შოთა არველაძეს წინადადებები ევროპიდან აქვს

357

ტაშკენტის „პახტაკორის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ თურქულ „რადიოსპორში“ ჩართვის დროს ისაუბრა, რამდენად რეალურია, რომ თურქეთში დაბრუნდეს. 47 წლის ქართველმა მწვრთნელმა თქვა, აქვს თუ არა შემოთავაზება და თურქეთში დაბრუნების სურვილი.

„ტაშკენტის გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს მისრულდება. ოფიციალურად წინადადება 2-3 ევროპული გუნდიდან მივიღე, მაგრამ თურქეთის არცერთი გუნდი არ დამკავშირებია. ახლა უზბეკეთში კვირაში 2-3 მატჩს ვთამაშობთ და ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული“, – ამბობს არველაძე.

არველაძე კომენტარი გავრცელებულ ხმებზეც გააკეთა, თითქოს, თურქულ „ბეშიქთაშს“ ნიკა ნინუას აყვანა მან ურჩია.

„მიხარია, რომ ქართველი ნიკა ნინუა „ბეშიქთაშის“ სატრანსფერო სიაშია. მე ის მომწონს, ნიკა ნინუა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სტამბოლის გუნდს ფეხბურთელზე ინფორმაცია ჩემგან არ მიუღია“, – აცხადებს არველაძე.

წყარო: 1tv.ge

SHARE