ძალიან საინტერესო ინტერვიუ ქართველ ბიზნესმენთან, რომელიც სხვანაირად დაგანახებთ ფეხბურთს. უნიკალური გზა, თუ საიდან შეიძლება მოვიდეს ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში…

381

ცოტა შორიდან დავიწყებთ: 2017 წლის დეკემბერში “ლელოსთვის” საინტერესო ამბავი გახდა ცნობილი: ბათუმის “დინამოს” შესყიდვა ერთდროულად ორ ბიზნესჯგუფს სურდა. მართალია, ჯერ გუნდი ისევ სახელმწიფოს ბალანსზე იყო, მაგრამ მაშინ გადაწყდა, რომ გუნდს “ლამინი გრუპის” დამფუძნებელი არჩილ ბერიძე შეიძენდა…

მეორე პიროვნება კი, რომელიც კლუბში მისვლას აპირებდა, ბიზნესმენი აიეტ კუკავა გახლდათ და “დინამოს” შესყიდვაზე ბათუმის მერიაში განაცხადიც ჰქონდა შეტანილი.

“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე აიეტ კუკავა ამავე დროს არის “კრედიტინფო საქართველოსა” და საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (პოლონეთი, ვარშავა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2004 წელს, მისმა კომპანია NCIB-მ, ოთხ კომერციულ ბანკთან ერთად, დააარსა პირველი საკრედიტო ბიურო საქართველოში – სს “კრედიტინფო საქართველო”.

მართალია, ბათუმის “დინამოს” შესყიდვის საქმე უკვე წარსულია, მაგრამ აიეტ კუკავას ფეხბურთში საკუთარი ინტერესები დღემდე აქვს და ამაში თავადაც დარწმუნდებით, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავთ. ეს პიროვნება ფეხბურთს ძალიან საინტერესო, თითქოს ჩვენთვის უცხო თვალით უყურებს, რაც, შესაძლოა, ქართულ საფეხბურთო მეურნეობას დღეს ძალიანაც სჭიდრება.

აიეტ კუკავამ “ლელოსთან” ინტერვიუში ფეხბურთის ეკონომიკურ ასპექტებსა და საქართველოს პერსპექტივებზე ილაპარაკა. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ მისი აზრები, რადგან ქართულ ფეხბურთს გარედან, ბიზნესმენის თვალით შევხედავთ. ამას გარდა, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი იმ გზებზეც ლაპარაკობს, რომელიც, მისი აზრით, ქართულ ფეხბურთს ჩიხიდან გამოიყვანს

ბოლო წლებში ძალიან ჩამოვრჩით

– ბათუმის “დინამოში” სხვა ბიზნესჯგუფი მივიდა. საინტერესოა, ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი ისევ გაქვთ?
– რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთი საინტერესო ფენომენია და მიმაჩნია, რომ მას ბიზნესის თანადგომით ფეხზე დადგომა შეუძლია.

– ინტერესი სხვა კლუბის მიმართაც გქონდათ?
– დიახ, იყო ინტერესი, მათ შორის – ქუთაისის “ტორპედოს” მიმართაც.

– თქვენ ბიზნესმენი ბრძანდებით და ამ ინტერესს როგორ ახსნით?
– ზოგადად, ჩვენი ინტერესია, რომ სადაც შევდივართ, იმ სფეროს თუ დარგს ღირებულება მოვუტანოთ. საბანკო-საფინანსო ჯგუფი შეგვიქმნია და მისი ყველა მონაწილე გაგვიძლიერებია. ამ მიზნით, ერთობლივად, მთავრობასთანაც მივდივართ და ინვესტორებთანაც. ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც 49 ქვეყნის საინვესტიციო ბანკია გაერთიანებული. თითოეულს ვაწვდით მესიჯს, რომ საქართველოში ესა და ეს სფეროა საინტერესო და ამ საინვესტიციო ბანკების დახმარებით ინფორმაცია მათ პარტნიორებთანაც მიდის. რაც შეეეხება ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესს. საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელების აკვანი. თბილისის “დინამოს” გარდა, ამას ბევრის გუნდი ახერხებდა – ქუთაისის “ტორპედო”, ბათუმის “დინამო”, სოხუმის “დინამო”, ზუგდიდის “ოდიში”, ფოთის “კოლხეთი”, ლანჩხუთის “გურია”… საწყენია, რომ ბოლო წლებში ძალიან ჩამოვრჩით.

– ვითარების შეცვლა რეალურია?
– პირველ რიგში, ამას დიდი თანხები სჭირდება, მაგრამ არა მხოლოდ თანხები – საამისოდ, აუცილებელია მთელი საზოგადოების და სახელმწიფოს ჩართვა, როგორც თავის დროზე ჰოლანდიაში გააკეთეს. ამ საქმეს მხოლოდ საფეხბურთო სამყარო ვერ უშველის. ჩვენთან არის მოკლევადიანი ხედვა, ამ დროს კი გრძელვადიანი გეგმები გვჭირდება.

მოვიყვანოთ უცხოელი ინვესტორები

– მაგალითად…
– უნდა დავაინტერესოთ და მოვიყვანოთ უცხოელი ინვესტორები.

