ჰეინსიდან ბოლტამდე: ყველა ის რეკორდსმენი, რომელიც 100 მეტრის გარბენას 10 წამზე ნაკლებ დროში ახერხებდნენ

444

წელს, ყატარში მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება. ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ეს პირველი დიდი ტურნირია, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს ლეგენდარული უსაინ ბოლტი – რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარიერა დაასრულა.

მსოფლიოს რეკორდი 100 მეტრზე რბენაში სწორედ იამაიკელს ეკუთვნის – 9.58 წამი, რომელიც 2009 წლის 16 აგვისტოს ბერლინშია დამყარებული. თუმცა, თავისი პირველი რეკორდი ბოლტმა 2008 წლის 31 მაისში, ნიუ-იორკში დაამყარა – მისი დრო იყო 9.72.

დღეს გავიხსენებთ ბოლტამდე ყველა იმ რეკორდსმენს, რომელიც 100 მეტრის გარბენისას 10 წამიდან გამოდიოდა.

ჯიმ ჰეინსი (აშშ)
მსოფლიო რეკორდი: 9.95
მოქმედების ადგილი: მეხიკო (მექსიკა), 1968 წლის 14 ოქტომბერი

რა პირობებში: ოლიმპიურ თამაშებზე. ყოფილმა ბეისბოლისტმა პირველმა გადალახა ათწამიანი ზღვარი. მეხიკოს თამაშებზე, მისი რეკორდი მეათასედი წამის სიზუსტით ელექტრონულმა წამზომმა დააფიქსირა. მანამდე, შედეგებს ხელის წამზომით ზომავდნენ. ამიტომაც საკრამენტოში, აშშ-ის ჩემპიონატზე ჰაინსის მიერ ნაჩვენები 9.90 წამი რეკორდად ოფიციალურად არ უღიარებიათ.

კელვინ სმიტი (აშშ)
მსოფლიო რეკორდი: 9.93
მოქმედების ადგილი: კოლორადო-სპრინგსი (აშშ), 1983 წლის 3 ივლისი

რა პირობებში: საერთაშორისო ტურნირზე. სმიტი ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულია, მაგრამ მისი სახელი რატომღაც დავიწყებას მიეცა. არადა, ტიტულების რაოდენობით, ის თუნდაც ასაფა პაუელს ბევრად აღემატება. სწორედ კელვინმა, 15 წლის შემდეგ, საკუთარ კედლებში შეძლო ლეგენდარული ჰეინსის რეკორდის გაუმჯობესება.

სმიტმა ყველაზე დასანანი მარცხი სეულის ოლიმპიადაზე იწვნია, როცა ავანსცენაზე სხვა სპრინტერები გამოვიდნენ: კარლ ლუისი, ბენ ჯონსონი და ლინფორდ კრისტი.

კარლ ლუისი (აშშ)
მსოფლიო რეკორდი: 9.86
მოქმედების ადგილი: ტოკიო (იაპონია), 1991 წლის 25 აგვისტო

რა პირობებში: მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს იყო დიადი სპრინტის ეპოქა. მედლებისთვის ნამდვილი ბრძოლა ჯერ კიდევ სეულის ოლიმპიადაზე დაიწყო, როცა ბენ ჯონსონმა ფენომენალური შედეგი დააფიქსირა (9.79), მაგრამ კანადელს დოპინგის მიღება დაუმტკიცეს და მისი წამები დავიწყებას მიეცა.
სანამ ჯონსონი სასამართლოსთან დააობდა, სპრინტში ლუისი გამეფდა და მისი გამარჯვებების სერია 1991 წელს, კიდევ ერთი ბრწყინვალე რეკორდით დასრულდა – 9.86.

ლეროი ბარელი (აშშ)
მსოფლიო რეკორდი: 9.85
მოქმედების ადგილი: ლოზანა (შვეიცარია), 1994 წლის 6 ივლისი

რა პირობებში: საერთაშორისო ტურნირზე. ლუისის კიდევ ერთმა კონკურენტმა, ლეროი ბარელმა კარიერის ბოლოს შეძლო ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის ჩემპიონის დამარცხება. მათი მეტოქეობა 1991 წლის ივნისში დაიწყო: ნიუ-იორკის ტურნირზე ბარელმა 9.90 წამი დააფიქსირა (იმ ცნობილი გარბენის დროს, ერთბაშად ექვსმა (!) სპრინტერმა მოახერხა 10 წამზე ნაკლები დროის ჩვენება). მაგრამ ორი თვის შემდეგ, ლუისმა თავისი ცნობილი 9.86 დააფიქსირა (ლეროიმ სულ რაღაც ორი მეასედი წააგო!).

და მაინც, ბოლო სიტყვა ბარელმა თქვა, რომელმაც კარიერა ისე დაასრულა, ოლიმპიადებზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ინდივიდუალური ოქროს მედალი არ მოუგია.

დონოვან ბეილი (კანადა)
მსოფლიო რეკორდი: 9.84
მოქმედების ადგილი: ატლანტა (აშშ), 1996 წლის 27 ივლისი

რა პირობებში: ეს იყო კანადაში გადაბარგებული იამაიკელის კარიერის მწვერვალი: მსოფლიოს რეკორდი და სენსაციური გამარჯვება ესტაფეტაში. ერთი წლის შემდეგ, ათენის მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მეასედი წააგო მორის გრინთან და დროულად წავიდა სპორტიდან.

