს. ასევე ვეტერან მორაგბესა და მწვრთნელს ლევან მგელაძეს, რომელიც ამ ურთიერთობის ერთ-ერთი მოთავეა. რაგბის განვითარება და პოპულარობა იმ ფაზაში შევიდა, რომ ბავშვების დიდი რაოდენობით შემოდინებას მწვრთნელთა არსებული კონტიგენტი ვეღარ აუდის. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვთა რაგბის უწინდელზე პროფესიონალურად მივუდგეთ და გამოვიყენოთ ამ უნივერსიტეტის ის გამოცდილება, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში დაუგროვდა“.

გურამ ძაგანია, სპორტის უნივერსიტეტის რექტორი:
„მივესალმებით ამ ინიციატივას. ეს მე-18 ფედერაციაა, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაფორმებთ. რაგბი ჩვენს ქვეყანაში სწრაფი ტემპებით ვითარდება და კავშირის ხელმძღვანელობის მომართვის საფუძველზე, გადავწყვიტეთ ამ პროცესში ჩვენი პროფესურა ჩაგვერთო.

შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში მწვრთნელებს ჩავუტარებთ რამდენიმედღიან სწავლებას ფსიქოლოგიის, ფიზიოლიგიის, ანატომიის, პედაგოგიკის, კვების და სხვა დარგის მიმართულებით. სპორტის უნივერსიტეტში მეცნიერების 98%-ია კონცენტრირებული და მწვრთნელებთან ლექციებს სახელგანთქმული პროფესორები წაიკითხავენ. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, ხანგრძლივი დროით გაგრძელდება და რაგბს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაში დაეხმარება“.

წყარო: lelo.ge

SHARE