სტერლინგი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს

244

გარეთ საუთგეიტმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – ინგლისის ნაკრების წინასამატჩო განაცხადში აღარ არის რაჰიმ სტერლინგი. “მანჩესტერ სიტის” 24 წლის ფორვარდი ვერ დაეხმარება “სამ ლომს” უახლოეს შესარჩევ მატჩში (შინ, ჩერნოგორიასთან), “ლივერპულის” მცველ ჯო გომესთან დაპირისპირების გამო.

შეგახსენებთ კონფლიქტს, რომელიც სტერლინგსა და გომესს შორის “ენფილდის” საკვირაო მატჩისას მოხდა. საინტერესოა, რა არგუმენტებით გაამყარა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება:

“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ შევიყვანოთ სტერლინგი ნაკრების შემადგენლობაში მომავალი მატჩისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, საკლუბო დონეზე მომხდარი დაპირისპირება არ გადმოვიტანოთ ნაკრებში. სამწუხაროდ, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” შეხვედრის შემდეგ ემოციები ჯერაც არ ჩამცხრალა.

ვფიქრობ, ინგლისის ნაკრებისთვის უკეთესი იქნება, თუ ამ ეტაპზე უარს ვიტყვით სტერლინგზე. ამ გადაწყვეტილებას ნაკრების სრული შემადგენლობა დაეთანხმა”, – მოჰყავს საუთგეიტის სიტყვები ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურს, რომელიც აზუსტებს, რომ სტერლინგი ნაკრებში რჩება და, შესაძლოა, ითამაშოს 17 ნოემბერს კოსოვოსთან საგარეო მატჩში.

ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილებას თავად სტერლინგი გამოეხმაურა: “პირველ რიგში, მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე ყველამ იცის ისიც, რომ იმგვარი საქციელი, რაც “ლივერპულთან” თამაშში იყო, ზოგადად არ მახასიათებს.

ფეხბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, სადაც ემოციები ხშირად უკიდურეს ზღვარზეა. მე არ მეშინია იმის აღიარების, რომ კვირას გადავაჭარბე ამ მხრივ. გომესთან არასოდეს მქონია პრობლემა და ის, რაც მოხდა, მხოლოდ 5-10 წამის განმავლობაში გაგრძელდა. ახლა ყველაფერი უკან დარჩა და ამ ისტორიასაც წერტილს დავუსვამთ. მოდი, ფოკუსირება გავაკეთოთ ხუთშაბათის მატჩზე”, – დაწერა სტერლინგმა სოციალურ ქსელში.

წყარო: lelo.ge

SHARE