(ფოტოები) საქართველო მაშინ ავა ხორვატიის სიმაღლეზე, როცა…

806

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში ამხანაგურად 1:2 დათმო. უბრალო მეტოქე არ ჰყავდა – მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი. როგორ ფიქრობთ, ამ პატარა ქვეყნის დიდი წარმატება შემთხვევითია?

არ გეგონოთ, რადგან ევროპის შუაგულშია, იქ ისეთივე ცხოვრებაა, როგორიც შვეიცარიასა თუ ავსტრიაში. უფრო ქართულ ყოფას შევადარებდი…


ეს ხალხი ევროპის ჩემპიონობასაც იმსახურებს!

გაჭირვება

2013 წელს სლოვენიაში გასამართი საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატისთვის ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩავფრინდი, ქალაქის მთავარი კათედრალი ვნახე და საღამოს რკინიგზის სადგურში მიუნხენის მატარებელს დაველოდე, რომელსაც სლოვენიაში უნდა წავეყვანე.

ახლა რაღაც კანონი შემოიღეს – ევროპაში გამვლელისთვის ფოტოს გადაღება არ შეიძლებაო. არადა, 2013-ში შეიძლებოდა და ძალიან ვნანობ, ფოტოაპარატის ელემენტი საღამომდე რომ ვერ შემოვინახე – ზაგრების რკინიგზის სადგურში იცით, რამდენმა ადამიანმა ჩაიარა, სწორედ ისეთმა საქართველოში რომ მყავდა ნანახი?!

სადგურის ერთ კედელზე ჩამრთველი ვნახე, ბუდიდან იყო გამოვარდნილი და სქელ მავთულზე ეკიდა. ერთ-ერთი ქართული ქალაქის სადგური გამახსენდა… ჩამრთველთან სანაგვე ურნა იყო. ვიდრე მატარებელს ველოდებოდი, ორმა გამვლელმა გვარიანად ამოქექა. მეორე კაცზე ნამდვილად ვერ იფიქრებდით, რომ ნაგავთან იყო კავშირში: შარვალ-კოსტუმში გამოწყობილს ერთ ხელში ქოლგა ეჭირა, მეორეში – პორტფელს რომ ეძახიან ისეთი ჩანთა. ურნიდან ორი ბოთლი ნაზად ამოიღო, ჩანთაში ჩადო და მშვიდი ნაბიჯით გზა განაგრძო…

გაჭირვება – ეს ერთი მსგავსება საქართველოსთან.

დადასტურებულია: ყველაზე კარგი ყურძენი იმ ფერდობებზე მოდის, ახალი ვულკანური მტვერი სადაც უხვადაა. ე.ი. ვულკანი ყველაფერს რომ გაანადგურებს სწორედ მას მერე მოდის მაღალი ხარისხის ყურძენი. სწორედ ასე, ნაომარ, გაჭირვებულ ხორვატიაში აღმოცენდა მაღალი დონის საფეხბურთო ნაკრები… საკალათბურთოც ტოპ-ევროპული ნაკრებია… ხელბურთისაც… წყალბურთისაც…

გაჭირვება ერთ-ერთი მიზეზია მაღალი შედეგებისა. ეს ალოგიკური სულაც არაა: ომგამოვლილ ქვეყანაში მოზარდები თუ მათი მშობლები ცხოვრების გაუმჯობესების საუკეთესო გზას სპორტში ხედავენ. საამისოდ უამრავი მაგალითი აქვთ: მაშინ, როდესაც რიგით მუშას ხელფასი იმ ოდენობის აქვს, საკვებში ძლივს რომ ჰყოფნის, დავორ შუკერი, ზვონიმირ ბობანი, ახლა ივან რაკიტიჩი და ლუკა მოდრიჩი ტოპ-ევროპულ კლუბებში მილიონებს იღებენ…

ზაგრების კათედრალი

სიყვარული

ქალაქის ცენტრში ზვონიმირ ბობანის რესტორანია, რომელიც საიომ მანახა. ოღონდ გამაფრთხილა – არ შეხვიდე, ძალიან ძვირია, აქ ელიტა დადისო.

