ქუთაისის ტორპედოს ბედი გადაწყდა!

555

ახალ წლებამდე დაწყებული მოლაპარაკება დასრულდა! გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის “ტორპედოს” ერთწლიან წვალებას წერტილი დაესვა და კლუბს ახალი პატრონი ჰყავს – იტალიელი ფაბიო მანინი.

ის ტრადიციული ქართული კლუბით გასული წლის შემოდგომაზე დაინტერესდა, მაგრამ მოლაპარაკებები გაიწელა. შევიტყვეთ, რომ მიზეზი იურიდიული საკითხები იყო – ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება ერთი კვირის წინ შედგა, მაგრამ კლუბის გადაცემა თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში იურიდიულად უნდა გაფორმებულიყო.

საბედნიეროდ, ესეც სწრაფად მოხერხდა და “ტორპედო” ახლა ლიცენზირებასაც გაივლის. ფეხბურთის ფედერაციისგან დროებითი ლიცენზია კი არსებობს, მაგრამ კლუბი ჯერაც სფფ-ის მონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ 27 იანვრამდე “ტორპედოს” მოთამაშეებისა და პერსონალისადმი დავალიანება (დაახლოებით 2,3 მილიონი ლარი) უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდს დაბალ ლიგაში დააქვეითებდნენ.

იმედია, “ტორპედოსთვის” ახალი პერიოდი დაიწყება – პერიოდი, როცა გუნდიც ფეხზე დადგება და ეროვნულ ლიგასაც უფრო კონკურენტუნარიანსა და მიმზიდველს გახდის.

წყარო: lelo.ge

SHARE