ქართული დაპირისპირება ნახევარფინალში? შაფათავა კალაშნიკოვას ელოდება

523

კონტრექსვილში (საფრანგეთი) 100.000-იანი საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში სოფიო შაფათავა ერთეულებში კვალიფიკაციიდან აღზევებულ სარა ჩაკარევიჩთან (საფრანგეთი) დრამატულ პაექრობაში დამარცხდა – 6:7, 6:7. შეხვედრა საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ ხელს 5:3-ს იგებდა, მაგრამ მე-9 გეიმში საკუთარი მოწოდება ვერ გამოიყენა და სეტიც დათმო. სამაგიეროდ, შაფათავამ ემილი ვებლი-სმითთან (დიდი ბრიტანეთი) ერთად წყვილებში იყოჩაღა:

მესამე ნომრად განთესილმა ქართულ-ბრიტანულმა დუეტმა რუსებს – სოფია ლანსერესა და კამილა რახიმოვას აჯობა – 4:6, 6:4, 10:5 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა – ესპანელი ხეორხინა გარსია პერესისა და გერმანელი ტამარა კორპატჩი (გერმანია) – ლატვიელი დიანა მარცინკევჩის (ლატვია) ტანდემებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

შვედური ბასტადის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) გამოეთიშა თბილისელი ეკატერინე გორგოძე. მეორე წრეში იგი მე-6 ნომრად განთესილ რუს ნატალია ვიხლიანცევასთან დამარცხდა – 3:6, 0:6.

ტუნისურ ტაბარკაში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ზოზია ქარდავამ გუშინ ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ანა სიჩკოვასთან (ჩეხეთი) წააგო – 6:3, 2:6, 0:6.

მარბურგის (გერმანია) 15.000-იანი ტურნირის ერთეულთა პაექრობას თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი სტარტზევე გამოეთშა, წყვილებში ტუნა ალტუნასთან (თურქეთი) ერთად კი გუშინ მე-4 ნომრებს – ჯესპერ დე იონგსა და რაიან ნიიბოერს (ორივე – ჰოლანდია) დაუპირისპირდა. შეხვედრა საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. ქართულ-თურქულმა დუეტმა სამ სეტში მიაღწია წარმატებას – 7:6, 2:6, 10:8 და მეოთხედფინალში ავსტრალიელებს – მისლავ ბოსნიაკსა და მატეუ დელავედოვას გაუწევენ მეტოქეობას. მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებმა ლუდგიგ აერსა (დანია) და ტიმ ჰეგერს (გერმანია) მოუგეს.

წყარო: lelo.ge

SHARE