საიო კათედრალთან გავიცანი. ეზოში ვიჯექი და საკუთარ ბაღში მოკრეფილ გოლდენის ვაშლს გეახლებოდით, როცა საიო მოვიდა და მორიდებით ფული მთხოვა. ხურდასთან ერთად ვაშლიც გავუწოდე. მოეწონა. ეს ის ვაშლი იყო, მანამდე ორჯერ რომ შემაფერხა:

პირველად აეროპორტში, ცალკე გამიხმეს და მითხრეს – ჩანთა შენით გახსენიო. თან გარედან მიმანიშნეს – ეს რა ბურთებია ჯიბეებშიო. გავხსენი და გოლდენი ვაშლები ვუჩვენე. ეს სწორედ ის პერიოდი იყო სირიიდან ევროპაში რომ დაიძრა ლტოლვილების პირველი ნაკადი…

მეორედ კათედრალის ეზოში დამაბნია ვაშლმა: ჩემს წინ რუსების ოჯახი დაჯდა და 4-5 წლის ბავშვს ვაშლი რომ შევთავაზე, დედამისმა ხელები გაასავსავა – არ ვჭამთ, კუჭთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვსო. ქმარმა ღიმილით ამიხსნა – ექიმია და ამ პროფესიის ხალხს რას გაუგებო.

არ უნდოდათ ქართული ვაშლი და ჭამონ ჩიფსი. საიო კი ფეხბურთის დიდი ქომაგი გამოდგა. რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი, სასიამოვნო სახელი შემარქვა – “ჯეორჯიანო”. კალაძესა და კობიაშვილზე რამდენიმე კითხვა დამისვა, იაშვილზე რომ გადავიდა, მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამ სცოდნია საქართველოზე. გაკვირვება რომ შემნიშნა, მითხრა:

– ხორვატებს ნუ ეხუმრები, სპორტი ჩვენი ცხოვრებაა. თუ გნებავს ხელბურთზე ვილაპარაკოთ, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატზე კი, ხორვატების მერე საქართველოს ვუქომაგებო.

მართლაც, პრეზიდენტიდან დაწყებული, უბრალო საიოთი დამთავრებული ხორვატიაში სპორტი ყველას ძალიან უყვარს. მცირე პარალელი: მილანში ავტობუსით “სან სიროსკენ” როგორ წავსულიყავი ერთ საშუალო ასაკის იტალიელს ვკითხე. მიმასწავლა. ვუთხარი საქართველოდან ვარ, კალაძის სამშობლოდან-მეთქი. კალაძე ვინღა არისო?!


საიო, კოლორიტი ზაგრებელი. გავიცანი 2013 წელს. 2015 წელს კი ნაცნობ ადგილებში ყველგან ვეძებე, მაგრამ მეორედ ვერ შევხვდი.

დარწმუნებული ვარ, კალაძე რომ ვუხსენოთ, ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს თბილისის მერის წინა ცხოვრება არც ეცოდინება. ჩვენთან ქალებს ვინ ჩივის, ზოგ კაცსაც საამაყოდ მიაჩნია საქართველოს ნაკრების მატჩების დროს სერიალის ყურება – 22 კაცისა და ერთი ბურთის თემაა. ქალების თვალთახედვით ხომ გოგონა მუსიკოსი ან მოცეკვავე უნდა გამოვიდეს, კალათბურთი არ გამაგონოთო!

ხორვატიაში სპორტი ყველას უყვარს. ზოგს იმიტომ, რომ ნათესავი ან ოჯახის წევრი ჰყავს სპორტსმენი, ზოგს იმიტომ, რომ ესმის – ჯანმრთელობის საწინდარია, ზოგი შორს იყურება – სპორტი ქვეყნის მსოფლიოს სააშკარაოზე გამოტანის საუკეთესო საშუალებაა.

სპორტის სიყვარული კი ხორვატების წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოთაგანია.

ხასიათი

მათი წარმატების კიდევ ერთი საიდუმლო გითხრათ? – ხასიათი. ჩვენსავით ამაყები არიან.

ხორვატიის დედაქალაქზე სრული წარმოდგენისთვის ზემოთ დაწერილი საკმარისი არ არის. ამ ქვეყანაში ბევრი ლამაზი და მოვლილი ადგილია. მათ შორის პლიტვიცეს ტბების კომპლექსი.

ტბები იარუსებადაა განლაგებული და ერთმანეთში ჩანჩქერებად ჩაედინება. სამოთხეა მიწიერი. მშვენივრად მოწყობილი ბილიკებიდან გადახვევას საგზაო ნიშნები არ გვირჩევენ. ერთგან ისიც წავიკითხე – ფრთხილად დანაღმულიაო.

ასეთ ადგილას, თან ტურისტებით გაჭედილ პლიტვიცეში ნაღმს რა უნდა? ასეთი შეკითხვა დავუსვი შორტებში მოსეირნე ასაკოვან კაცს. ისიც გულღია აღმოჩნდა:

– სწორედ აქ გავარდა პირველი ტყვია ხორვატიასა და სერბეთის ომის დროს. ჩვენი პოლიცია სერბების ჯარს პლიტვიცეში დაუპირისპირდა. მძიმე დრო გავიარეთ.

