ჯაბა კანკავას აღიარება! 299 ქულა და…

308

ჯაბა კანკავა სანაკრებო მატჩებისთვის არასოდეს სჭირდება დამატებითი მოტივაცია, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე გაემგზავრებოდა შეკრებაზე – კოსტანაის “ტობოლის” ქართველი ლიდერი ყაზახეთის პრემიერლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.

ტურის 11 რჩეული იქაურმა პროფლიგამ შეადგინა მისივე პარტნიორის, “ინსტატ ინდექსის” სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე. სიმბოლური ნაკრების დაკომპლექტებისას, გათვალისწინებულ იქნა არა მხოლოდ მოთამაშეთა ქმედებების ზოგადი ინდექსი, არამედ, მათი ძირითადი პოზიციებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სპეციფიკური მაჩვენებლებიც.

ყაზახეთის პროფლიგის ოფიციალური გვერდი ხსნის, თუ რატომ დასახელდა “ტობოლის” ქართველი ნახევარმცველი სიმბოლურ ნაკრებში:

“ჯაბა კანკავას დამსახურებით, აქტობესთან” დაპირისპირებისას ტობოლის” ცენტრალური ხაზი ყველაზე მშვიდად და საიმედოდ გამოიყრებოდა. კანკავა თამამად ერთვებოდა ორთაბრძოლაში და გუნდის შეტევებს  იწყებდა. ქართველი საყრდენის ანგარიშზე 6 ართმევა, 10 ჩაჭრა, 11 შეტევის შეჩერება და 5-დან 5 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლაა.

მან ასევე გასცა 106 პასი, რომელთა საერთო სიზუსტე 95 პროცენტი იყო, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. კანკავას მოქმედებების ინდექსი 299 ქულაა“, – ვკითხულობთ ყაზახეთის პროფლიგის ოფიციალურ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მოქმედების ინდექსით მიღებული ქულების მიხედვით, კანკავამ ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. “ტობოლის” ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ყაზახეთის პროფლიგამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში 4-ჯერ დაასახელა.

წყარო: lelo.ge

SHARE