საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბმა არგენტინული ტურნესთვის მოსამზადებლად 35 მორაგბე შეარჩია

498

საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბმა ის 35 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2020 წლის იანვარში, არგენტინული ტურნესთვის მოემზადებიან.

გაფართოებულ შემადგენლობაში 21 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. აქცენტი ამჯერადაც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებზე გაკეთდა, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორივე მარჯვენა ბურჯი – ნიკა პატარაია ბუქარესტის “დინამოდან” და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ბოლოს ფრანგულ “აჟენში” თამაშობდა და კონტრაქტი ცოტა ხნის წინ დაუმთავრდა.

გაფართოებულ შემადგენლობაში ყველაზე მეტი – 9 მორაგბე, საქართველოს ჩემპიონი “ბათუმიდანაა”; 5 მორაგბითაა წარმოდგენილი გორის “ჯიქი”; 4-4 მორაგბეა თბილისის “აკადემიიდან”, “ლელო-სარასენსიდან” და ქუთაისის “აიადან”; 3 რუსთავის “ხარებიდან”; 2 მარნეულის “არმაზიდან”; თითო-თითო ბოლნისის “ყოჩებიდან” და “იუნკერებიდან”.

ეს 35 მორაგბე პირველ შეკრებაზე 23 დეკემბერს, ქუთაისში შევა და იქ 30 დეკემბრამდე დარჩება. ახალ წელს ბიჭები შინ შეხვდებიან და მეორე, ერთკვირიან შეკრებაზე, სავარაუდოდ ისევ ქუთაისში, 4 იანვარს შევლენ.

საქართველო XV 30-კაციანი შემადგენლობით არგენტინაში 11 იანვარს მიემგზავრება და “ხაგუარესთან”, რომელიც ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, პირველ თამაშს 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გამართავს. მეორე შეხვედრა 24 იანვარსაა დანიშნული და ჯერჯერობით უცნობია სად ჩატარდება ეს თამაში.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება.

შერკინება: ნიკა აბულაძე (ყოჩები 1-3), ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გოგა ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი, 2, 8), რევაზ წიკლაური (აია, 3), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი, 3), ნიკა პატარაია (სტიაუა, რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8),

ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), კოტე მარჯანიშვილი (ჯიქი 11-14), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15).
წყარო: sportall.ge
SHARE