ძალოსანთა ნაკრების ექიმი ემოციურად ყვება შიდა სამზარეულოზე: რატომ უქმნის დისკომფორტს ასანიძის პირდაპირობა, რატომ არ მიულოცა დავითაძეს, რატომ გალანძღა ტალახაძემ…

677

ლაშა ტალახაძისა და ქართველი ძალოსნების ლამაზ ტაილანდურ თავგადასავალზე აქ აღარ მოგიყვებით, უკვე ყველამ ყველაფერი იცით.

ახლა უფრო საინტერესოა შიდა სამზარეულო, ის გარემო, სადაც იქმნება დიდი გამარჯვებები, და ის ხალხი, ვინც ამ გამარჯვებებს ქმნის…

მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ ამბებს პოსტი მიუძღვნა ჩვენი გუნდის ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა. ასე ისეთი რამეა, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

გთავაზობთ ა პოსტს უცვლელად:

“მიუყვება ავტობუსი განათებულ გზატკეცილს…

ზის ოციოდე ქართველი, ჩუმად, ყველა თავის საფიქრალს “უკირკიტებს”…

ზოგმა ბევრი აწია, ზოგმა არც ისე, ზოგს ცოტა გაუმართლა, ზოგს სულ არა…

ზოგიერთს ერთი ნაბიჯი დააკლდა ნანატრ მედლამდე…

მიდიან, გზა დიდია საქართველომდე…

საფიქრალი ბევრია… მაგრამ ყველას მაინც ერთი სიხარულით უძგერს გული… ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია… ასევე გუნდური მეორე ადგილი, რომელიც ბევრ ისეთ ქვეყანას არ დაესიზმრება, რომელიც რუკაზე 20 ჩვენხელა ადგილს იკავებს…

16 სექტემბერს ჩამოვფრინდით ტაილანდში. ქალაქი პატაია მასპინძლობდა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატს…

მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით მწვრთნელებიან, სპორტსმენებიან, ექიმებიან, მასაჟისტიანად… ათმაგი ყურადღება და ძალისხმიერებაა საჭირო, როცა საქმე ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას ეხება.

…რთულია იმუშაო ისეთ მთავარ მწვრთნელთან, როგორიც გიორგი ასანიძეა. 2013 წლიდან გუნდის სათავეშია და მეც მასთან მუშაობის თითქმის 7-წლიანი გამოცდილება მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვალებით მახვედრებს სათქმელს, თუ როდის რა წონა უნდა ავაწყო შტანგაზე, ან რა გავუკეთო სპორტსმენს შეჯიბრისა თუ ვარჯიშის დროს, მაინც მიწევს მასთან საუბრისას თითოეული სიტყვის, ან ქცევის აწონ-დაწონვა, რაც არ მაძლევს მოდუნების შესაძლებლობას და შრომის ერთგვარ სტიმულს მაძლევს.

ხშირად ვერ შევთანხმებულვართ, ბევრჯერ გვიკამათია, მისი პირდაპირობა წლებია მიქმნის დისკომფორტს, თუმცა ჩემშიც და სპორტსმენებშიც, ზღვა პატივისცემა და მოწიწება არსებობს მისდამი, რასაც პირველ რიგში ლეგენდარული ტიტულების გამო იმსახურებს… რომ აღარაფერი ვთქვა მთავარი მწვრთვნელის პოსტზე, მის სიმკაცრესა და დისციპლინირებულობაზე….

აი, პატაიდან აეროპორტისკენ მიმავალ ავტუბუსში ვზივართ ახლა, წინ აქაც გია ასანიძე ზის, როგორც გზამკვლევი საქართველოს ძალოსნობის ნაკრებისა – წარმატებისკენ…

ბევრს გაუხარდა ირაკლი თურმანიძის ყავარჯნებით დანახვა მსოფლიოს ჩემპიონატზე…

ბევრს ეწყინებოდა, ალბათ… თუმცა ძნელია გახარებულებისაც გეწყინოს… მათაც სურთ მედალი, მათაც უნდათ, რომ ჩავიდნენ გამარჯვებულები სამშობლოში…

თურმანიძის დანახვაზე თავს გადააქნევდნენ, თითქოს და ძალიან გული წყდებოდათ, რომ ჩვენი კაპიტანი, ამ ჩემპიონატზე გუნდის გასამხნევებლად იყო ჩამოსული და არა რიგითი მედლის მოსაპოვებლად… 14 აგვისტოს გაიკეთა მენისკის ოპერაცია… რეალური შანსი ქონდა მედლის, თუმცა ვერ დავახანებდით… ტრავმა ოხერია, ტკივილი – ძნელი… თუმცა ბევრჯერ ტკივილთან ერთად გვასახელა… ვთხოვეთ და ყავარჯნებით წამოგვყვა….

