უდიდესი მნიშვნელობის მატჩში საქართველომ რუმინეთი დაამარცხა!

454

გუშინ თბილისის ოლიმპიურ აუზში დაიწყო 17-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი. მედლებისთვის ბრძოლაში კონტინენტის ჭაბუკთა 16 გუნდი ჩაება...

ისინი წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. ცხადია, ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს B ჯგუფი იწვევდა, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ჩერნოგორია, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული საბერძნეთი და რუმინეთი. მასპინძლებს პირველი მატჩი კარპატელებთან ჰქონდათ.

საქართველო-რუმინეთი 12:10 (3:3, 4:1, 2:3, 3:3)

საქართველო: გვეტაძე, ერისთავი (1), ალავიძე, გავაშელი, პატარიძე, დადვანი (2), ახვლედიანი (3), გიორგაძე (4), კირიაკიდი, ჩხეიძე (1), ჩიქოვანი (1), ტყეშელაშვილი, ჭუმბურიძე.
რუმინეთი: იაკობი, დინკა, ლუტესკუ (1), გორეა (2), საჩეტი, ბასიუ, ილისე, პირიანუ (1), ნეამტუ (1), ჩორჩე (1), ლუნკანი, რატი (4), დი მარტინო.

გამოცდილი მწვრთნელის, სოსო მაისურაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები კარგა ხანია, ამ ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ უფრო გამოცდილ ევროპელებთან პაექრობა, ცხადია, ძნელი იქნება, რაც გუშინდელმა სასტარტო მატჩმაც დაადასტურა.

შეხვედრა რუმინელთა იერიშებით დაიწყო და მე-2 წუთზე რატიმ სტუმრები დააწინაურა. შემდეგ მანვე და პირიანუმ ანგარიშში სხვაობა სამამდე აიყვანეს. ქართველმა წყალბურთელებმა პირველი ბურთი მხოლოდ მე-5 წუთზე შეაგდეს – გიორგაძე გამოირჩა. ეს საკმარისი გახდა, მასპინძლებს უფრო თამამად ეგრძნოთ თავი და პერიოდის ბოლომდე ისევ გიორგაძემ და ჩხეიძემ წონასწორობა აღადგინეს.

შეხვედრის მეორე რვაწუთიან მონაკვეთში ჩვენმა ბიჭებმა აშკარად დაჯაბნეს მეტოქე – იაკობის კარი ოთხჯერ აიღეს, საკუთარში კი მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს. შესვენების მერე უფრო თანაბარი პაექრობა გაიმართა, თუმცა იყო მომენტი, როცა მასპინძელთა უპირატესობა თვალსა და ხელს შუა გაქრა – საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 10:11, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში მასპინძლებმა არა მარტო ანგარიში შეინარჩუნეს, არამედ 4 წამით ადრე მე-12 გოლიც (ახვლედიანი) მიითვალეს და 12:10 გაიმარჯვეს.

ამ მატჩს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, – გვითხრა პაექრობის შემდეგ სოსო მაისურაძემ, – საკუთარი მაყურებლის წინაშე ბიჭები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდნენ, რამაც შეხვედრის დასაწყისში ისინი ერთგვარად შებოჭა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. გამარჯვებამ ბიჭებს იმის რწმენა შემატა, რომ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება ტოლ-სწორად თამაში. მომდევნო ორ ტურში ჩემპიონატის ფავორიტებს ვხვდებით, მაგრამ უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ“.

პირველი ტურის პაექრობები ასე დასრულდა:

ჯგუფი: რუსეთი-თურქეთი 13:7, იტალია-მალტა 20:4
ჯგუფი: საქართველო-რუმინეთი 12:10, საბერძნეთი-ჩერნოგორია 8:4
ჯგუფი: უნგრეთი-სლოვაკეთი 18:2, სერბეთი-ჰოლანდია 9:8
ჯგუფი: ხორვატია-საფრანგეთი 9:7, ესპანეთი-გერმანია 11:9

წყარო: lelo.ge

SHARE