ქართული მაფიის რევანში! ექსკლუზიური ინტერვიუ ზურიკო დავითაშვილთან

468

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში ორი დებიუტანტი გამოიძახა: თბილისის “დინამოს”  გარემარბი ლევან შენგელია და ყაზანის “რუბინის” 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი. კაცმა რომ თქვას, ამ უკანასკნელის გამოძახებას მოულოდნელს ვერ დავარქმევთ. 18 წლის ფეხბურთელი ყაზანის “რუბინში” თბილისის “ლოკომოტივიდან” ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ შვიდივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო

მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხების (0:1) მიუხედავად, ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახლეს, ხოლო სულ რჩეულებში ორჯერ მოხვდა. ამავე დროს, რუსული მედიის ცნობით, ცსკა-სთან  შეხვედრას დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე დასაკვირვებლად “მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტი დაესწრო.

ამას გარდა, ზურიკო დავითაშვილი რუსეთის ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურში პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესოა, ხოლო გამოცემა “სპორტ24”-მა ის ჩემპიონატის “აღმოჩენებს” შორის დაასახელა.

ყაზანელთა ქართველი ახალწვეული ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის მხრიდან ნდობით გახარებულია. დავითაშვილს ყაზანში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ – პირველ სანაკრებო გამოძახებაზე, ყაზანის “რუბინზე”, ახალ გუნდსა და ჩემპიონატთან ადაპტაციასა და, რა თქმა უნდა… “ქართულ მაფიაზე”, რომელსაც, თურმე რევანში აუღია

თუ რას ვგულისხმობთ, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ

– უპირველესად, ნაკრებში გამოძახებას გილოცავთ…

– დიდი მადლობა ვლადიმირ ვაისს, რომელიც მენდო და ნაკრებში პირველად გამომიძახა. ეს ამბავი ერთი დღით ადრე გავიგე და ძალიან გამიხარდა ეროვნულ გუნდში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. შევეცდები, ეროვნულ გუნდშიც ისეთივე სასარგებლო ვიყო, როგორიც ასაკობრივ ნაკრებებში ვიყავი.

– საქართველოდან რუსულ პემეირლიგაში წასულმა ზედიზედ 7 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეთ. თქვენი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდით, რომ თავიდან გაგიჭირდათ…

– რა თქმა უნდა, გამიჭრდა, რუსეთის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და საქართველოს შემდეგ უცებ იქ თამაში ასე ადვილი არ არის. ყველაფერი განსხვავებულია და სხვა დონეზეა – სისწრაფეები, მოძრაობა, ფიზიკური მომზადება ამ ტემპს რომ შეეგუო, დრო გჭირდება. ცალკე ადაპტაციისთვისაც მჭირდებოდა გარკვეული პერიოდი. მაგრამ საბედნიეროდ, ქართველები ისე კარგად მიგვიღეს და გუნდში ისეთი მეგობრული ატმოსფეროა, ადაპტაციაც გამიადვილდა და მათი დახმარებით, უცხო ფეხბურთზე გადაწყობაც.

– ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება – მწვრთნელმა 18 წლის დამწყებ ფეხბურთელს  წარმოუდგენელი ნდობა გამოგიცხადათ…

– რომან შარონოვი ძალიან კარგი პიროვნება და მწვრთნელია. მიხარია, მასთან მუშაობა რომ მიწევს. ის პირველივე დღიდან მეხმარებოდა და ახლაც გვერდში მიდგას.

– სრულად მხოლოდ პირველი ორი მატჩი ვერ ჩაატარეთ. ახლა კი “რუბინის” მწვრთნელი შეუცვლელად გათამაშებთ. დიდი პასუხისმგებლობაა…

– პროფესიონალურ ფეხბურთში მთავარი სწორედ ეს პასუხისმგებლობაა!

– თანადგომა კარგია, მაგრამ ფიზმომზადებაში რომ არ გიჭირთ, ეს უფრო უცნაურია…

– მე ის დამეხმარა, ზამთარში “რუბინთან” ერთად შეკრება რომ გავიარე, მერე, ყაზანელებს რომ დავშორდი, თბილისშიც კარგად ვემზადებოდი და ზაფხულში რომ ჩავედი, უკვე ვიცოდი, რა დონის მომზადება მჭირდებოდა. სხვათა შორის, პირველ ორ შეხვედრაშიც იმიტომ შემცვალეს, რომ ორგანიზმი ასეთ დატვირთებს შეუჩვეველი იყო, კუნთები ამტკივდა და მწვრთნელმა მოედნიდა გამიყვანა.

– კუნთები ახლაც გტკივათ?

– არა, შევეგუე და თავს კარგად ვგრძნობ. მთავარი, იცით, რა იყო? გუნდში რომ მივდიოდი, იმაზე არ ვფიქრობდი, რომ ერთი წელი მოვემზადებოდი და შემდეგ ერთ წელიწადში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებდი – ამისთვის დროს არავინ მოგცემს. საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო, რომ პირველი დღიდან სასტარო შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლო და მოიპოვო და მცირე შანსიც აუცილებლად გამოიყენო. მე დიდი ნდობა მაქვს, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და მინდა, ამ შანსით ვისარგებლო.

– ქართველ ფეხბურთელებს, თურმე, გუნდში “ქართულ მაფიას” გიწოდებენ…

– კი, ასეა, ოღონდ, მეგობრულად გვეძახიან. კარგი ბიჭები არიან, დავმეგობრდით და გვეხუმრებიან, ჩვენ ვეხუმრებით ხოლმე… ძალიან მიხარია, რომ ქართველი ბიჭები ერთად ვართ და ერთმანეთს ყველაფერში ხელს ვუწყობთ. ნიკა ყიფიანმა ტრავმა უკვე მოირჩინა “მაფიაში” დაბრუნდა.

– სანაკრებო პერსპექტივიდან გამომდინარე, კარგად შეთამაშებული ოთხი ქართველი შემტევი სტილის მოთამაშე დამაიმედებელი ამბავია…

– კვარაცხელიას ბავშვობიდან ვიცნობ და მასთან ერთად “დინამოსა” და ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ბექა მიქელთაძესთან ერთად თამაშიც “დინამოში” მომიხდა და საერთო ენა იოლად გამოვნახეთ. ნიკასთანაც ადვილია თამაში.

– რას ფიქრობთ, თქვენს თაობას შეუძლია ქართული ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს?

– ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი და სურვილი გვაქვს. იქნებ, ის დრო დაბრუნდეს, როცა საქართველოში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდა. იმედია, ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდება და ეროვნული ნაკრები უფრო გაძლიერდება. ამის იმედი ნადვილად მაქვს.

– რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო, “ქართულმა მაფიამ” პენალტების სერიაში თანაგუნდელისთვის მანქანის გარეცხვა რომ წააგეთ

– მერე? ამ წაგებისთვის რევანში რომ ავიღეთ, არ იცით?!

– ეგ აღარ დაწერეს…

– მაგაშია საქმე (იცინის)! მეორედაც შევხვდით, ამჯერად ჩვენ პენალტები კარგად დავურტყით, მოვუგეთ და მანქანაც გარეცხეს!..

წყარო: lelo.ge

SHARE