გაგვამხნევა, გვერდით გვედგა როგორც ყოველთვის და იმედი გვაქვს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე კიდევ გვასახელებს კაპიტანი, რომელიც წლებს ჯობნის. სხვა აურა აქვს მის ყოფნას შეჯიბრზე.

რთულია იყო პირველი და დაიწყო ჩემპიონატი ისე, რომ მთელ გუნდს შეუქმნა საბრძოლო განწყობა… შოთა მიშველიძემ (61 კგ), გახსნა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენი გუნდისთვის…. ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს პრიზიორს ერთი ნაბიჯი და ცოტა გამართლება დააკლდა ბრინჯაოს პრიზიორობამდე, თუმცა მაინც მოახერხა და საომრად განაწყო ბიჭები…

პირველ ოქროს (ატაცში) და ბრინჯაოს (ორჭიდში) რევაზ დავითაძემ (89 კგ) მოუყარა თავი.

21 წლის ბიჭმა იმდენი შეძლო, რომ დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე, ზედიზედ მეორედ მოიპოვა ორჭიდის ბრინჯაოს მედალი….

არ მივულოცე…

არც ფოტო გადავიღე…

არც გუნდთან ერთად გადავიღე… გავჯიქდი…

შევჯექი ვირზე (ხისთავიანს ხშირად მეძახის ასანიძე)…

ბევრმა მკითხა, რატომ არ გადაიღე რეზისთან ერთად ფოტოო?!

აი, პასუხიც…

მე მისგან ველოდი საქართველოს ჰიმნს და მას ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ აეჟღერებინა ქართული ჰიმნი… ჯანმრთელადაც იყო, იდეალურ ფორმაშიც იყო… კი, ლაშამ “გამლანძღა” – “ბავშვს” ნუ ეჩხუბებიო… მაგრამ ცოტათი დღესაც ვბრაზობ, როცა შეჯირბის მომენტებს ვიხსენებ..

გავებუტე…

დოპინგკონტროლის შემდეგ მოვედი ნომერში, დავჯექი და ის ღამე მე და კაპიტანმა გავლიეთ საუბარში, რეზის გამოსვლის განხილვასა და ჩემი ცრემლების წმენდაში.

დიახ “ვბღაოდი”, როცა მახსენდებოდა, როგორ “აწაპნეს” ჩემს რეზის ოქროს მედალი და ჩემივე ეგოისტური ხასიათის გამო, იმ მომენტში რეზისაც ვაწყენინე, ალბათ მის ოჯახსაც, რომელსაც ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. მე მჯეროდა რეზის და დღესაც მჯერა!.. მჯერა, რომ ეს ბიჭი ბევრს შეძლებს… ბევრჯერ ააჟღერებს ჰიმნს და ცამდე ასწევს საქართველოს დროშას…

გილოცავ რეზი, მაპატიე იმ საღამოსთვის… ბოდიში შენს დედიკოს და ოჯახის წევრებს, იმდენად გულში ხარ, ყოველთვის მაქსიმუმს მოვითხოვ შენგან… ოქროები… ოქრო ხარ და გმართებს…

ანტონ პლესნოიმ (96 კგ) კვლავ გაგვაოცა… ველოდით მის წარმატებას, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ და შენს წინააღმდეგ იბრძვიან მსოფლიოს ჩემპიონები… რეკორდსმენები… ოლიმპიური ჩემპიონები, ძნელია არ დაიკარგო შეჯიბრისას… არ დაიკარგა… ის კი არა, იქით დაუკარგა ბრძოლის ხალისი მედლების მოსაპოვებლად ჩამოსულ გიგანტებს.

მე, როგორც ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი, თამამდ ვანიჭებ მას “ყველაზე პატიოსანი” სპორტსმენის “ტიტულს”.

სულ რეჟიმშია… სულ ბოლო წვეთი ოფლის გამოსვლამდე ვარჯიშობს… შედეგიც შესაბამისი აქვს… ოქრო (ატაცი) და ბრინჯაო (ორჭიდი) ახალგაზრდა ბიჭს უფროსების მსოფლიოდან.

იწელება ხოლმე შეჯიბრი ბოლო დღემდე… თუმცა, როცა ლაშაა გამოსასვლელი, ყველანი დამუხტულები ვართ… ენერგია არ გველევა… ლაშასაც ვჭირდებით. მერე რა, რომ ლაშაა ტალახაძე… თქვენ შეიძლება არ იცნობთ.. აი მე კი ვიცნობ… მორწმუნე რომ არის, იცით… თუმცა ყველა ნიუანსს აქცევს ყურადღებას შეჯიბრისას… მაგალითად ჩემი მაისური, რომელიც დღეს ტრადიციულად მეცვა, მხოლოდ მის გამოსვლაზე მაცვია… თვითონვე მირეკავს საქართველოდან წამოსვლამდე და მაისური არ დაგრჩესო, მახსენებს….

