ყატარული გუნდის მწვრთნელი: ცინცაძე და ბერიშვილი იმიტომ დავიმატე, რომ…

561

18 სექტემბერს “დინამოს” ბაზაზე ამხანაგური მატჩი გაიმართა – ყატარის “ალ შამალი” “დინამოს” დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესო სანახავი გამოდგა, რომელშიც დინამოელ ახალგაზრდებს გამოცდილი შამალელების წინააღმდეგ მოუწიათ გამოსვლა. გიორგი ცინცაძემ კი კიდევ ერთხელ დაგვანახა მაღალი კლასი.

“ბუ” და მიხეილ ბერიშვილი “ალ შამალის” ღირსებას იცავენ და გასულ სეზონში ყატარის ჩემპიონებიც გახდნენ. ეს გუნდი თბილისში სექტემბრის დასაწყისში ჩამოვიდა და ერთთვიან შეკრებას “დინამოს” ბაზაზე გადის. მთავარ მწვრთნელს, ჰასან ჰაჩადს გვერდში ეხმარებიან მამუკა ტურაშვილი და მანუჩარ მარკოიშვილი.

– “დინამოს” ბაზაზე ნაყოფიერი შეკრება გვაქვს, – გვითხრა მიხეილ ბერიშვილმა, – თავიდან შეკრების თურქეთში გავლა იგეგმებოდა, თუმცა მე და გიორგი ცინცაძეს ჩვენი ქვეყნის შესახებ საკმარისად გვქონდა მოყოლილი და მწვრთნელმა პრეზიდენტთან ერთად თურქეთის ნაცვლად საქართველოში შეკრება გადაწყვიტა. ჩვენი მწვრთნელი ჰასან ჰაჩადი კმაყოფილია მწვრთნელებით მანუჩარ მარკოიშვილით, მამუკა ტურაშვილითა და ფიზმომზადების სპეციალისტით ირაკლი შიოშვილით.

“ალ შამალში” ბევრი “ინტერნაციონალი” კალათბურთელია: წარმოშობით აფრიკელები, საკალათბუღთო ცოდნა ამერიკაში აქვთ მიღებული, ყატარში ჩასვლის შემდეგ კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს.

– მწვრთნელსაც და თანაგუნდელებსაც მოსწონთ თბილისი, ჩვენებური კერძები და ამინდი. მაშინ, როცა ახლა ყატარში ძალიან ცხელა, ტემპერატურა 44 გრადუსამდე ადის, თბილისში მშვენიერი სიგრილეა. კალათბურთის სათამაშოდ დოჰაში ოქტომბრიდან ჩავდივართ ხოლმე, სეზონს აპრილის ბოლოს ვამთავრებთ. შესაბამისად, იქ ზაფხულში ყოფნა არ გვიწევს, თუმცა ხშირად გავსულვართ ქალაქში 35 გრადუს სიცხეში, – განაგრძო ბერიშვილმა.

– გუნდის შემადგენლობა შარშანდელი სეზონის შემდეგ თითქმის იგივე დარჩა. მხოლოდ ერთი კალათბურთელი წავიდა და ერთი დაგვემატა. აარონ მიჩელი, რომელიც სხვა გუნდში გადავიდა უფრო ინდივიდუალისტი იყო, ახალწვეული ლენი დენიელი გუნდური ტიპის კალათბურთელია და, ვფიქრობ, “ალ შამალის” სისტემაში უფრო ადვილად ჩაჯდება და გუნდს უფრო გამოადგება. გასულ სეზონში ჩვენი მთავარი კოზირი გუნდურობა იყო. ყატარის ლიგაში კლუბები, ძირითადად ინდივიდუალური თამაშით გადიან ფონს. ასეთ სტილში შეიძლება ერთი მეოთხედი ან ერთი თამაში მოიგო, მაგრამ ჩემპიონატში გამარჯვება გაგიჭირდება. ტურნირში, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება გადამწყვეტია გუნდურობა, რამაც შარშან ჩემპიონობა მოგვაპოვებინა, – გვითხრა გიორგი ცინცაძემ.

რამ გადააწყვეტინა “ალ შამალის” მწვრთნელ ჰასან ჰაჩადს მოსამზადებლად თბილისში ჩამოსვლა?

– შეკრების საქართველოში გავლა ორი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი: გვყავს ორი ქართველი კალათბურთელი, მიშა ბერიშვილი და გიორგი ცინცაძე. და მეორე: მათგან ვიცოდით, რომ მოსამზადებლად კარგი პირობებია. თბილისში ჩამოსვლით ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ. მშვენიერი დარბაზი გვაქვს, მეხმარება ორი კარგი მწვრთნელი, ლამაზ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველა პირობა გვაქვს მოსამზადებლად. ვფიქრობ, შეკრებისთვის მომავალ წელსაც თბილისს ვეწვევი.

ყატარელმა მწვრთნელმა ქართველებზე თბილად ილაპარაკა:

– ვიდრე ცინცაძესა და ბერიშვილს მოვაწერდი ხელს, ამერიკელი კალათბურთელები მყავდა. მათთან პრობლემები იყო და გუნდიდან გავუშვი. ქართველების ჩამოყვანით დიდი სარგებელი მივიღეთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მიშამ და ჟორჟმა “ალ შამალს” ჩემპიონობა მოუტანეს. კარგი კალათბურთელები და კარგი პიროვნებები არიან. სეზონის დასრულების შემდეგ მათი ხელახლა დამატება იმიტომაც გადავწყვიტე, რომ მინდა გავიმეორო ის, რასაც შარშან მივაღწიე. ქართველებმა უკვე კარგად იციან, როგორ ითამაშონ ყატარის ჩემპიონატში, როგორ მიაღწიონ წარმატებას. მათ მშვენივრად უგებენ დანარჩენები: ყატარის პასპორტი აქვთ დიოპსა და კურუს, თუმცა აფრიკელები არიან, სენეგალიდან და კოტ დივუარიდან. მსროლელია კოსარი, რომელსაც ყატარის ნაკრებში აქვს ნათამაშები. დავიმატეთ ამერიკელი დენიელი, რომელიც ასევე კარგად მოერგო ჩვენს სისტემას. ამჟამად თბილისში არ იმყოფება, თუმცა დოჰაში შემოგვიერთდება ორი ყატარელი კალათბურთელი ამირი და ფერისი. ისინი ამჟამად ნაკრებთან ერთად ვარჯიშობენ.

“ალ შამალის” მიზანზე გიორგი ცინცაძემაც ისაუბრა:

– შარშან ჩემპიონები გავხდით. ეს გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა. ვფიქრობ, ჩვენი, ქართველების წვლილიც დიდი იყო და გვინდა იგივე ახალ სეზონშიც გავიმეოროთ.

რადგან მეორე სეზონშიც “ალ შამალში” დარჩენა გადაწყვიტეს, გამოდის, რომ გიორგი და მიშა ყატარში წასვლას სწორ ნაბიჯად თვლიან.

– გასული სეზონის შემდეგ წინადადება რომ მივიღე, მქონდა დარჩენის სურვილი და დავრჩი. თავს კარგად ვგრძნობ, ამიტომ სხვა წინადადებები არც განმიხილავს. ყატარიდანაც იყო ერთი შეთავაზება, მაგრამ მერჩივნა ძველ გუნდში, ნაცნობ სიტუაციაში დავრჩენილიყავი. მითუმეტეს, რომ მიშა ბერიშვილმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და კვლავ ერთად ვითამაშებთ.

წყარო: lelo.ge

SHARE