რომ გაიგო ქართველები ვიყავით (პლიტვიცეში მეგობრებთან ერთად გახლდით), ისტორიაში ღრმად ჩავიდა:

– უცხო რომ მოდის და შენს კუთვნილ ნივთს გართმევს ხომ ძალიან გაბრაზდებით? საქმე ქვეყანას და მის წართმევას რომ ეხება, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ხორვატი მტერს თავს შეაკლავს. ომი რომ დაიწყო, მალევე ავიღე იარაღი და ქვეყნის დასაცავად გავედი. დავიცავი! არ დავანებე!
შორტიანმა საუბარი ემოციებით განაგრძო…

არ მახსენდება ხორვატი სპორტსმენი, თუნდაც NBA-ს მიზეზით ნაკრებში თამაშზე უარი ეთქვას. ქვეყნის მხარში დგომა მათ ხასიათშია.


პლიტვიცეს ნაციონალური პარკი, სამოთხე, რომელსაც ყოველწლიურად 11 მილიონი ტურისტი სტუმრობს.
სწორედ პლიტვიცეში პირველი ტყვია, რომელმაც ხორვატიას დამოუკიდებლობა მოუტანა.

სწორად არჩეული პრიორიტეტი

ხორვატიაში, მართალია, არ არის “ბარსელონას” დონის გუნდები, მაგრამ მათთვის საკმარისად დიდია ის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. რაც მთავარია, ნიჭიერი ხორვატებითაა გაჯერებული და ფაქტობრივად, განათებული ვიტრინაა ევროგრანდებისთვის.

ასეთია ქვეყნის პოლიტიკა – მთავრობა ჯერ სპორტზე ზრუნავს, შემდეგ ფასადების შეღებვაზე.

ხორვატიიდან გაკვირვებული გამოვბრუნდი – ნამდვილად არ მახსენდება წელში მოხრილი ადამიანი, ყველა ნავარჯიშევია. პროფესიულად თუ არა, სამოყვარულო დონეზე მაინც. იმიტომ, რომ ბაღიდან დაწყებული, სკოლით გაგრძელებული და უნივერსიტეტით დამთავრებული, ხორვატიაში სპორტულ აღზრდას უდიდესი ყურადღება ექცევა.

ზაგრებში, მთავარ საკალათბურთო არენასთან, სადაც ევრობასკეტის მატჩები იმართებოდა, საბავშვო ბაღი იყო. ერთ დილას რომ ჩავუარე, ღია კარს მივაჩერდი: სავსე იყო სპორტული სათამაშოებით, ასახტომებით, ასაძრომებით – მსგავსი ორიგინალური მოწყობილობები მანამდე ნამდვილად არ მენახა. მასწავლებელმა წვერებიანი დამკვირვებელი რომ შემნიშნა, უმალ კარი მოხურა და ფოტოაპარატიც “ქარქაშში” ჩავაგე.

ხორვატიაში თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ, ზედ მოედანი არ იყოს მოწყობილი. ერთმა ნაგებობამ დამაინტერესა, რომელიც ქართულ გამგეობების შენობას მოგაგონებდათ. მის ეზოში ერთ მხარეს კალათბურთის მოედანი იყო დახაზული, მეორე მხარეს – ფეხბურთის. საქართველოში ასეთი შენობის წინ მოედანი, რა თქმა უნდა, მანქანებით იქნება გაჭედილი – უსწორმასწოროდ გაჩერებული მანქანებით!

სხვათა შორის, თბილისში, ჩემი კორპუსის წინ მეზობელი უბნიდან მოტანილი კალათი ჩავსვი, მაგრამ დიდი გარჩევები მჭირდება, რომ კალათქვეშ მანქანა არ გააჩერონ.

ჰოდა, როცა ხალხი მიხვდება, რომ ბავშვს კალათბურთის თამაშში ხელი არ შეუშალოს, ფეხბურთელს ბურთი არ დაუჭრას, ჩვენც მაშინ გავალთ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.


კარგად დააკვირდით, მარცხნივ კალათბურთის მოედანია დახაზული, მარჯვნივ – ფეხბურთისაც და კალათბურთისაც. ეს მოედანი საქართველოში რომ იყოს, მანქანებით იქნებოდა გადაჭედილი.

ტოტალიზატორი. უბრალო, ზაგრებული ქუჩა რკინიგზის სადგურთან ახლოს.


ხორვატები რესტორნის მენიუსაც საკალათბურთო მოედანზე ხატავენ. ცენტრია დებრეჩენკა XXL, მწვრთნელი – ლიუტა სლავონკა… დანარჩენი თავად წაიკითხეთ.

ამ ბავშვებიდან რომელსაც გინდა ჰკითხოთ, რა უნდა გამოხვიდეო, ერთსა და იმავეს გიპასუხებენ…

წყარო: lelo.ge

SHARE