მორის გრინი (აშშ)
მსოფლიო რეკორდი: 9.79

მოქმედების ადგილი: ათენი (საბერძნეთი), 1999 წლის 16 ივნისი

რა პირობებში: საერთაშორისო ტურნირზე. გრინმა ბენ ჯონსონის ანულირებული რეკორდი გაიმეორა. ორი თვის შემდეგ, 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მორიგი სასწაული მოახდინა (9.80). კარიერა კი, 2004 წელს დაასრულა, როცა ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოპოვა.
გრინის კარიერისა ბევრს შეშურდებოდა: ოთხი ოლიმპიური მედალი (ორი ოქროსი), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონობა. ალბათ, კარლ ლუისის შემდეგ, ასეთი წარმატებული არც ერთი სპრინტერი არ ყოფილა. სანამ ბოლტი გამოჩნდებოდა.

ტიმ მონტგომერი (აშშ)
მსოფლიო რეკორდი: 9.78
მოქმედების ადგილი: პარიზი (საფრანგეთი), 2002 წლის 14 სექტემბერი

რა პირობებში: საერთაშორისო ტურნირზე. ტიმ მონტგომერი ერთადერთი იყო, ვისაც გრინისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო, მაგრამ დოპინგ-სკანდალებში გაეხვია. მისი ცნობილი რეკორდი მაშინვე დაივიწყეს. ამერიკის ანტი-სადოპინგო სააგენტოს თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ მონტგომერი აკრძალული პრეპარატებით ვაჭრობდა და ამ გზით, ჯამში 1.7 მილიონი დოლარი იშოვნა. საინტერესოა, რომ სპრინტერის არც ერთ დოპინგ-ტესტს დადებითი შედეგი არ უჩვენებია.

2008 წლის მაისში, მონტგომერი სხვადასხვა მაქინაციისთვის (მათ შორის, ჰეროინით ვაჭრობისთვის) ოთხი წლით ჩასვეს ციხეში. „ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა. მწვერვალზე ვიყავი. ოქროს მედლები, ფანების ღიმილი… დღეს ეს ყველაფერი სხვა სამყაროს ნაწილია. ციხეში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა სასამართლოს შემდეგ მძლეოსანმა.

ჯასტინ გეტლინი (აშშ)
მსოფლიო რეკორდი: 9.77 (გაიმეორა ასაფა პაუელის რეკორდი)
მოქმედების ადგილი: დოჰა (კატარი), 2006 წლის 12 მაისი

რა პირობებში: საერთაშორისო ტურნირზე. გეტლინმა იმ საღამოს 9.76 აჩვენა, მაგრამ ხუთი დღის შემდეგ, IAAF-მა ამ შედეგს ერთი მეასედი წაუმატა და ამერიკელი პაუელის რეკორდის გამეორებას დასჯერდა. საქმე ისაა, რომ ელექტროწამზომმა 9.766 დააფიქსირა და საერთაშორისო წესების თანხმად, დრო მათემატიკური წესით მრგვალდება ხოლმე.

გეტლინის კარიერა დოპინგის გამო გაიფუჭა. მას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ როგორც სპრინტერი ირწმუნება, მან არა დოპინგი, არამედ სამკურნალო პრეპარატები მიიღო.

ასაფა პაუელი (იამაიკა)
მსოფლიო რეკორდი: 9.74
მოქმედების ადგილი: რიეტი (იტალია), 2007 წლის 9 სექტემბერი

რა პირობებში: საერთაშორისო ტურნირზე. პაუელმა, რომელიც 17 წლამდე ფეხბურთს თამაშობდა და სირბილზე საერთოდ არ ფიქრობდა, 2005 წელს ფანტასტიკური მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9.77). ის ერთი წლით ადრე, ათენის ოლიმპიურ თამაშებზეც ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლო. საერთოდაც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, იამაიკელს სერიოზული მეტოქეების კომპლექსი აწუხებდა და დიდ ტურნირებზე ყოველთვის ჩავარდნა ჰქონდა. სამაგიეროდ, ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებდა მაშინ, თუ გვერდით სერიოზული კონკურენტები არ ჰყავდა.

უსეინ ბოლტი (იამაიკა)
მსოფლიო რეკორდი: 9.72
მოქმედების ადგილი: ნიუ-იორკი (აშშ), 2008 წლის 31 მაისი

რა პირობებში: საერთაშორისო ტურნირზე. იამაიკელმა იუნიორმა პირველად 3 მაისს, მშობლიურ კინგსტონში გაისროლა და იმ მომენტისთვის მძლეოსნობის ისტორიაში მეორე შედეგი აჩვენა – 9.76. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 21 წლის სპრინტერს მანამდე არასოდეს გაერბინა 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებ დროში. და საერთოდაც, ის უფრო 200 მეტრს დისტანციაზე სპეციალიზდებოდა.

წყარო: lelo.ge

SHARE