საქართველო-ბელარუსი ოფიციალურად ისევ გადაიდო

327

1 აპრილს უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით მორიგი ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ვიდეოკონფერენციის დროს განხილული საკითხები გადაწყდა, რომლებიც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ასევე, საკლუბო და ქალთა ფეხბურთს ეხება.

ეროვნული ნაკრები

​უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ივნისის სანაკრებო პაუზა გაუქმდა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ყველა მატჩი გადაიდო. შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართი ევროპირველობის პლეი ოფის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და, სავარაუდოდ, ამ წლის შემოდგომაზე გაიმართება. კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია და უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ასაკობრივი ნაკრებები

ეროვნული ნაკრების მსგავსად, ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა გაემართათ, მაგრამ ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მატჩებიც გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და, შესაბამისად, ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად, სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩატარდება.

საკლუბო ფეხბურთი

​უეფას გადაწყვეტილებით 2020/21 წლების სეზონისთვის ევროტურნირები, ივლისის ნაცვლად, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა ლიცენზირებისა და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეოკონფერენციას გამართავს.

​ქალთა ფეხბურთი

​სხვა ასაკობრივ ტურნირებთან ერთად, ასევე გაუქმდა 19-წლამდელ გოგონათა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა უეფას და გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს გოგონათა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატს.

* * *

უეფას ვიდეოკონფერენციის შედეგებზე კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ბელარუსთან გადაიდო შემოდგომისთვის. მაგრამ ჯერ თარიღები უცნობია. მოგეხსენებათ, ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის ახალ ციკლში ისედაც 8 ოფიციალური თამაში აქვს და ახლა ამას ევრო 2020-ის პლეი ოფის ორი მატჩიც დაემატა. აქედან გამომდინარე, უეფამ უნდა იმსჯელოს, ეს 8 მატჩი სამ სანაკრებო “ფანჯარაში” როგორ გადაანაწილოს…

სამწუხაროა, რომ 17-წლამდელთა ელიტრაუნდი და ევროპის ჩემპიონატი საერთოდ გაუქმდა და ჩვენს ნაკრებს იქ მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.  19-წლამდელების ელიტრაუნდი კი გადაიდო შემოდგომისთვის, რადგან აქედან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურების მფლობელები უნდა გაირკვეს. ჩვენთვის კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი დაემატა – ყველაფერთან ერთად, წელს 19-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაც ვერ ხერხდება, რადგან უეფამ წლევანდელი გათამაშება საერთოდ გააუქმა. უეფასთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენ მზაობა გამოვთქვით, რომ გოგონათა უახლოეს ასაკობრივ ჩემპიონატს  საქართველომ უმასპინძლოს”.

წყარო: lelo.ge

SHARE