მეც ყველაფერში წარბშეუხრელად ვეთანხმები. აბა როგორ?!. კაცი ამდენ რეკორდს ხსნის და მე ტანსაცმელიც არ ჩავიცვა მის შეჯიბრზე მისივე გემოვნებით?!. ასე რომ დღეს, ლაშასთან ერთად, მე და ჩემმა მაისურმაც “დავიცავით ტიტული” …

მაჯა აწუხებდა…

ბევრი ვუმკურნალეთ…

ყველაფერი მოვიმოქმედეთ… მაგრამ ძნელია მოარჩინო ძალოსნის მაჯა, როცა შეჯიბრამდე 2 ან 3 კვირაა დარჩენილი… არ გვაძლევს დატვირთვა ამის შესაძლებლობას და ორიენტირსაც იქით მივმართავ ხოლმე, რომ ტკივილთან ერთად შევუნარჩუნო სპორტსმენს მაქსიმალური ფორმა …

მოვიდა “ნანატრი” 27 სექტემბერი. დღე ჯვართამაღლების და დღე – სოხუმის დაცემის… დღე ლაშა ტალახაძის გამოსვლისა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მას ზედიზედ მესამედ მოუწია, დაეცვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ზედიზედ მეოთხედ მიეთვალა 3 ოქროს მედალი, თავისივე რეკორდებით….

ვერ შეხვდა შეჯიბრს ხასიათზე…

არ მომეწონა გასახურებელში. თითქოს იქ იყო და თან არ იყო… ვერც ვამხნევებ ხოლმე, როგორც სხვას… ძნელია გამამხნევებელი სიტყვა უთხრა ყველაფრის ამწევ კაცს… უნდა არჩიო სიტყვები და რამე სასწაული მოიფიქრო, რომ მოარტყა მიზანს და “შენი წილი შტანგა” ააწევინო. ამჯერადაც გაამართლა იმედი.. გამოცოცხლდა… 208 აიტაცა, 215 ზედ მიაყოლა, 220 კილოიანი შტანგა როცა დააგდო, მსოფლიო რეკორდმითვლილმა “ტრადიციულად” “მისაყვედურა” – “მსუბუქია ეს ოხერი, ვერ ვიგებ სად გარბისო”… 220-კილოგრამიან შტანგაზე მეუბნება… რა ვუყო?! ჩავიქნიე ხელი და შევუდექი აკვრაზე ფიქრს…

ლაშაც შეუგა მეორე მოძრაობაზე გახურებას… 247 კგ აკრა ოლიმპიური სიმშვიდით, გამოვიდა და “261 კგ-ზე გამიშვი და დავამთავროთ მეორე მისვლითო” … მაგრამ ასანიძე რის ასანიძეა, თუ საფრთხის ქვეშ დააყენებდა აკვრის ოქროს?! “ტალახაძე რომ ხარ, არ დაგავიწყდესო” – ანიშნა, ყველაფერი იქნება თავის დროზე, ოღონდ, ცოტა მოითმინეო… 255 კილოგრამის შემდეგ მოვიდა და “დროა და გვმართებს, ჩვენი ასაწევი ავწიოთო”… რამდენიმე წამში 264 კგ “გაფრინდა ცაში” და დაფიქსირდა ახალი მსოფლიოს რეკორდი!..

ვის ახსოვდა მაჯა და ტკივილი?!.

კვარლცხბეკიდან ჩამოვიდა თუ არა, ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დიდი მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს, მიულოცა ჯვართამაღლება და დღევანდელი გამოსვლა მიუძღვა ქვეყნის ერთიანობას შეწირულ გმირებს!..

ეს ლაშა ტალახაძეა!..

ზედიზედ 4-გზის ევროპის და 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი…

ისტორია ჯერ არ დასრულებულა, ასაწევი ჯერ კიდევ ბევრია..

დიდი მადლობა ყველა ახალგაზრდა სპორტსმენს (გოდერძი ბერდელიძე, გოგა ჩხეიძე, კახი ასანიძე, არჩილ მალაყმაძე, ირაკლი ჩხეიძე, გიორგი ჩხეიძე), ეს ბიჭები უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და ქულები მოგვცეს გუნდურში… მათ ოქტომბერში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ….

და რაც მთავარია, მადლობა გულშემატკივარს… თქვენი როლი გადამწყვეტია ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში.

მადლობა!

წყარო: lelo.ge

SHARE