წყალბურთი. საქართველომ ხორვატიას მოუგო და მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს!

353

ბულგარულ ბურგასში 15-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა წყალბურთის ქომაგებსა და სპეციალისტებს სიურპრიზი შესთავაზა – მეხუთე-მერვე ადგილებისთვის პაექრობაში ხორვატ თანატოლებს მინიმალური ანგარიშით აჯობა.

საქართველო-ხორვატია  11:10 (2:1, 2:2, 2:2, 1:2, 4:3)
საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (2), მიქაუტაძე, ბაგაშვილი, გელაშვილი, ს. ტყეშელაშვილი, ახვლედიანი (3), ვასაძე (1), გორგოძე, კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (2), ცოტაძე (2), ნ. ტყეშელაშვილი.
ხორვატია: კუბრანიჩი, ბუდიშა, რადანი, სტოიანაჩი (2), ომრსენი (1), ტიოზო, მოზარა (1), ჩიჩერო (1), კალე (4), კოლაკი, ტოლია (1), მინალიევიჩი, მარტინოვიჩი.

ამ წყვილში უდავო ფავორიტად ხორვატებს მიიჩნევდნენ, მით უფრო, მეოთხედფინალში მონტენეგროსთან მარცხისთვის ყველას ეგონა, რომ ხორვატები ჯავრს ქართველებზე იყრიდნენ, მაგრამ უკვე მეოთხედფინალში გასვლით გელა ტუკვაძის შეგირდებმა მეტოქეებს აჩვენებს, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვყავს და უბრძოლველად არავის არაფერს დაუთმობენ. ორი დღის წინათ საბერძნეთის ნაკრებიც ბოლო რვაწუთიან მონაკვეთში გადაურჩა ჩვენებთან წაგებას.

ხორვატებთან შეხვედრის პირველივე წუთზე ანგარიში ცოტაძემ გახსნა. მერე თითქმის ხუთი წუთის განმავლობაში ვერც ერთმა მხარემ იერიშების დაგვირგვინება ვერ შეძლო. პერიოდის ბოლომდე 2.5 წუთით ადრე კალემ წონასწორობა აღადგინა. 20-ოდე წამში კოზაშვილმა ისევ წინ გაიყვანა თანაგუნდელები.

მეორე და მესამე რვაწუთიანი მონაკვეთები თანაბარ ბრძოლაში გაილია. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან – მეორე. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ქართველები ერთი ბურთით იგებდნენ – 7:6, მაგრამ ძირითად დროში მარცხისგან ხორვატები მოზარამ იხსნა – 7:7.

დაინიშნა პენალტები, რომლებიც ქართველებმა უფრო ზუსტად შეასრულეს და 4:3 გაიმარჯვეს. ჩვენი წყალბურთელები კვირას მე-5 ადგილისთვის ურთიერთობას გაარკვევენ სერბებთან, რომლებმაც ესპანეთს 12:5 სძლიეს.

წყარო: lelo.ge

SHARE