– …მაგრამ როგორ? საქართველო პატარა ბაზარია, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია და რითი უნდა დავაინტერესოთ უცხოელი ინვესტორები? ეს ხომ ურთულესი საქმეა?
– ერთი შეხედვით, მართალს ამბობთ, მაგრამ ჩვენ თუ სხვა კუთხით შევხედავთ, ასეც არაა საქმე – ბიზნესი ფეხბურთს ამაში დაეხმარება. საქართველოში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები იბადებიან, მაგრამ ვერ იზრდებიან. ამით უნდა დავაინტერესოთ – თუ ბავშვებს და გუნდებს გასაზრდელად საჭირო პირობებს შეუქმნიან, ფეხბურთელების გაზრდით სოლიდურ შემოსავლებს მიიღებენ და საფეხბურთო მეურნეობაც დაიქოქება. მთავარია ერთიანი ხედვა – ქართული ფეხბურთის მთელი პოტენციალი უნდა დაიდოს და აუქციონზე უნდა გავიტანოთ – არა კერძო კლუბებმა, არამედ – სახელმწიფომ. პოტენციურმა ინვესტორებმა კი ის კონკურენციული უპირატესობები უნდა დაინახონ, რაც ქართულ ფეხბურთს გააჩნია და მჯერა, ბევრს მოვიზიდავთ. ერთი ინვესტორი თანხას რომ ჩადებს, მას სხვაც მოჰყვება. ახლა მაგალითად, აზიასა და არაბულ სამყაროში, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ფული აქვთ. ისინი ევროპაში შემოსვლით არიან დაინტერესებულები და ისეთი კლუბები აინტერესებთ, რომლებიც ევროპაში კარგად ითამაშებენ. ამას გარდა, მათთვის მთავარია, ხანგრძლივი პერიოდით ევროპაში გუნდი მათი ლოგოთი თამაშობდეს, რეკლამა ჰქონდეთ და შედეგებს დაელოდებიან. ამას გარდა, თუკი ევროპელები მოგების მაქსიმალურ კოეფიციენტს თანხმდებიან, ჩინელები და არაბები ოთხ-ხუთჯერ ნაკლებზეც მოდიან.

– რატომ?
– იმიტომ, რომ ევროპაში შესვლა უნდათ, საქართველო კი მათთვის  ევროპაში შესასვლელი ხიდია, ფეხბურთში მდიდარი ტრადიციებით. ჩვენთან ადვილია ევროთასებზე გუნდის გაყვანა, თუკი ფული გაქვს და 3-4 წრეს თუ გაივლი, ფინანსურ დანახარჯსაც ამოიღებ. ჩვენ მათ მივცემთ საშუალებას, რომ გახდნენ ევროპული კლუბების მეპატრონეები, დააბანდონ გრძელვადიანი ინვესტიცია, მათ შორის, პირველ რიგში, ბავშვთა ფეხბურთში. მარტო ფეხბურთელების მოყვანით საქმე არ გამოვა, ჩვენ გვინდა, რომ წარმატება ქართველი ფეხბურთელებისგან მოდიოდეს და არა – ლეგიონერებისგან.

ქვეყნის კონკურენტული უპირატესობაა შესაფუთი

– ანუ იდეაში ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს?
– რა თქმა უნდა, აქვს, ოღონდ, სწორი მიდგომებით. ამავე დროს, უნდა ვაჩვენოთ, რომ არის ქვეყანა, რომელიც ოლიმპიადაზე უფრო მეტ მედალს იღებს, ვიდრე 400-ჯერ მეტი მოსახლეობის მქონე ინდოეთი, ბევრად დიდი ტრადიციების მქონე საბერძნეთი, 50-ჯერ მეტი ბიუჯეტის მქონე ნორვეგია… ბოლო წლებში იყო პერიოდები, სპორტულად განთქმულ სერბეთსაც კი გავუსწარით და ბრაზილიას ვუწევდით კონკურენციას… ანუ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ, რომ მათ ვაჩვენოთ – საქართველო სპორტში ძალიან ნიჭიერი და ფიზიკურად ძლიერი მონაცემების მქონე ხალხის ქვეყანაა.

– ერთ-ერთი საინტერესო თემა საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებაა. ფეხბურთის პროგრესზე ესეც ახდენს გავლენას, რადგან, რაც უფრო კარგი გუნდები ჩამოვლენ, მეტი უშუალო და ბევრი სპარინგი ქართველი ფეხბურთელების დონეზეც მოახდენს გავლენას, პლუს, ქვეყნისთვის კარგი შემოსავალი იქნება…
– ეს მეორე და ძალიან საინტერესო სფეროა. საქართველოში არის გამორჩეული კლიმატი. ცნობილი რუსი სპეციალისტები ამბობდნენ, როცა პოზიციები დათმეს – საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მომზადება დაგვაკლდაო. მაღალმთიან ადგილებში მომზადებისას სპორტსმენს ჯანგბადის შიმშილი უჩნდება და ამას დიეტას თუ შეუხამებ, გამძლეობა გაცილებით მაღალ დონეზე ადის.

– ეტყობა, ამაზეც ბევრი გიფიქრიათ…
– მიფიქრია, რადგან ჩვენს ხელში მარგალიტია და ამ სიმდიდრეს ათვისება და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება უნდა. საქართველოში ბევრი ისეთი ადგილია, სადაც მსოფლიოსთვის მიმზიდველი მოსამზადებელი ბაზა შეიძლება გაკეთდეს. თუ ამ იდეაზე სახელმწიფო და საზოგადოება გაერთიანდებიან და ამ მიმართულებით ბევრს იმუშავებენ, საქართველო უფრო წარმატებული ქვეყანაც იქნება და უფრო ღონიერიც, მაგრამ როგორც გაზაფხულს ვერ მოიყვანს ერთი-ორი მერცხალი, ასევე ერთი-ორი კლუბი შედეგს და დონეს ცალკე ვერ გაზრდის. მათ გვერდში სახელმწიფო უნდა დაუდგეს. სწორედ ამას ეძახიან ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის შეფუთვას, რომელიც ფუნდამენტურ ნაშრომებში იქნება წარმოდგენილი.

წყარო: lelo.ge

SHARE