უსიამოვნო ამბავი კვიპროსიდან: გიორგი ლორიას ცხვირი გაუტყდა

316

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “ანორთოსისმა” კვიპროსის I დივიზიონის ბოლო ტურში ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” დასანანი მარცხი განიცადა. თუმცა მეორე დღეს სენსაციურად წააგო კონკურენტმაც – “ომონიამ” საშინაო მატჩი დათმო (1:2) ახნას “ეთნიკოსთან” და ქართველების გუნდი 19 ტურის შემდეგ 40 ქულით მოქმედ ჩემპიონს კვლავ 2 ქულით უსწრებს.

მომდევნო შეხვედრას “ანორთოსისი” 16 თებერვალს “ნეა სალამინასთან” შინ გამართავს. შესაძლოა, ამ თამაშისთვის გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი დაუბრუნდეს, – ეს კარგი ამბავი “პროტატლიმამ” გაავრცელა.

“კარგიარომ ნეა სალამინასთან” მატჩში თემურ ქეცბაიას თორნიკე ოქრიაშვილიც ეყოლება. ქართველი მაინც სხვა კლასია. როცა ოქრიაშვილი კარგ ფორმაშია, “ანორთოსისისთვის” დიდ მნიშვნელობას იძენს”, – წერს კვიპროსული გამოცემა.

სამწუხაროდ, გიორგი ლორიას ძალზე უსიამოვნო ტრავმა აქვს და ეს სამწუხაროა მოახლოებული სანაკრებო თამაშების პერსპექტივაშიც. მას აპოელ-თან ერთი კვირის წინანდელ მატჩში (0:0) ცხვირი გაუტყდა.

ფამაგუსტელთა ქართველი მეკარის ტრავმაზე “ფილენიუსი” წერს: “მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ლორიამ ითამაშოს საგანგებო დამცავი ნიღბით. ეს პრობლემა მას გასულ ოთხშაბათს შეექმნა. აპოელ-ის ფეხბურთელმა ანდრია პავლოვიჩმა ქართველ მეკარეს ცხვირში იდაყვი შემთხვევით მიარტყა.

ეს მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა არ არის და, რა თქმა უნდა, ტკივილიც უცებ არ გაივლის. ამ ტრავმა ლორიას ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” წაგებულ (1:2) შეხვედრაში მონაწილეობის შანსი არ მისცა.

იმისთვის, რომ გამოცდილმა მეკარემ ნეა სალამინასთან” უახლოეს მატჩში მოედანზე გასვლა შეძლოს, დამცავი ნიღბის ტარება მოუწევს. ლორიას ეწვია სპეციალისტი, რათა მისი სახის ზომის ნიღაბი დაამზადოს.

ამავე დროს, ნიღაბს კარგი ხილვადობაც უნდა ჰქონდეს. გამოცდილი ლორია გუნდის მესამე მოთამაშე გახდება (თანაც, მესამე ქართველი), რომელიც დამცავი ნიღბით ითამაშებს. ასე უკვე თამაშობენ მისი თანამემამულეები – ნიკა კაჭარავა და მურთაზ დაუშვილი”.

წყარო: lelo.ge

SHARE