ფერგის რჩეული კანტონა: „არაერთი დიდი ფეხბურთელი გამიწვრთნია, მაგრამ ყველაზე დიდი, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, ერიკ კანტონა იყო“

381
Manchester United's Alex Ferguson and Eric Cantona celebrating in Manchester this morning (Thursday) after winning the Carling's Manager of the Month and Player of the Month respectively.

“არაერთი დიდი ფეხბურთელი გამიწვრთნია, მაგრამ ყველაზე დიდი, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, ერიკ კანტონა იყო”, – ეს თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა, ყოფილიყო ამ სიტყვების ადრესატი, მაგრამ ის ეკუთვნის მხოლოდ ერთ კაცს – ფრანგ ლეგენდა ერიკ კანტონას, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში…

ერიკ კანტონა 1992-97 წლებში თამაშობდა “მანჩესტერ იუნაიტედში” და ამ დროის განმავლობაში კლუბის გულშემატკივრების გული დაიპყრო – 195 შეხვედრაში 82 გოლი შეაგდო და, ალბათ, მეტსაც შეძლებდა, რომ არა ტრავმები და გიჟმაჟი ხასიათი.

რაც შეეხება ტიტულებს. მართალია, ევროასპარეზზე კანტონასთან ერთად “იუნაიტედმა” ვერ გაიბრწყინა, მაგრამ შინაურ არენაზე ფრანგმა და “წითელმა ეშმაკებმა” ოთხჯერ მოიგეს პრემიერლიგა და დაინადავლეს ასოციაციის თასი.

ყველას ახსოვს ფრანგ ვარსკვლავთან დაკავშირებული სკანდალი. მან აღმოსავლური ორთაბრძოლების მასტერკლასი ჩაუტარა “კრისტალ პალასის” ერთ-ერთ გულშემატკივარს. რა თქმა უნდა, ამას ძალიან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ინგლისური ფეხბურთის მეტად კონსერვატიულ სამყაროში.

საინტერესოა, რომ 1991 წლის დეკემბერში ერიკი სერიოზულად აპირებდა კარიერის დასრულებას. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ლეგენდისგან არაფერი დარჩებოდა. კანტონა ძალიან გაბრაზებული იყო და ამ გაბრაზებას ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზი…

ცოტა ხნით ადრე, როცა ის ფრანგული “ნიმის” ლიდერი იყო, მსაჯს ბურთი ესროლა, რაკი მისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა. ცხადია, ამ ინციდენტს ასე უბრალოდ არ ჩაუვლია. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კანტონას ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ერიკი ძალიან გაბრაზდა და კომიტეტის თითოეულ წევრს “იდიოტი” უწოდა, რის შემდეგაც სამ თვემდე გაუზარდეს დისკვალიფიკაცია.

ამან კანტონა ისე გაანაწყენა, სერიოზულად დააპირა აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულება. საქმეში ფრანგული ფეხბურთის ლეგენდები ჩაერთვნენ. ყველაზე აქტიური საფრანგეთის ნაკრების მაშინდელი დამრიგებელი მიშელ პლატინი გახლდათ. მან ერიკს აუხსნა, რომ კარიერის ასე ნაადრევად დასრულება, მართლაც რომ დიდი იდიოტიზმი იქნებოდა.

პლატინიმ კანტონას რჩევაც მისცა – ეცადა კარიერის უცხოეთში გაგრძელება. კანტონამ აირჩია “ლიდსი”. ისეთივე “გიჟების” გუნდი, როგორიც თავად გახლდათ მინდორზე…

და მაინც, კანტონას ცხოვრების გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო. სერ ალექს ფერგიუსონთან მუშაობამ ის სულ სხვა დონეზე გაიყვანა. თავად კანტონაც ძალიან მადლობელი იყო შოტლანდიელი დამრიგებლის:

“მე მივხვდი, რომ ყველაფერს მივაღწიე. როცა ბოლომდე გავისიგრძეგანე ეს, მივხვდი, რომ ფეხბურთისგან საერთოდ ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, თამაშისთვის თავი დამენებებინა. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ვერ ითვალთმაქცებს. ჩემში არაფერია მსახიობური. მე ვეღარ ვიღებდი ფეხბურთისგან ადრენალინს და როგორც კი ეს შევამჩნიე, იმ წამსვე გადავწყვიტე წასვლა…

ვერასოდეს დავივიწყებ სერ ალექს ფერგიუსონის ამაგს. მე “იუნაიტედში” ჩემი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშე. ეს იყო ის, რაც მსურდა მთელი კარიერის განმავლობაში. “იუნაიტედში” შევხვდი საუკეთესო მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს. მინდორზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი”, – ამბობს კანტონა.

როგორი ფეხბურთელები მიაჩნია საუკეთესოდ კანტონას? ისეთი, როგორიც თავად იყო – მოთამაშეები, რომლებიც არ არიან შეზღუდულები რაღაც ჩარჩოებით.

“მე მიყვარს თავისუფლება მინდორზე. ფეხბურთელებიც ასეთები მიყვარს – ისეთები, არასოდეს რომ არ ექცევიან მონახაზში და ყველაფერს ისე წყვეტენ, როგორც თავად უნდათ. ჩემში ეს ყოველთვის იყო. შეიძლება, იმაზე დიდი დოზით, ვიდრე რომელიმე მწვრთნელი ისურვებდა, მაგრან ნამდვილად იყო”, – ამბობს ჩვენი გმირი.

თავის დროზე, ინგლისური ფეხბურთი, და ზოგადად ფეხბურთი, გაცილებით კონსერვატიული იყო, ვიდრე არის ახლა. კანტონას ძალიან ბევრი აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ერთხელაც თავი გადაიპარსა.

“დღეს ამით საერთოდ ვერავის გააკვირვებ, მაგრამ მაშინ სულ სხვა დრო იყო. როცა თავი გადავიპარსე, ამას საოცარი რეაქცია მოჰყვა. ხალხი სერიოზულად ამბობდა, რომ ერიკ კანტონა გაგიჟდა, მაგრამ მე მხოლოდ რაღაც ახალი მინდოდა. თავისთავად ცხადია, რომ “მეამბოხეს” მიწოდებენ. დღეს ძალიან ბევრს ეძახიან ასე. მხოლოდ იმის გამოც კი, რომ ვიღაცამ ტატუ გაიკეთა, ან უცნაური ტატუ. ეს ასე ადვილად არ ხდება. ეს ან გაქვს სულში და ან არ გაქვს”.

რას ფიქრობს კანტონა დღევანდელ ფეხბურთზე? “ძალიან ხშირად ფეხბურთელები მსახიობები არიან. ჩვენ ვართ სისტემის ნაწილი და მე ვსვამ ერთ ლიგიკურ კითხვას – რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სისტემა იყოს უკეთესი”?

ცნობილია, რომ კანტონა ძალიან მაგრად უკრავს საყვირზე. როგორც ირკვევა, მან ეს დისკვალიფიკაციების დროს დაამუღამა. თავად თქვა, რომ ამ დროის განმავლობაში ფეხბურთს თითქმის არ უყურებდა და დაკვრას სწავლობდა, რაც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში ძალიან ეხმარებოდა.

კანტონას განსაკუთრებით უყვარს ღარიბები. ის ამბობს, რომ მათი სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება: “ძალიან მიყვარს ღარიბი ადამიანები. მე ეს არც არასოდეს დამიმალავს. სხვანაირად რომ იყოს, უბრალოდ, საკუთარ თავთან არ ვიქნებოდი მართალი…

ჩემი წინაპრები ძალიან ღარიბები იყვნენ, მაგრამ მათ აბსოლუტურად ყველაფერი საკუთარი შრომით შექმნეს. მაგალითად, მე გავიზარდე სახლში, რომელსაც ბაბუაჩემი წლიდან წლამდე ძალიან დიდი წვალებით აშენებდა. ჩემს წინაპრებს დღიდან დღემდე შრომით გაჰქონდათ თავი და უამრავი დაბრკოლება ხვდებოდათ…

ჩემი აზრით, ფეხბურთს ყველაზე უკეთესად ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ბიჭები თამაშობენ. მათში ძალიან დიდია ჟინი, ისინი უკეთესობისკენ მიილტვიან. სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე მათ სვლას მწვერვალებისკენ და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს”, – ასე მსჯელობს კანტონა.

ჟურნალისტები ხშირად ინტერესდებიან სხვადასხვა ვარსკვლავების აზრით, თუ რომელია ამ საფეხბურთო ტრადიციებით მდიდარი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი – მიშელ პლატინი თუ ზინედინ ზიდანი? როცა ერიკ კანტონას ამ დამაინტრიგებელ კითხვას უსვამენ, ორიგინალურად პასუხობს:
“არ ვიცი… ალბათ, საუკეთესო არის ვინმე სხვა. მაგალითად… მე”, – სხვა დროს და სხვა შემთხვევაში, შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ საქმე ყეყეჩ ეგოისტთან გვაქვს, მაგრამ ეს ხომ ერიკ კანტონაა…

ფაქტია, ფრანგმა ლეგენდამ “იუნაიტედში” არაერთი დიდებული შეხვედრა ჩაატარა. როცა მას “წითელი ეშმაკების” რიგებში ჩატარებული მატჩის გახსენება სთხოვეს, კანტონამ თქვა:

“ეს იყო “ვესტ ჰემთან” მატჩი. თამაში რომ მორჩა, მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ფეხბურთელს მაისურა გავუცვალე. ცოტა მოგვიანებით გავიგე, რომ მას ეს მაისურა აუქციონზე გაუყიდია”…

წყარო: lelo.ge

SHARE